Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთებში არ წყდება გამოხმაურება საფრანგეთში კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად არჩევნების მეორე ტურში უკიდურესი მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი გავიდა.

გაზეთი ”ლიბერასიონი” საფრანგეთში მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტისა და სოციალისტური მთავრობის თანაარსებობით ხსნის ლე პენის წარმატებას. გაზეთი სარედაქციო სტატიაში წერს:

”სწორედ ამგვარმა თანაარსებობამ მიიყვანა მრავალი ამომრჩეველი იმ დასკვნამდე, რომ გოლისტებსა და სოციალისტებს შორის არაა პრინციპული განსხვავება. ლე პენის წარმატება ალბად იმანაც განაპირობა, რომ სოციალისტებმა გადამეტებულად ცენტრისტული კამპანია გააჩაღეს და მემარცხენე ძალებმა ვერ შესძლეს გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის წამოყენება”.

ხოლო გაზეთი ”ველტი” აშკარა ანტისემიტს უწოდებს ლე პენს და აღნიშნავს, რომ ”ეროვნული ფრონტის” ლიდერს რადიკალური პოზიცია ეკავა იმთავითვე, თუმცა ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას უფრო რბილად გამოთქვამდა თავის შეხედულებებს. მემარცხენეები, სოციოლოგების პროგნოზებმაც დააზარალა; ისეთი დარწმუნებით უწინასწარმეტყველებდნენ პრემიერ-მინისტრ ლიონელ ჟოსპენს არჩევნების მეორე ტურში გასვლას, რომ მრავალმა ამომრჩეველმა სხვა მემარცხენე კანდიდატებს მისცა პირველ ტურში ხმა, ხოლო მეორეში – ჟოსპენს უნდა მიმხრობოდა”.

გაზეთ ”მონდის” აზრით, 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებმა უაღრესად შელახა საფრანგეთის ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე. ”საფრანგეთის სირცხვილი”-ასეთ შეფასებას აძლევს 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგს გაზეთი ”ეკონომისტი”. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”რაოდენ აღმაშფოთებელია, როცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესსა და ყველაზე მეტად ცივილიზებულ სახელმწიფოში აშკარა ოპორტუნისტი, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მქადაგებელი, ხოლო ტელევიზიაში ”სუპერმატყუარად” მოხსენიებული პოლიტიკოსი გადის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. გაოგნებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ევროპელები შიშმა მოიცვა, ვაი თუ ჟან-მარი ლე პენის წარმატება მაგალითის მიმცემი გახდეს ამომრჩეველთათვის მეზობელ ქვეყნებში და იქაც უკიდურესი მემარჯვენე რადიკალებს მიემხროს ხალხიო. მაგრამ საგანგაშო აქ არაფერია. ჟაკ შირაკს თითქმის განაღდებული აქვს ხუთწლიანი მოღვაწეობა ელისეს სასახლეში, ხოლო ლე პენი სულ მალე ისევე გაემიჯნება საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც აქამდე იყო.”

გაზეთი ”ლოს ანჯელეს ტაიმსი” ჩეჩნეთის პრობლემას უბრუნდება და სინანულით აღნიშნავს, რომ კავკასიის ამ რესპუბლიკაში კვლავაც ირღვევა ადამიანის უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ 29 მარტს ფედერალური ჯარის სარდლობამ გამოსცა ბრძანება ნომერი 80, რომელიც ავალდებულებს ჯარისკაცებს - საბუთები წარადგინონ ეგრედ წოდებული ”წმენდების” დროს და დაკავებულთა სია გამოაქვეყნონ. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”ალხან-კალის მერი მალიკა უმაჟევა ამბობს, რომ ხსენებულმა ბრძანებამ იგი გაახარა, ხოლო რეალობამ იმედი გაუცრუა. მას შემდეგ, რაც იქ 3 პრორუსი მილიციელი მოკლეს, 11 აპრილს ალხან-კალაში ”წმენდა” დაიწყო. მალიკასა და ქალაქის უხუცესებს სურდათ თვალყური ედევნებინათ ამ ოპერაციის მსვლელობისთვის, მაგრამ სამხედროებმა არ მისცეს უფლება. როგორც ადგილობრივი მკვიდრი ზალინა მაგომადოვა იხსენებს, მის სახლში მისულმა ჯარისკაცებმა ზალინას მეუღლეს, 67-წლის ალხაზურს დაუწყეს ცემა. ალხან-კალაში წმენდის დროს 20 ადამიანი დააკავეს. მერმა 15 მათგანის განთავისუფლება შესძლო. პროკურორმა მოითხოვა, რომ მალიკა უმაჟევას ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომ ”წმენდა” ადამიანის უფლებათა დარღვევის გარეშე ჩატარდა. მალიკამ უარი თქვა ამაზე. სამხედროებმა მას უთხრეს, რომ თუ ხელს მოაწერს დოკუმენტს, მაშინ სამი დღის მანძილზე მიმდინარე წმენდა დაუყოვნებლივ შეწყდება, და მალიკამ, უხუცესებთან მოთათბირების შემდეგ, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რათა შეწყვეტილიყო ხალხის ტანჯვა.”

მრავალი გაზეთი გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში, საველე მეთაური ხატაბი იქნა მოკლული. როგორც გაზეთი ”ვაშინტონ პოსტი” აღნიშნავს, პრეზიდენტ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია ხატაბი გარდაცვლილად და დასძინა, ამ ინფორმაციის ობიექტურ დადასტურებას უნდა დაველოდოთო. ხოლო გაზეთი ”გარდიანი” შეგვახსენებს, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა წარმომადგენლები არ ადასტურებენ ცნობას ბინ ლადენის თანამებრძოლის დაღუპვის შესახებ.

”კავკასიაში ისლამიზმისა და სეპარატიზმის სიმბოლო”-ასე მოიხსენიებს ხატაბს გაზეთი ”ფრანკფურტერ ალგემაინე”. გაზეთი წერს:

”მე ისლამის ჯარისკაცი ვარ და ურწმუნოებს შევებრძოლები ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”-განაცხადა ხატაბმა თავის უკანასკნელ ინტერვიუში. იგი ერთ-ერთ ყველაზე ულმობელ საველე მეთაურად იყო მიჩნეული. არის ვიდეოფირები, რომლებზეც ხატაბი საკუთარის ხელით ხვრეტს ტყვეებს. სხვა ბრალდებებთან ერთად მას, 1996 წელს ჩეჩნეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომელთა დახოცვაშიც ადანაშაულებენ. მთლიანობაში, ხატაბის მოღვაწეობა ჩეჩნეთში – მაგალითია იმისა, როგორ მოხდა დამოუკიდებლობისათვის დაწყებული ადგილობრივი ომისა და ისლამისტ ექსტრემისტთა ჯიჰადის შერწყმა. ხატაბმა ჩეჩნეთში რადიკალური ისლამის იდეოლოგიის გავრცელება შესძლო. მრავალწლიანი ომით გაჩანაგებულ მიწაზე, სადაც ტრადიციული ფასეულობები დაიკარგა, ისლამიზმი პირველ რიგში ახალგაზრდა ჩეჩნებისთვის გახდა მიმზიდველი, ვინაიდან მათ ცხოვრების მიზანი და არსი დაანახა. ჩეჩნეთის პირველ ომში არ იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტები, მეორეში – არიან. გაუთავებელმა ომმა და ფედერალური ჯარის ბარბაროსობამ იმდენად განამტკიცა ფულის, ისლამური სტრუქტურებისა და იდეოლოგიის კავშირი, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ჩეჩნეთში, ჩრდილშია უკვე მოქცეული”.

გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულია მისი მოსკოველი კომენტატორის, რუსი ჟურნალისტის მაშა ლიპმანის სტატია, რომელშიც პრეზიდენტ პუტინის მოღვაწეობაა გაანალიზებული. სტატიაში ვკითხულობთ:

”პუტინი უკმაყოფილოა რუსეთის განვითარების ტემპებით. პარლამენტში ამასწინანდელი გამოსვლისას პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ განვითარებული ქვეყნებისაგან რუსეთის ჩამორჩენა კი არ მცირდება, არამედ მატულობს. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რამდენად ართულებს ამ პრობლემას მისივე პოლიტიკა. პუტინმა დაგმო კორუფცია, და მის გამომწვევ მიზეზად სამართლიანად დაასახელა ეკონომიკურ თავისუფლებათა შეზღუდვა. თუმცა თავად პუტინი იყო ინიციატორი იმისა, რომ პროკურატურის მეშვეობით დაეშინებინათ მისი პოლიტიკური მეტოქეები, მას მედიის მაგნატები: ვლადიმირ გუსინსკი და ბორის ბერეზოვსკი, აგრეთვე მეტ კონტროლქვეშ მოექციათ გუბერნატორები და დამოუკიდებელი ბიზნესმენები. ბატონი პუტინი კორუფციას უწყობს ხელს, როცა საგანგებო დავალებებს აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს. საკვირველი ისაა, რომ პუტინი ჩაკეტილობაში ადანაშაულებს თავის ადმინისტრაციას. თანაც ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ”კაგებეში” დაღვინდა და სრული გასაიდუმლოების ატმოსფერო შექმნა დღეს კრემლში.”
XS
SM
MD
LG