Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს5 25 აპრილს, საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნდა საინტერესო ინფორმაცია 16 აპრილს მომხდარი კურიოზული შემთხვევის შესახებ, რომელიც საქართველოს ეხება.

საინტერნეტო გამოცემის ავტორები საქართველოს ინგლისურენოვან გაზეთ ”ჯორჯიან ტაიმსში” დაბეჭდილ სტატიას ეყრდნობიან.
როგორც ”ჯორჯიან ტაიმსი” იტყობინება, 16 აპრილს, დილით, სტამბოლ-თბილისის რეისით საქართველოში ასამდე სამხედრო მოსამსახურე ჩაფრინდა. საერთო ვითარების ფონზე გაზეთის კორესპონდენტებმა დაასკვნეს, რომ ეს სამხედროები ამერიკელები უნდა ყოფილიყვნენ.

იმავე დღეს ინციდენტი მოხდა ლონდონის ”ჰითროუს” აეროპორტში. ავიაკომპანია ”ბრიტიშ ერუეისის” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ლონდონიდან თბილისში უნდა ჩაეყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია და შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები, აფრენიდან 14 წუთის შემდეგ იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. აეროპორტის მესვეურებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავში უბილეთო მგზავრი იპოვეს. პოლიციის ცნობით, უბილეთო მგზავრი ბორბლების ნაკვეთურში იყო დამალული.

როგორც ”ჯორჯიან ტაიმსის” კორესპონდენტისათვის გახდა ცნობილი, თვითმფრინავის გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთ-ერთ მგზავრს, რუს მამაკაცს, რომელსაც ბიზნეს-კლასში ჰქონდა ბილეთი, არ მისცეს გამგზავრების უფლება და თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ არც აეროპორტის ადმინისტრაციას, არც პოლიციას და არც ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებას. ”ჯორჯიან ტაიმსი” ვარაუდობს, რომ ეს ინციდენტი უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა მგზავრობასთან. გაზეთს ხელთ აქვს ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო უწყების ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ეს ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა იყო.

საგულისხმოა, რომ იმავე დღეს, როცა ”ჰითროუს” აეროპორტში ეს ინციდენტი მოხდა, საეჭვო მგზავრები ნახეს თბილისის აეროპორტში. 16 აპრილს, დილით, სტამბოლიდან თბილისში ასამდე ჯარისკაცი ჩაფრინდა. ”ისინი ახალგაზრდები იყვნენ. ხმას არ იღებდნენ, რაც საეჭვოდ მომეჩვენა” – იხსენებს იმავე რეისით თბილისში ჩასული ერთ-ერთი მგზავრი. იგი გაოცებული დარჩენილა ამდენი მგზავრის ნახვით, ვინაიდან სტამბოლიდან თბილისში მიმავალ თვითმფრინავში მგზავრების რაოდენობა, ჩვეულებისამებრ, ოცს არ აღემატება.

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ამ ასკაციანი დელეგაციის ვინაობის გასარკვევად ”ჯორჯიან ტაიმსის” კორესპონდენტი დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც უთხრეს, რომ ამ დელეგაციის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მოეპოვებათ. ასთივე პასუხი მიიღო კორესპონდენტმა პარლამენტარ გიორგი ბარამიძისგანაც.

რა იცით თბილისში ახალგაზრდა ჯარისკაცების ჩამოსვლის შესახებო – ჰკითხა ”ჯორჯიან ტაიმსის” კორესპონდენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო, ხელმძღვანელი თანამდებობა აღარ მიკავია და ჩემი კომენტარი საინტერესო არ იქნებაო. ”მაინც ხომ არ გვეტყოდით ორიოდ სიტყვას?” – კვლავ ჰკითხა ჟურნალისტმა, რაზეც თარგამაძემ უპასუხა: ”ყველაფერს მოგახსენებთ უახლოეს მომავალში და ყველა დაინახავს, როგორ დამთავრდება ეს...”

XS
SM
MD
LG