Accessibility links

logo-print

კასპიის სამიტი აშხაბადში უშედეგოდ დამთავრდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში უშედეგოდ დამთავრდა ხუთი კასპიისზღვისპირა ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომლის მიზანი იყო შეთანხმების მიღწევა ზღვის რესურსების დანაწილების თაობაზე.



როგორც სამიტის მასპინძელმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა განაცხადა, შეხვედრის მონაწილეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების გაფორმება კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსის შესახებ. მისივე თქმით, სამიტის ყველა მონაწილე ქვეყანამ დადო პირობა, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ძალას არ გამოიყენებს.

კასპიის ზღვა მსოფლიოში სიდიდით მესამე ნავთობსაბადოა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი განაწილების თაობაზე ვერ მორიგებულა ხუთი ზღვისპირა სახელმწიფო - ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი. ეს კი ხელს უშლის კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების გამოყენებას. ყველაზე საკამათოა ზღვის ფსკერის - სწორედ იქაა ნავთობი - სამართლიანად განაწილების საკითხი.

ირანი, რომლის სანაპირო ზოლი ყველაზე მოკლეა, ფსკერის 20 პროცენტზე აცხადებს პრეტენზიას. რუსეთი, რომელსაც ყაზახეთი და აზერბაიჯანი უჭერენ მხარს, თვლის, რომ ირანს დაახლოებით 13 პროცენტი ერგება.

გასულ კვირაში ირანის პრეზიდენტის მოჰამად ხათამის წარმომადგენელმა კასპიის ზღვის საკითხებში მეჰდი საფარიმ განაცხადა, რომ ირანი წინააღმდეგია ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმებისა კასპიის ზღვის პერიმეტრის განაწილების თაობაზე. ეს სიტყვები აშკარად გულისხმობდა რუსეთს, რომელმაც უკვე გააფორმა ცალ-ცალკე ხელშეკრულებები ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან.

ცალკე გამართულ ბრიფინგზე ნიაზოვმა წამოაყენა წინადადება, რომ თითოეულ სახელმწიფოს თავისი საზღვრის გასწვრივ მიეცეს 15 საზღვაო მილის სიგანის ზოლი, ხოლო თევზაობისა და სხვა სახის რეწვის უფლება 25 მილის ზოლში ჰქონდეს.

თურქმენეთის პრეზიდენტის თქმით, საზღვრების საკითხის მოუგვარებლობა უკანონო თევზაობას იწვევს. ნიაზოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის ნაპირთან შემჩნეულია 300-350 პატარა თუ დიდი სათევზაო გემი. "კაციშვილმა არ იცის, სად გადის საზღვარიო," თქვა მან.

ნიაზოვმა, აგრეთვე წამოაყენა წინადადება საგანგებო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელშიც სახელმწიფოთა მეთაურები შევლენ. საბჭო შეიკრიბება წელიწადში ერთხელ და პრეზიდენტები მას მორიგეობით გაუძღვებიან.

კასპიის ზღვის თაობაზე ამჟამად არსებობს მხოლოდ 1921 და 1940 წლების ხელშეკრულებები საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის. ეს დოკუმენტები მხარეებს ზღვისა და მისი რესურსების 50-50 პროცენტს აკუთვნებს.
XS
SM
MD
LG