Accessibility links

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისი ესტუმრა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის წევრთა მცდელობა ერთმანეთისათვის გადაებრალებინათ ფონდის მოთხოვნების შეუსრულებლობა.

განტევების ვაცის ბედი ჯერჯერობით არცერთ მინისტრს არ გაუზიარებია. თუმცა მოსალოდნელია, რომ ფონდის მისიის თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, რომელიმე სახელმწიფო მოხელეს თანამდებობა მაინც დაატოვებინონ.

საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობის გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც არ იშურებს არარეალურ დაპირებებს. შედეგად სავალუტო ფონდისთვის მიცემული სიტყვაც ისევე შესრულდა, როგორც მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის გეგმა. ამ საერთაშორისო ინსტიტუტის მორიგი ფინანსური დახმარების მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი ძირითადი პირობები უნდა შეესრულებინა, ესენია: ჯართისა და ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვის გაუქმება, ენერგეტიკის ვალების დაფარვის მექანიზმის შემუშავება და საგადასახადო შემოსავლების 25 მილიონი ლარით ზრდისათვის უნდა მიეღწია.

ყოველივე ეს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობას მოითხოვს და მით უფრო გასაკვირი იყო მთავრობის მიერ სავალუტო ფონდის წინაშე ვალდებულებების იმ დროს აღება, როდესაც პრეზიდენტმა საპარალამენტო უმრავლესობა დაკარგა. ხოლო სავალუტო ფონდის მისიის ამ მოთხოვნების წამოყენებამდე ორიოდე თვით ადრე, ოპოზიციის ძალისხმევით, ხეტყისა და ჯართის ექსპორტი აიკრძალა.

ენერგეტიკის ვალების გასტუმრებაც გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი გასტუმრება მხოლოდ ტარიფის ზრდით თუ არის შესაძლებელი. ეს კი სოციალური დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების 25 მილიონით ზრდას ესეც ნაკლებად რეალურია, რადგან მიმდინარე ბიუჯეტის შესრულებაც დიდ წინააღმდეგობებს აწყდება. მიუხედავად ამისა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სავალუტო ფონდის დელეგაციის მასპინძელი, გიორგი ისაკაძე მაინც იმედიანადაა განწყობილი.

[ისაკაძის ხმა] „უმთავრესად მისია იქნება დასარწმუნებელი 25 მილიონის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მთავრობა გამოდის პოზიციით, რომ ეს შეიცვალოს წმინდა ადმინისტრაციით. ასევე არანაკლები სირთულეებით გამოირჩეოდა ენერგოსტრატეგიასთან და ენერგოვალებთან დაკავშირებით, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ სამინისტრომ იმუშავა და მეტნაკლებ პროგრესს სავალუტო ფონდი აფიქსირებს."

ისაკაძის იმედის საფუძველს ის პოლიტიკური კონიუნქტურა იძლევა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უსათუოდ გაუწევს ანგარიშს. ანუ ადგილობრივი არჩევნების წინ ფონდი მკაცრი ვერდიქტის გამოტანას მოერიდება. ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტის რომან გოცირძის აზრით სავალუტო ფონდი ამ ვიზიტისას მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლება. გოცირიძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი პრობლემების მოგვარების მხოლოდ გეგმის წარმოდგენას მოთხოვს და ამ გეგმას მიიღებს კიდეც. საქართველოს მთავრობას ხომ დაპირებების გაცემა არასდროს გასჭირვებია.

სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი 1 კვირას გასტანს და მისი ხელმძღვანელის დევიდ ოუენის პოზიცია, ვიზიტის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ გაცხადდება. ფონდის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პროგრამის აღდგენის შესახებ კი მისიის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG