Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 432-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ “მეათე სტუდიას”. მის 432-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ ვიცე-სპიკერების ფენომენზე ქართულ პოლიტიკაში; გესაუბრებით პროფკავშირების ფუნქციასა და როლზე დამოუკიდებელ საქართველოში; გიამბობთ აფხაზი და ქართველი ტელეჟურნალისტების ერთობლივ ფილმზე; შემოგთავაზებთ ინტერვიუს “მეათე სტუდიის” სტუმართან, გერმანელ კინოდოკუმენტალისტ შტეფან ტოლცთან, რომლის ბოლო ფილმმა “მამაკაცთა სამყარო კავკასიაში” სან-ფრანცისკოს კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა. რადიოჟურნალის ბოლოს კი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელს, სამხრეთ კორეას. პრაღაში “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

ვიცე-სპიკერების ფენომენი ქართულ პოლიტიკაში

დავით კაკაბაძე:
ვიცე-სპიკერების ფენომენი ქართულ პოლიტიკაში
გასული კვირა საქართველოს პარლამენტში დაძაბული გამოდგა. მაგრამ ამ “დამკვრელური” შრომის მიუხედავად, ჯერჯერობით თეორიულადაც კი არ დგას საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება-არჩატარების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტართა შორის კონსენსუსის მიღწევის პროცესში აშკარად გამოიკვეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის როლი. წერეთელი, გარდა იმისა, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, იმ სხდომებსაც თავმჯდომარეობდა, რომელზეც პარლამენტარების ტემპერამენტი სრულად გამოჩნდა. პარლამენტის მოღვაწეობაში გიგი წერეთლის როლსა და ფუნქციებზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
ვიცე-სპიკერების როლზე საქართველოს კანონმდებლობის ისტორიაში, გამორიცხული არ არის, ოდესმე სამეცნიერო კვლევები ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში ის, რომ ამა თუ იმ არც თუ ადვილი ან პოპულარული გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი ხმების მოგროვებაში ვიცე-სპიკერების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამას ყველა ის ადამიანი აღიარებს, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს პარლამენტის მუშაობას. მაგალითად, ბევრს ემახსოვრება, რომ 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში მაშინდელი ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი შეუცვლელი იყო არცთუ პოპულარული გადაწყვეტილებების მისაღებად პარლამენტართა მობილიზების საკითხში. წინა პარლამენტში ამავე ფუნქციას წარმატებით ასრულებდა ვიცე-სპიკერი ედვარდ სურმანიძე, რომელიც ამ ამპლუაში პარლამენტარების თვალწინ ჩამოყალიბდა. არანაკლებ საინტერესო ბედი ერგო ახლანდელ ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე სხდომების წაყვანა უხდება.

ცოტა რამ თავად გიგი წერეთლის ბიოგრაფიიდან. იგი პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ 1999 წელს მან იურიდიული განათლებაც მიიღო. როგორც პოლიტიკოსის, გიგი წერეთლის დებიუტი თბილისის საკრებულოში შედგა, სადაც იგი მოქალაქეთა კავშირის სიით მოხვდა და სადაც არცთუ წარმატებით ცდილობდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას. მოგვიანებით, როცა გიგი წერეთლმა ასევე მოქალაქეთა კავშირის სიით კენჭი იყარა პარლამენტში, ბევრისთვის მოულოდნელად პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობამ იგი ვიცე-სპიკერის კანდიდატად წამოაყენა. უნდა ითქვას, რომ ამ არჩევანში მოქალაქეთა კავშირი არ შემცდარა.

მაინც რა ფუნქციების შესრულება უწევს ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს? უპირველესად, რაც უნდა უჩვეულოდ გამოიყურებოდეს, მას კარგად ეხერხება აბობოქრებული კოლეგების დაწყნარება. ეს რომ საკმაოდ რთული საკითხია, ეჭვს ნამდვილად არ იწვევს.

[გიგი წერეთლის ხმა] “კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დამშვიდდით, ყველა აღელვებულ დეპუტატს, შეურაცხყოფილს, გაბრაზებულს შევახსენებ, რომ ამ ფაქტზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და მეტი – ადგილზე დახვრეტა ჩვენს კანონმდებლობაში არ არის და დამშვიდდით.”

დახვრეტის მუხლი, საბედნიეროდ, ქართულ კანონმდებლობაში აღარ არსებობს, მაგრამ გიგი წერეთლის რეპლიკები საკმაოდ ხშირად პარლამენტართა ერთი ჯგუფის – განსაკუთრებით კი ფრაქცია აღორძინების წევრების გაღიზიანებას იწვევს ხოლმე. თუმცა, ძალიან ხშირად, პირიქით, ვიცე-სპიკერის იუმორს პარლამენტში დაძაბულობა უმტკივნეულოდ განუმუხტავს:

[გიგი წერეთლის ხმა] “ბატონო ნუგზარ, დაწყნარდით....დედა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა....”

გიგი წერეთლის რამდენიმე ინიციატივის ავტორიც გახლავთ. მაგალითად, ამ კვირას, როცა საარჩევნო კოდექსის განხილვისას პარლამენტარები უკვე დაიბნენ, თუ რას უყრიდნენ კენჭს, მან საკანონმდებლო მუშაობის მოდიფიკაციის ასეთი ინიციატივა წამოაყენა:

[გიგი წერეთლის ხმა] “აგიხსნით, ბატონო ჯანსუღ, ყვითელ ფურცელზე... რა კარგად მოიფიქრა აპარატმა, რომ განსხვავებულ ფურცელზე (დაბეჭდა)... სხვათა შორის, რომ არ დაისვას ბევრი შეკითხვა, სხვადასხვაფერ ფურცლებზე დაიბეჭდოს. გამიადვილდება მეც, თქვენც, ვინც სხდომას წაიყვანს... ვიტყვით პირდაპირ – აი, მწვანე ფურცელს ვაძლევთ ხმას, ყვითელ ფურცელს... ძალიან კარგია...”

სხვათა შორის, ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” ხელმოწერებს აგროვებს პარლამენტში პოსტების ხელახალი გადანაწილების მოთხოვნით. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, პარლამენტში მომხდარ ძალთა გადანაწილებისას ისე მოხდეს, რომ გიგი წერეთელი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გამოეთხოვოს, რაც ნებიემიერი ადამიანისთვის მტკივნეულ დარტყმად აღიქმება. თუმცა, მეორე მხრივ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ იგი საქართველოში უდავოდ პოპულარული ლიტერატურული გმირის მსგავსად ფილოსოფიურად მიუდგეს ბედის ამგვარ ცვლილებას. მაგალითად, ასე: [გიგი წერეთლის ხმა] “თქვენს საქმეში არ ვიჭრები და დამანებეთ თავი.”

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

პროფკავშირები კოლექტიური შეთანხმების უფლების ამოქმედებას ითხოვენ

დავით კაკაბაძე:
საბჭოთა ტოტალიტარული იდეოლოგია პროფკავშირულ მოძრაობას სახელმწიფო ადმინისტრირების ერთ-ერთ ფორმად განიხილავდა. შესაბამისად, ლამის მოშლილი იყო სხვაობა კომუნისტური პარტიის წევრობასა და პროფკავშირის წევრობას შორის. საინტერესოა, რა შეიცვალა ამ მხრივ ჩვენს სინამდვილეში მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად იქცა? არის თუ არა სათანადოდ დაცული და საკანონმდებლო ბაზით ზურგგამაგრებული ადამიანთა სრულიად ბუნებრივი მოთხოვნა: გაერთიანდნენ პროფესიული ნიშნით და იზრუნონ საკუთარი შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე? ამ საკითხებზე კობა ლიკლიკაძე მსჯელობს.

კობა ლიკლიკაძე:
დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლო პირველი იქნება, რომელსაც უპრეცედენტო სარჩელის განხილვა მოუწევს. მასწავლებელთა თავისუფალმა პროფკავშირმა "სოლიდარობამ" სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელშიც პედაგოგები განათლების სამინისტროს სწორედ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმას ედავებიან.

“სოლიდარობა”, კერძოდ, მოითხოვს, რომ განათლების სამინისტრომ სწორედ მასთან გააფორმოს ისეთი კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შრომის ანაზღაურება და ხელფასის გარანტირებულ მინიმალურ დონეზე ნორმირება. ამასთან ხელფასის გარანტირებული მინიმალური დონე სამომხმარებლო კალათის დონეზე ნაკლები არ უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს უკვე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება პედაგოგთა სხვა პროფესიულ გაერთიანებასთან, რის გამოც უარს ეუბნება ამგვარ თანამშრომლობაზე "სოლიდარობის" წევრებს. მაგრამ პედაგოგთა თავისუფალი კავშირის წევრები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტროს ასეთი გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონების მოთხოვნებს.
პირველ ყოვლისა, “სოლიდარობის” წევრები აპელირებას ახდენენ “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც პროფესიულ კავშირებთან ან მუშაკთა წარმომადგენლებთან კოლექტიური შეთანხმებების გაფორმების სავალდებულობას აღიარებს. ხოლო, “კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გენერალური შეთანხმება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურებისა და შემოსავლის საკითხებში მუშაკის მინიმალურ სოციალურ გარანტიებს. თანაც, მინიმალური ხელფასი არათუ საარსებო მინიმუმის ტოლი, არამედ მასზე გაცილებით მეტი უნდა იყოს.

პირველი წინააღმდეგობაც კანონსა და რეალობას შორის სწორედ აქ იჩენს თავს. საქართველოში არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც განსაზღვრავს სამართლიანი ანაზღაურების პირობებს, რაც უკვე წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. შრომის მინიმალური ანაზღაურება მნიშვნელოვნად დაბალია საარსებო მინიმუმზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო კალათის ოდენობაზე.

ოფიციალური მონაცემებით, სოციალური გასაცემლების რეალური სიდიდე საქართველოში საარსებო მინიმუმზე დაბალია. მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი ოფიციალური მონაცემით, 107 ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციაში – 70 ლარის, არასაბიუჯეტოში – 90 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხელფასი ვერ ასრულებს მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციას.

მაგრამ ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტი აქვს ერთ-ერთ მთავარ დამქირავებელს, ანუ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც, კლასიკური გაგებით, თავადვე არის ხალხის მიერ დაქირავებული.

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობის სოციალური დაცვის ორიენტირები - მინიმალური ხელფასი, პენსია - საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იყოს. დღეს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი, ცალკეული პირი ვერ შეძლებს ერთი ხელის დაკვრით განახორციელოს ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ყოველგვარი შეპირება, იდეალური სურათის დახატვა - მხოლოდ პოპულისტური ხასიათის იქნება და მეტი არაფერი”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის მინისტრმა ამირან გამყრელიძემ.

დაქირავებულთა სამართლიანი ანაზღაურების საკითხში თითქმის ანალოგიური მიდგომა აქვს ზოგიერთ კერძო კომპანიასაც. კერძოდ, დამქირავებლები ცდილობენ ხელშეკრულება იმ პროფკავშირებთან გააფორმონ, რომლებიც ნაკლებ დისკომფორტს შეუქმნიან მათ საკუთარი შრომითი ვალდებულებების შეხსენებით.

მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ ე.წ. “წითელი ტაქსის” მძღოლებთან დაკავშირებული ისტორია. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი ფირმა ვალდებულებას იღებდა, რომ გარკვეული ვადის შემდეგ ტაქსის მძღოლებს მანქანებს კერძო მფლობელობაში გადასცემდა. თუმცა, ფირმის მესვეურებმა ეს პირობა დაარღვიეს, ხოლო ის მძღოლები, ვინც, პროტესტის ნიშნად, პროფკავშირის შექმნა დააპირა, სამსახურიდან უცერემონიოდ დაითხოვეს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შელახული უფლებების აღსადგენად სამართლიანი ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში, რაც მძღოლებმა გარკვეულ მიზეზთა გამო არ გააკეთეს, მათ შეეძლოთ ხელმძღვანელობა პირობების შესრულებაზე დაეთანხმებინათ.
სწორედ ამ “დაწუნებულ გზას” დაადგნენ მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების წევრები, თუმცა, თუ რა ვერდიქტს გამოიტანს მათ სამართლიან სარჩელზე მართლმსაჯულება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

კობა ლიკლიკაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ფილმი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

დავით კაკაბაძე:
ხუთშაბათს და პარასკევს არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდია რემ” მოაწყო ჩვენება აფხაზ ტელეჟურნალისტებთან ერთად გადაღებული ფილმისა “მშვიდობის იმედით”. პარასკევს ფილმი აჩვენეს ფონდში “ღია საზოგადოება – საქართველო”. ორიოდე თვის წინათ ჩვენ გიამბეთ აფხაზი და ქართველი ჟურნალისტების თანამშრომლობაზე. დღეს მოგითხრობთ ამ თანამშრომლობის შედეგზე. სვეტა კორსაიას, რობერტ ლომიას, მიხეილ მირზიაშვილისა და მამუკა ყუფარაძის ნამუშევარი ეხება გალის რაიონში დაბრუნებული ქართველების ყოფასა და აფხაზეთში ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიან თანაცხოვრებას. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე:
პირველი აზრი, რაც ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა, ის იყო, რომ ინფორმაციას - “დევნილთა ნაწილი უკვე დაუბრუნდა მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებს” - თურმე, სჭირდება უფრო ვრცლად გადმოცემა. კონკრეტული აღწერების გარეშე ასეთი ცნობა არაფრის მთქმელია. ფილმის ავტორები შეეცადნენ, გალში დაბრუნებული ქართველების ყოველდღიური ყოფა ეჩვენებინათ, ანუ მოეთხროთ ცხოვრებაზე იმ დროს, როცა მათ თავს არავინ ესხმის, გზას არავინ უკეტავს და აფხაზ მეზობლებთან ერთად ისევ ცდილობენ მშვიდობიანი ცხოვრების აწყობას.

ფილმის ავტორებს, ცხადია, შეიძლება შევწამოთ ცალმხრივობა - მათ ხომ მთლიანად აუარეს გვერდი კონფლიქტის მწვავე პრობლემატიკას: აქ არც ნიღბიანი პარტიზანებია, არც აფხაზური მილიცია, არც რუსი სამშვიდობოების საეჭვო ქცევა, არც კონტრაბანდა, არც გაეროს დამკვირვებელთა კრიტიკა და არც აფხაზური ადმინისტრაციის სეპარატისტებად მოხსენიება. ვერაფერს გაიგებთ ჩვენი უშიშროების საყვარელ თემაზე - ვგულიხმობთ ტერორისტებსა და “ალ ყაიდას”. დასაწყისში ავტორები გვაფრთხილებენ, რომ სარგებლობენ გაეროს მისიის დეფინიციებითა და ტერმინებით. ამიტომაც აფხაზეთს ფილმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ეწოდება.

სახელდებები აქ მეორეხარისხოვანია, თუმცა მათ ნამდვილად შეაქვთ თავიანთი წვლილი ახალი ქართული პოლიტკორექტულობის ამ ნიმუშში. ფილმი აბსოლუტურად დაცლილია დისკურსისაგან, რომლის მიხედვით, აფხაზი აშკარა თუ არა, ფარული მტერი მაინც არის. ავტორები ეძებენ და პოულობენ ინტერესს, გარემოს, საქმეს, რომელშიც ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი ურთიერთობაა შესაძლებელი.

ასეთია, მაგალითად, ენგურჰესი, რომლის ტექნიკურ ხელმძღვანელობას ქართული მხარე ახორციელებს, ხოლო აფხაზური - უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ესაა ვაჭრობა, რომელიც გალში კვირაში სამჯერ იმართება და, შეიძლება ითქვას, ქალაქს აცოცხლებს. თბილისში ხშირად ვლაპარაკობთ, რომ ეკონომიკური სანქციები აფხაზეთის წინააღმდეგ – ფიქციაა. როცა უყურებ გალში რუსეთიდან შემოტანილი საქონლით ქართველებთან მოვაჭრე ოჩამჩირელ თუ გუდაუთელ აფხაზებს, ფიქრობ, რომ ხსენებული ფიქცია აფხაზეთის მკვიდრი მოქალაქეებისათვის (ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად) მხოლოდ სიკეთის, თუნდაც მოკრძალებულის, მომტანია. ეკრანიდან გველაპარაკებიან გალის რაიონის რამდენიმე სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ვიგებთ, რომ, მაგალითად, მარტო ოქუმში, 80-მა ოჯახმა აღიდგინა მეურნეობა და სამკვიდრებელი.

გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გია კვირტია, ორი წლის წინათ ერთი თვით დაბრუნდა გალში და თავად არ მოელოდა, ისე დარჩა იქ. კვირტია ამბობს, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პეტერბურგიდან და თბილისიდან გალში ჩამოდიან ექიმები, რომლებიც კონფლიქტამდე ამ საავადმყოფოში მუშაობდნენ და ახლაც მკურნალობენ პაციენტებს.

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ სოფელ ქვემო ბარგებში დაბრუნებულმა ფრიდონ ჩაკაბერიამ პატარა წარმოების გამართვაც შეძლო და, როგორც თავად ამბობს, 70 ადამიანი დაასაქმა. ის ხეს ამუშავებს, მთელ შემოსავალს საქმეში აბრუნებს და საკუთარი გადამწვარი სახლის ეზოში მდგარ ვაგონში ცხოვრობს.

ომამდე გალში 20 სკოლა იყო, აქედან 18 ქართული და 2 რუსული. აფხაზურ ენას არ ასწავლიდნენ. ერთ-ერთი ქართული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ესმერალდა ქეცბაია, აცხადებს, რომ გალის რაიონი ამან დააქცია. დღეს გალის ქართულ სკოლებში ასწავლიან აფხაზურ ენასაც. გალის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რუსლან ქიშმარიას, თქმით, ადამიანმა იმ ენაზე უნდა ისწავლოს, რომელიც სურს. საშუალო განათლების მხრივ, ჯერ მაინც უმძიმესი მდგომარეობაა. არიან 10-12 წლის ბავშვები, რომელთაც არც ერთ ენაზე არ იციან წერა-კითხვა.

გალში მოქმედებს ხალხური სიმღერისა და ცეკვის, აგრეთვე, აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი წრეები. მოქმედებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “გალის რაიონის ქალთა ასოციაცია” და თითქოს დაუჯერებელი არაფერია, მაგრამ მათ ოფისში კომპიუტერის დანახვა მაინც თვალს სჭრის.

ფილმი “მშვიდობის იმედით” ჯერ მხოლოდ ვიწრო წრემ იხილა. ავტორებს განზრახული აქვთ, მისი გაშვება სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხს შესთავაზონ. ჩვენი აზრით, თანხმობა ამ შეთავაზებაზე დაადასტურებს, რომ ჩვენს ხელისუფლებას კეთილგონიერება კიდევ შერჩენია.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ გერმანელ კინოდოკუმენტალისტ შტეფან ტოლცთან

დავით კაკაბაძე:
კინოს უკავშირდება ჩვენი შემდეგი სიუჟეტიც. თანაც, არა მარტო კინოს, არამედ კინოში ასახულ კავკასიას. “მეათე სტუდიის” სტუმარია გერმანელი კინოდოკუმენტალისტი შტეფან ტოლცი, რომლის ბოლო ნამუშევარმა – “მამაკაცთა სამყარო კავკასიაში” – დიდი წარმატება მოიპოვა. შტეფან ტოლცს მიუნჰენში დავუკავშირდი ტელეფონით.

იხ. აუდიოვერსია

[მუსიკა]

სამხრეთი კორეა მსოფლიო საფეხბურთო ელიტის სამასპინძლოდ ემზადება

დავით კაკაბაძე:
ძვირფასო რადიომსმენელებო, თუ ”მეათე სტუდიას” გასულ კვირაშიც მოუსმინეთ, შესაძლოა ისიც გახსოვდეთ, რომ ერთი სიუჟეტი მსოფლიოს მოახლოებული საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელზე საუბარს დაეთმო. უფრო ზუსტად, ვისაუბრეთ ერთ-ერთზე ორი ქვეყნიდან, რომლებიც ხუთიოდე კვირაში ”საფეხბურთო მექად” გადაიქცევიან. და თუ გასულ კვირაში იაპონიასთან დაახლოება ვცადეთ, დღეს ჯერი სამხრეთ კორეაზეა. საფეხბურთო დღესასწაულისათვის ამჯერადაც მარიამ ჭიაურელი შეგვამზადებს.

მარიამ ჭიაურელი:
იაპონიისა არ იყოს, არც სამხრეთი კორეა მიეკუთვნება ქვეყნებს, რომლებიც ყურადღების არეალში ფეხბურთის გამო ხვდებიან ხოლმე. კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთისადმი საყოველთაო ინტერესი, ჩვეულებრივ, ორი ასპექტით შემოიფარგლება: ეს არის ეკონომიკური ბუმი და ხანგრძლივი დაპირისპირება კომუნისტ მეზობელთან – ჩრდილოეთ კორეასთან.

ბუნებრივია, რომ ეკონომიკური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფაქტორები ამ შემთხვევაშიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული - მაშინ, როცა დასავლეთზე ორიენტირებული სამხრეთი კორეა რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალად აღზევდა, ჩრდილოეთი კორეა გაღატაკებისა და იზოლაციის გზას დაადგა. ორ კორეას დღემდე ჰყოფს გაუვალი საზღვარი, რომელიც 1950-53ი წლების ძმათამკვლელი ომის შემდეგ 38ე პარალელზე გადის. მეტიც – სამხრეთი და ჩრდილოეთი ოფიციალურად არასოდეს დაზავებულან, ასე რომ სამხედრო მზადყოფნისთვის ორივეს დიდი ხარჯის გაღება უწევს.

აქამდე, შერიგების ყველაზე დამაიმედებელი მცდელობა 2000 წლის ივნისის სამიტი იყო, როცა (პირველად 2 კორეის ისტორიაში) ერთმანეთს შეხვდნენ მათი ლიდერები: სამხრეთელი კიმ დაე იუნი და ჩრდილოელი კიმ იონ ილი. მართალია, სასურველი ნაყოფი ვერც სამიტმა გამოიღო, მაგრამ, საყოველთაო აღიარებით, დაძაბულობა ნახევარკუნძულზე საგრძნობლად განიმუხტა.

ასე რომ, ორი წელია, სამხრეთი კორეის 46-მილიონიანი მოსახლეობა უფრო მშვიდ ვითარებაში ტკბება ეკონომიკური აღმავლობის შედეგებით. შედეგები კი მართლაც შთამბეჭდავია: მთლიანად სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულ ღატაკ ქვეყანას სულ 4 ათწლეული დასჭირდა საიმისოდ, რომ ადგილი დაემკვიდრებინა მსოფლიოს 12 წამყვანი მრეწველობაგანვითარებული სახელმწიფოს რიგში! თუ 1962 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 86 დოლარს არ აღემატებოდა, დღეისთვის ის 8850 დოლარს აღწევს. მართალია, 1997 წელს საფინანსო კრიზისმა აზიაში სეულსაც მძიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ ექსპერტები სწორედ სამხრეთ კორეას ასახელებენ იმ სახელმწიფოდ, რომელმაც დაზარალებულ რეგიონში ყველაზე სწრაფად შეძლო სირთულეების დაძლევა.

ზუსტად ერთი კვირის წინ სამხრეთმა კორეამ ექსპერტების კიდევ ერთი შექება დაიმსახურა: ამჯერად სპორტის მესვეურებმა, კერძოდ, ფიფას დელეგაციის წევრებმა სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმების შემდეგ, მათ უმაღლესი შეფასება მისცეს. ”მსოფლიო ჩემპიონატისათვის აგებული ათი სტადიონი ფეხბურთელების, ქომაგებისა და საინფორმაციო საშუალებებისთვის ცხადად ქცეული სიზმარიაო” – გაოცებას ვერ მალავდა ფიფას დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც კოლეგებთან ერთად ირწმუნება, რომ სამხრეთი კორეა, ფაქტობრივად ხვალიდანვე შეძლებს ჩემპიონატის მასპინძლობას...

მაგრამ ჩემპიონატი, სამწუხაროდ, ხვალ არ იწყება – ფეხბურთის მოყვარულებს ისღა დაგვრჩენია, კიდევ 5 კვირა მოვიცადოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ასპარეზობის მასპინძლებთან – სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან ერთად ფეხბურთელებიც შეეცდებიან, რომ სიზმრები ცხადად გვიქციონ.

დავით კაკაბაძე:
ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. შესაბამისი საფეხბურთო განწყობილების შესაქმნელად ”მეათე სტუდიას” კორეული ხალხური მუსიკით ვამთავრებთ. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG