Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ვებ-გვერდი ქართულ ენაზე


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 26 აპრილს, თბილისში, ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროში, გაიმართა ევროპის საბჭოსა და ხსენებული ბიუროს ვებ-გვერდის პრეზენტაცია.

www.coe.ge - ეს არის ახალი ქართული ვებ-გვერდის მისამართი. აქ ინფორმაცია განთავსებულია ინგლისურ ენაზეც.

ჩვენ შევეცადეთ ვებ-გვედრში მაქსიმალურად ჩაგვედო ძირითადი ინფორმაცია ევროსაბჭოს შესახებ, განაცხადა პრეზენტაციაზე ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა შალვა ბალანჩივაძემ. ზოგადი მიმოხილვა მოიცავს ევროპის საბჭოს მიზნებს, მისი შექმნის ინიციატორებსა და განვითარების ისტორიას. ძირითად გვერდზე იპოვით ევროსაბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობათა აღწერას და ინფორმაციას ევროპის საბჭოს საქმიანობის პრინციპთა შესახებ. შეგიძლიათ მისწვდეთ იმ ლიტერატურის კატალოგს, რომელიც ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროს ბიბლიოთეკაშია განთავსებული.

თანამშრომლობის პროგრამების გვერდზე უნდა განთავსდეს ევროპის საბჭოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროექტები. ჯერჯერობით აქ ერთი პროექტია სრული სახით. იგი მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრას და მასზე, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, მუშაობენ ევროპის საბჭო და ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.

ევროსაბჭოსა და საქართველოს ურთიერთობათა ამსახველი გვერდი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანია. ის აღწერს ამ ევროპული ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ერთობლივ საქმიანობას საქართველოს გაწევრიანების დღიდან. ხელშეკრულებათა გვერდზე კი მოთავსებულია ყველა ის კონვენცია თუ შეთანხმება, რომელთაც საქართველომ ხელი მოაწერა და რატიფიცირება მოახდინა. ყველა ტექსტი მოცემულია ქართულ ენაზე და წარმოადგენს ოფიციალურ თარგმანს. დაინტერესებულ კაცს შეუძლია, მაგალითად, გაეცნოს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულ კონვენციას, გაიხსენოს, რომ მათ, ჩვენს კანონებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეადაროს კონვენციათა დებულებები და პრინციპები ქართულ რეალობას. ახლო მომავალში ამ გვერდზე დადებენ სხვა კონვენციათა ტექსტებსაც, რომელთა ხელმოწერა ან რატიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

ძირითად გვერდზე მითითებულია სამოქალაქო ურთიერთნდობის განმტკიცების პროგრამა, რომელიც შალვა ბალანჩივაძემ ასე დაახასიათა [ბალანჩივაძის ხმა]: “ეს გახლავთ ევროსაბჭოს პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ შეადგინონ პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ნდობის განმტკიცებას. აქ დეტალურად არის მითითებული, როგორ უნდა შეივსოს ეს პროექტი, როგორ ფინანსდება, რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს და ა.შ. არის ინგლისური და რუსული ვარიანტი”. აქვე შეიტყობთ, როგორ მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გაეცნობით მიმართვის პროცედურასა და განაცხადის ფორმას.

გვერდის მონახულებისა და სარგებლობის შემდეგ, თუ არ დაიზარებთ, შეგიძლიათ უპასუხოთ შეკითხვას: “რამდენად პრაქტიკულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია”? პასუხს ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროში უკვე ელიან.
XS
SM
MD
LG