Accessibility links

logo-print

რა შედეგს მოიტანს სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ჩასვლა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 25 აპრილს სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ჩასვლა ოპტიმისტებმა აფხაზეთის კონფლიქტის ჩიხში შესული მოლაპარაკების განახლების წინაპირობად აღიქვეს.

რამდენად შეძლებს ავთანდილ ჯორბენაძე აფხაზური მხარის დარწმუნებას ოფიციალური თბილისის სამშვიდობო კურსში, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეების ყოველი შეხვედრა ბარიერს უქმნის ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და ესკალაციას.

სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის სოხუმში გამგზავრება პრეზიდენტ შევარდნაძისა და სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ანრი ჯერგენიას სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილისა და საგანგებო დავალებათა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის თანხლებით, სოხუმში გაემგზავრა. გადაცემის მომზადების დროისთვის მხოლოდ საინფორმაციო სააგენტო "აფხაზ-პრესის" ინფორმაციის მოპოვება იყო შესაძლებელი. აფხაზური წყაროებით, მხარეებმა გამოხატეს შეშფოთება კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა ფეთქებადსაშიში ვითარების განსამუხტად. სხვა საკითხია, რომ თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებს განმუხტვის გზები განსხვავებულად წარმოუდგენიათ. სოხუმის წარმომადგენლები ისევ ეჭვქვეშ აყენებენ ქართული მხარის მტკიცებას კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ნაწილების გამოყვანის თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა აფხაზურ მხარეს წარუდგინა სია კოდორის ხეობის მაცხოვრებლებისა, რომლებიც, ამავდროულად, შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობენ. ადგილობრივ მცხოვრებთა გარდა, კოდორის ხეობაში იმყოფება 200 მესაზღვრე. საპასუხოდ, ქართულმა მხარემ მოითხოვა იმ შეიარაღებულ ძალთა რაოდენობის დაკონკრეტება, ხეობის ქვედა წელში რომ არიან განლაგებულნი.
შეხვედრა სოხუმში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა ჟურნალისტებს, ქართული მხარე არ იზიარებს იმ კონკრეტულ წინადადებებს, რომელთაც სოხუმის წარმომადგენლები აყენებენ სიტუაციის განსამუხტად. მართალია, მან არ დაასახელა, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია სოხუმს ვითარების განმუხტვის გზები, მაგრამ, სოხუმიდან მოსული ინფორმაციით, იგულისხმება კოდორის ხეობაში ისეთივე გამყოფი ხაზის შექმნა, როგორიც გალის რაიონში, რამდენიმე წელია, არსებობს. ასეთ წინადადებაზე ქართული მხარის პროტესტი ბუნებრივად გამოიყურება, რამდენადაც, გალის რაიონში რუს მშვიდობისმყოფელთა ყოფნის მიუხედავად, გალში დაბრუნებული ქართული მოსახლეობა არაერთხელ დარჩა ძალადობისგან დაუცველი.
სახელმწიფო მინისტრის სოხუმში ვიზიტის შედეგების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია დელეგაციის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG