Accessibility links

logo-print

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი საიდუმლო ინფორმაციის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა 24 აპრილს ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი საიდუმლო ინფორმაციის შესახებ, რომლის ძალითაც მოსახლეობა ვეღარ გაეცნობა იმ პიროვნებათა დოსიეებს,

რომლებიც კომუნისტური მმართველობის პერიოდში უშიშროების უწყებაში მსახურობდნენ.

ახალი კანონის თანახმად, ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის თავდაცვასა და უშიშროებასთან, აგრეთვე, სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული, 30 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული უნდა დარჩეს. ხსენებული ინფორმაცია ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის. ბულგარეთის ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიამ აუცილებლად მიიჩნია კანონის მიღება ”სახელმწიფო საიდუმლოებათა” შესახებ. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაცაა ნატოში ბულგარეთის გასაწევრიანებლად.

მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებამ, ”სახელმწიფო საიდუმლოებათა” კატეგორიას მიაკუთვნოს კომუნისტური მმართველობის პერიოდში მოქმედი ყოვლისშემძლე სახელმწიფო უშიშროების აგენტთა დოსიეებიც, მძაფრი პროტესტი გამოიწვია მთავარი ოპოზიციური პარტიის, დემოკრატიულ ძალთა მემარჯვენე-ცენტრისტული კავშირის მხრიდან. უწინდელი კანონის თანახმად, კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი იყო მათი პირადი დოსიეები. ხდებოდა იმის შემოწმებაც, ხომ არ მსახურობდნენ ან თანამშრომლობდნენ საიდუმლო პოლიციასთან ხელმძღვანელ თანამდებობებათა დაკავების კანდიდატები.

ბულგარეთის ყოფილმა მმართველმა პარტიამ, დემოკრატიულ ძალთა კავშირმა, რომელიც შარშან ბულგარეთის ყოფილი მეფის სიმეონ მეორის ”ეროვნული მოძრაობის” პარტიამ შეცვალა მთავრობაში, უკვე მიმართა პრეზიდენტს მოწოდებით, ვეტო დაადოს ახალ კანონპროექტს.

1990 წლიდან მოყოლებული, როცა კომუნისტთა სახელგადარქმეულმა სოციალისტურმა მთავრობამ წამოაყენა წინადადება, გაენადგურებინათ ძველი დოსიეები, რათა ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული, ბულგარეთის პოლიტიკურ წრეებში არ წყდება პოლემიკა ყოფილი აგენტების გამოაშკარავების თაობაზე. ანტიკომუნისტური ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ წარსულის არასასიამოვნო ფურცლის გადაშლამდე ბულგარელმა ხალხმა ჯერ უნდა წაიკითხოს იგი. ჯერ სოციალისტებმა, ხოლო შემდეგ მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ ამ საკამათო საკითხის მოგვარება ივალდებულეს, თუმცა დაპირება დაპირებადვე დარჩა. სიმეონ მეორის პარტია აცხადებს, რომ ყოფილი აგენტების დოსიეების განადგურება აუცილებელია იმისთვის, რათა ქვეყანამ ”წარსულში მიყენებული ჭრილობები მოიშუშოს”.

აი, რა თქვა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში დემოკრატიულ ძალთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ევგენი დიმიტროვმა: [ევგენი დიმიტროვის ხმა] ”ახალი კანონი შეუძლებელს გახდის, ჯერ ერთი, იმის დადგენას, თუ ვინ მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ყოფილ უწყებაში. ჩვენ ვეღარასოდეს შევიტყობთ, ვინ გაძარცვა ბულგარეთი, ვინ მოიყვანა ქვეყანა მთელი ამ წლების მანძილზე დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე, ვინ დატოვა უმუშევრად მილიონობით ადამიანი. და ბოლოს, ხსენებული კანონით ხელისუფლება იხსნის პასუხისმგებლობას, გამოააშკარავოს ის პირები, ვინც პასუხი უნდა აგოს საკუთარი ნამოქმედარის გამო”.

ახალი კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს კანონი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფო უშიშროების ყოფილ აგენტებს, ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავონ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში. ეთნიკური თურქების ”უფლებებათა და თავისუფლებათა მოძრაობის” ერთ-ერთი დამაარსებლის ოსმან ოქთაის განცხადებით, არ გამოააშკარავა რა მათი სახელები, ბულგარეთის ხელისუფლებამ შესაძლებლობა მისცა სახელმწიფო უშიშროების ყოფილ აგენტებს ხელმძღვანელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამდებობებზე მოკალათებულიყვნენ განვლილი 12 წლის მანძილზე.

დაბოლოს, მოსახლეობაში მოარული ხმების თანახმად, სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა აგენტებმა, ბულგარეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობისთანავე, საკუთარი დოსიეები თვითონვე გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG