Accessibility links

ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე საქართველოს ეცნობა


ივნისის თვეში დაგეგმილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოში თვალშისაცემად იმატა ჩრდილოატლანტური ალიანსისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დელეგაციების ვიზიტებმა.

მეორე დღეა საქართველოში იმყოფება და ქვეყნის სამხედრო ძალების მშენებლობის პროცესს ეცნობა გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ინსპექციის უფროსი, გენერალი ჰარალდ კუიატი. საქართველოს სამხედრო წრეებში ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან გენერალი კუიატი სულ მალე ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გენერალი კუიატი საქართველოში ავღანეთიდან 24 აპრილს ჩამოფრინდა. ბუნდესვერის უმაღლეს სამხედრო მოხელესა და ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, რომელიც ამ პოსტზე სულ მალე იტალიელ გენერალ გვიდო ვენტურონის შეცვლის, საქართველოში დიდი პატივით დახვდნენ. გენერალი კუაიტი ჯერ თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა, მოგვიანებით კი ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო. ხუთშაბათსვე სტუმარმა ეროვნული თავდაცვის აკადემია და კოჯრის სწრაფი რეაგირების ძალების ქვედანაყოფი დაათვალიერა.

საქართველოს ლიდერთან შეხვედრის შემდეგ რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალმა კუიატმა ვიზიტის მიზანი ასე განმარტა:
[ჰარალდ კუიატის ხმა] "ეს გახლავთ საქართველოში ჩემი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დიდ ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. საქართველოში ჩემი ჩამოსვლა არ უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს. ვიზიტის მთავარ მიზანს ჩემი ქართველი კოლეგების მონახულება და სამხედრო თანამშრომლობის საკითხების განხილვა წარმოადგენს."

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა, რომელსაც საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის ჯერ კიდევ 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად ფართოვდება. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ხვიჩა გუჯეჯიანის განცხადებით, ბუნდესვერი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ლოგისტიკისა და სამხედრო-ტექნიკური დახმარების სფეროში. სახელდობრ, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალებს, დახმარების სახით, 120 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, რადიოსადგურები და დიდი რაოდენობით მშრალი საკვები გადაეცათ.
ხოლო გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროგრამებმა გერმანიის სამხედრო სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობა 240 ქართველ ოფიცერს მისცა.
[ხვიჩა გუჯეჯიანის ხმა] "ასევე მნიშვნელოვანია განათლების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს მრჩევლის ჩამოსვლას. მრჩეველი ჩამოვა საქართველოში. მრჩეველი ჩამოვა ერთი წლის განმავლობაში და დაგვეხმარება გორის სასწავლო ცენტრში უნტერ-ოფიცრებისა და სერჟანტების, ანუ უმცროსი მეთაურის, ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში."[სტილი დაცულია]

საქართველოს სამხედრო წრეებში დარწმუნებულნი არიან, რომ, საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, ბუნდესვერის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის ვიზიტი საქართველო-ნატოს ურთიერთობის თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, გენერალმა კუიატმა, რომელიც ივნისის თვეში ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, საქართველოში ვიზიტის დროს გამოთქვა მზადყოფნა ყოველმხივ შეუწყოს ხელი საქართველოს სამხედრო სისტემის ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესს.
XS
SM
MD
LG