Accessibility links

კასპიის ზღვის განაწილების შეთანხმებას კარგი პირი არ უჩანს


მიმდებარე სახელმწიფოებს შორის კასპიის ზღვის განაწილების თაობაზე თურქმენეთის დედაქალაქში შეკრებილმა პრეზიდენტებმა ერთი პოზიცია ვერ შეიმუშავეს.

მასპინძელმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა, თქვა, მთავარი მიღწევა ამ სამიტისა ის არის, რომ მხარეებმა პრობლემის გადაჭრისთვის ძალის გამოყენებაზე უარი თქვესო. თითქოს ამაზე პასუხი იყო რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება. პუტინმა, აშხაბადიდან პირდაპირ ასტრახანს მიაშურა, იქ კასპიის ზღვის ფლოტს ესტუმრა და ოფიცრებს მიმართა, ფლოტი უნდა გაძლიერდეს, განახლდეს, ზაფხულში უკვე სამხედრო მანევრები უნდა გავმართოთო. ეს ძალის გამოყენება არ არის, ცხადია, მაგრამ ძალის დემონტრაცია ნამდვილად იქნება და ამასთან ერთად გაფრთხილებაც ყველასი, ვინც ამ რეგიონში რუსეთის ინტერესების ხელყოფას ფიქრობს. პუტინმა ფლოტის მეთაურებს უთხრა, თქვენი აქ ყოფნა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გარანტიააო.
კასპიის ზღვას, რომელიც იურიდიულადაც არ არის დადგენილი, ზღვაა თუ ტბა, ხუთი ქვეყანა ემიჯნება. ძველი ხელშეკრულებით, ის ორ სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირს და ირანს, ჰქონდათ ერთმანეთში თანაბრად განაწილებული, ნავთობის ამოღების და თევზჭერის მხრივაც. ახლა დრო შეიცვალა, საბჭოთა კავშირის ადგილას გაჩნდა ბევრი სახელწიფო, მათგან 4 კი კასპიის ზღვისპირაა და თავისი პრეტენზია აქვს, სურს რა იხეიროს ამ ზღვის სიმდიდრით, თევზით და, რაც მთვარია, ნავთობით. ირანი ყველაზე მეტად დაზარალდა საბჭოთა კავშირის დაშლით, მას ზღვის ზედაპირის 20 პროცენტით სარგებლობის საშუალებასაც არ აძლევენ. რუსეთი ზღვის ფსკერის დანაწილების იდეით გამოდის და ირანისთვის ზღვის ფსკერის 13 პროცენტს იმეტებს. აშხაბადში ირანის პრეზიდენტი თავის აზრზე დარჩა და მისი მოთხოვნა, დაეპატრონოს 20 პროცენტს, უკან არ წაიღო.
ორმხრივი უთახმოება აქვთ აზერბაიჯანს და თურქმენეთს, რომლის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევს მკაცრად უსაყვედურა, რომ ბაქო ნავთობს იღებს ზღვის შუაგულში, რომელიც მას არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპიის ზღვის თაობაზე შეუთანხმებლობის მთავარ მიზეზად ირანის განსაკუთრებული მოთხოვნები და აზერბაიჯანის და თურქმენეთის უთანხმოება დაასახელა. ალიევმა ბაქოში დაბრუნების შემდეგ განმარტა, რომ საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპი არებობს ზღვის შუა ზოლის გამოყენებისა და მას კი ნიაზოვი თავისად მიიჩნევს, ამიტომ ხდება ეს გაუგებრობებიო.
ვაშინგტონში მუშაობს კასპიის ნავთობის სფეროში საფინანსო-საკონსულტაციო ფირმა, რომლის თანამშრომელმა ჯულია ნანაიმ თავისი აზრი უთხრა ჩვენი “რადიოს” კორესპონდენტს. ნანაის ვარაუდით, ირანთან თანხმობას სხვა სახელმწიფოები ვერ მიაღწევენ. აი, ერთმანეთში კი მორიგდებიან და ამ გარიგებაში ირანი არ იქნება. ნანაი განაგრძობს, რომ ყველანაირ შეთანხმებას ირანის ხელმოწერაც უნდა დაესვას, უირანოთ, ოფიციალური საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება. ამიტომ, ალბათ, დაასკვნის ამერიკელი ექსპერტი, მხოლოდ არაოფიციალური შეთანხმება მოხდება.
და მართლაც, მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა. სამიტის შემდგომ გაირკვა, რომ რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამმხრივი შეთანხმების გაფორმებას აპირებენ, მათ ირანის პროტესტის მიუხედავად ბილატერალური პაქტები უკვე დადებული აქვთ.
მიმომხილველები თვლიან, რომ სამართლიანი გამოსავალი არ ჩანს, სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს და კონფრონტაცია მოხდეს, როგორც ეს, მაგალითად, შარშან ივლისში ირანსა და აზერბაიჯანს შორის იყო, როცა ირანის სამხედრო გემი დაემუქრა აზერბაჯანის გემს, რომელიც სამძებრო სამუშაოთი იყო დაკავებული სადაო წყლებში.
XS
SM
MD
LG