Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის ლიდერთა შეხვედრა


თითქმის 70 წელია, შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს აკავშირებს სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს – ნავთობით მომარაგებისა და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.

თუ როგორ უფრთხილდებიან რიადი და ვაშინგტონი ამ კავშირებს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ორი ქვეყნის ლიდერთა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და პრინც აბდულას ხუთშაბათის შეხვედრაზე, რომელიც მათ შორის ურთიერთობის, როგორც ცნობებშია აღნიშნული, ყველა ასპექტს დაეთმო.

ჯორჯ ბუშის ტეხასის რანჩოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა განსაზღვრა –რიადს ვაშინგტონი გაფრთხილებული ჰყავს, რომ მძიმე შედეგებია მოსალოდნელია, თუ შტატები ისრაელის მხარდაჭერას არ შეანელებს.

მართლაც, არაბულ ქვეყნებში სულ უფრო მკვეთრ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ვაშინგტონის (არაბული თვალთახედვით) ისრაელისადმი მიკერძოების გამო და, როგორც მასმედიაში გავრცელებული არაერთი ცნობა ცხადჰყოფს, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას სულ უფრო უჭირს მოსახლეობის დარწმუნება ვაშინგტონთან მრავალწლიანი სტრატეგიული კავშირის მართებულობაში.

მეორე მხრივ, მწარე საყვედურს გამოთქვამენ ამერიკულ პრესაშიც, როცა რიადს ახალგაზრდა არაბებში ექსტრემიზმის გავრცელების პასუხისმგებლობას აკისრებენ: როგორც ცნობილია, 11 სექტემბრის ტერაქტებში მონაწილე 19 მამაკაციდან 15 - საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.

გაზეთი ”ნიუ იორკ ტაიმსი” ხუთშაბათის ნომერში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო: მან დაბეჭდა პრინც აბდულასთან დაახლოებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად რიადი ფიქრობს ნავთობის ემბარგოს გამოყენებაზე, რათა ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთის კრიზისისადმი დამოკიდებულების შეცვლა მოუხდეს.

მაგრამ, როგორც ჩვენი კორესპონდენტი, ჯეფრი დონოვანი იუწყება, ტეხასში საუდის არაბეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა გადაჭრით უარყვეს ”ნავთობის იარაღად გამოყენების” შესაძლებლობა – ანუ ნავთობის მაწარმოებელი არაბული ქვეყნებისადმი ერაყის პრეზიდენტ, სადამ ჰუსეინის მოთხოვნის დაკმაყოფილება. რაც შეეხება სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ანტიტერორისტული კოალიციის შესაძლო სამხედრო ოპერაციას, მოსალოდნელი იყო, რომ ტეხასის შეხვედრაზე ამ საკითხსაც განიხილავდნენ. მაგრამ შეხვედრის შემდეგ – სხვათა შორის მან ხუთი საათი გასტანა- ჯორჯ ბუშს არაფერი უთქვამს ერაყზე. ჟურნალისტების წინაშე მისი გამოსვლა საუდის არაბეთთან ”მჭიდრო ურთიერთობებს” დაეთმო.

პრეზიდენტმა ქების სიტყვები არ დაიშურა პრინც აბდულას სამშვიდობო ძალისხმევის მისამართით და დასძინა: [ჯორჯ ბუშის ხმა]”ჩვენ, ორივე ქვეყანას გვსურს, რომ ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უშიშრად იარსებონ. მე გავიმეორე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველა მხარეს თავისი წვლილის შეტანა მართებს. პალესტინელთა ხელმძღვანელობამ მეტი უნდა მოიმოქმედოს ტერორის შესაჩერებლად. ისრაელმა უნდა დაასრულოს ჯარების გაყვანა, ძალადობის გარეშე მოაგვაროს დაპირისპირებები რამალასა და ბეთლეემში.”

პრინცი აბდულა, რომელიც 1995 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც მის ძმა, მეფე ფაჰდი ავადმყოფობს) საუდის არაბეთის ფაქტობრივი მმართველია, ჟურნალისტებს არ შეხვედრია. თუმცა, როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი, ჯეფრი დონოვანი გვაუწყებს, ექსპერტები, ფაქტობრივად, დარწმუნებული არიან, რომ რიადი ვაშინგტონთან სტრატეგიულ კავშირს არ დათმობს: საუდის არაბეთს სჭირდება სამხედრო დახარება, რისი საფასურიც არის ნავთობი - სტაბილური ფასები და საიმედო მომარაგება.
XS
SM
MD
LG