Accessibility links

თბილისი მიწისძვრის შემდეგ


25 აპრილს თბილისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეული ნაგებობების აღდგენას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.

ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაუდებელ დახმარებაზე ზრუნვას იწყებს.

თბილისი შოკიდან გამოდის, თუმცა 25 აპრილის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მიღებული ზიანი საკმაოდ დიდია, არის მსხვერპლი.ოფიციალური მონაცემებით, 6 ბალიანი მიწისძვრით გამოწვეულმა ნგრევამ 4 ადამიანი შეიწირა, 2 კი, მიწისძვრის გამო, გულის სტენოკარდიული შეტევით გარდაიცვალა. 10 - ობით ადამიანი დაშავებულია.

მიწისძვრის განმეორების შიშით, უამრავმა თბილისელმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საერთოდ უსახლკაროდ დარჩნენ. ძველ უბნებში მრავალი სახლი დაინგრა და დაზიანდა. თბილისის საკრებულოს მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 5000 - ამდე სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ავარიული სახლების რიცხვი კი გაორმაგდა. სერიოზულად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობებიც, მათ შორის, სასჯელთა აღსრულების დაწესებულებები. ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაც.

მიწისძვრით გამოწვეული ზარალის დადგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. თუმცა, წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნავენ, რომ დაზიანებული შენობების აღდგენისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მობილიზება გახდება საჭირო. რუსეთის პრეზიდენტმა, სომხეთის, უკრაინისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, საქართველოს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ.
პრეზიდენტის ბრძანებით, თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სპეციალური ბრიგადები თბილისის ქუჩებს ნანგრევებისგან წმენდენ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც მიწისძვრის შემდეგ თბილისში არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. ყველაზე მეტად დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართი მერიამ უნდა გამოუყოს.
დამანგრეველი მიწისძვრითა და შემდგომი ბიძგებით პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები და სეისმოლოგები არწმუნებენ, რომ მომხდარის ხელოვნურად გამოწვევა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

[გიგი წერეთლის ხმა] “ძალიან მძიმეა მიწისძვრის შედეგები, მაგრამ, მაინც შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით. თბილისის ძველი და ავარიული ნაგებობების პირობებში, ასეთ მიწისძვრას, შესაძლებელი იყო, გაცილებით უარესი და მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.”

ასეთი გამოსვლებით დაიწყო 26 აპრილის პარლამენტის სხდომა. დეპუტატებმა პატივი მიაგეს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და დედაქალაქში გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მიწისძვრის შედეგად მიღებულ ზარალზე და აუცილებელ აღდგენით სამუშაოებზე იყო მსჯელობა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთვარობის სხდომაზეც. დანგრეული და დაზიანებული სახლების აღსადგენად პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ “თბილისის გადარჩენის ფონდში” პირველი მილიონები 26 აპრილსვე გადაირიცხა. პრეზიდენტის ფონდიდან - მილიონ ნახევარი ლარი, ფოთის პორტის ხელმძღვანელისგან - ნახევარი მილიონი ლარი. მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის 2 მილიონი ლარი გაიღო ბადრი პატარკაციშვილმა. თავიანთი წილის გაღებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს ქართველმა მეწარმეებმაც. ხელისუფლება დანგრეული სახლების სასწრაფოდ აღდგენას გეგმავს და ამ გეგმის განხორციელებაში ედუარდ შევარადნაძეს ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარების იმედი აქვს.
XS
SM
MD
LG