Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდმა მთავრობა, ალიყურის ნაცვლად, ქათინაურებით შეამკო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისიის სტუმრობასთან დაკავშირებული საკადრო გადაადგილებების სერია არ შედგა და პრეზიდენტი მთავრობის წევრების მიმართ მხოლოდ მსუბუქი მუქარით შემოიფარგლა.

არადა, მანამდე შევარდნაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ფონდის რეკომენდაციათა შეუსრულებლობის გამო, სერიოზულ ”ეგზეკუციას” ჰპირდებოდა და ბევრი ვარაუდობდა, რომ დევიდ ოუენის თბილისური ვოიაჟი რამდენიმე მაღალჩინოსნის, უკვე ტრადიციად ქცეულ, მსხვერპლთშეწირვას გამოიწვევდა. ამ ვარაუდის საფუძველს ანალიტიკოსებს ფონდის რეკომენდაციათა შესრულების სავალალო მდგომარეობა აძლევდა.
წინა ვიზიტის შემდეგ ოუენის მისიის მიერ დატოვებული 11 რეკომენდაციიდან აღმასრულებლებმა მხოლოდ სამიოდე რჩევა გაითვალისწინეს, რითაც ამ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა უკვე მერამდენედ შეაგდეს სასწორზე. რეკომენდაციების პათოსი ტრადიციული გახლავთ და იგი წლების განმავლობაში მეორდება. ფონდი ხელისუფლებისაგან, როგორც წესი, ითხოვს: ფისკალური და მონეტარული მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულებას, დავალიანებების დაფარვას, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მუშაობის გავრცელებას ყველა მსხვილ გადამხდელზე, წინასაიმპორტო ინსპექტირების რეჟიმის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის დამტკიცებას, საგადასახადო ადმინისტრირების გაძლიერებას, თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდასთან ბრძოლის გამკაცრებას, საბიუჯეტო შემოსავლების 25 მილიონით გაზრდას, ენერგოსექტორის ვალების გასტუმრების სტარტეგიის შემუშავებას, შიდა ვალების რეგულირების მიზნით, ენერგოვალების შესახებ კანონის მიღებას, ფერადი ლითონებისა და ჯართის ექსპორტზე შეზღუდვების გაუქმებას.
ამ ”სტანდარტული” რეკომენდაციებიდან დიდი ნაწილი ან არ არის, ან სანახევროდაა შესრულებული. შესაბამისად, ბევრისათვის ფონდის კეთილგანწყობის მოპოვება შორეულ პერსპექტივად გამოიყურებოდა. თუმცა ამჯერადაც ფონდის ემისრების დიპლომატია რჩევების გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ წყენაზე მაღლა აღმოჩნდა და დევიდ ოუენმა ეკონომიკური ბლოკი ”დამკვრელური” შრომისათვის შეაქო კიდეც.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ “პროგრესი ყველა საკითხში” შეიმჩნევა.
გასულ ხუთშაბათს, ფინანსთა სამინისტროში მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დევიდ ოუენმა ჟურნალისტებს ახარა, რომ ფონდი ყველაზე მეტად კმაყოფილია ენერგეტიკის დარგში ვალების გასტუმრების კონცეფციით, რომელიც ფონდის მემორანდუმით იყო განსაზღვრული და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა. ეს ის მემორანდუმი გახლავთ, რომელმაც თავის დროზე დიდი მითქმა -მოთქმა გამოიწვია და რომლის გამოც დავით მირცხულავას პორტფელი ერთხანს ცაში იყო გამოკიდებული. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ფონდის მისიას ცაიტნოტში ამჯერად ისეთი კონცეფცია დაახვედრა, რომ ოუენმა მისი მისამართით ქათინაურებიც არ დაიშურა.
მიუხედავად ვიზიტის დასაწყისში მსუბუქი ”ფლირტისა,” ფონდის მიერ პროგრამის დაფინანსების გაგრძელების საკითხი, ბუნებრივია, ჯერ გადაუწყვეტელია. ოუენი აღნიშნავს, რომ მთავრობასთან ჯერჯერობით არც ერთი შეთანხმება არ არის მიღწეული და ამ ეტაპზე ძნელია ფონდის მისიის დასკვნაზე საუბარი.
ამჟამინდელი ვიზიტის მთავარი და, ამავდროულად, ყველაზე მტკივნეული თემები, ტრადიციულად, საბიუჯეტო და ფისკალური საკითხები იქნება. ფონდი ხელისუფლებას საბიუჯეტო შემოსავლების, მინიმუმ, 25 მილიონი ლარით ზრდას სთხოვს. აღმასრულებელ ხელისუფლებას, საგადასახადო ადმინისტრირების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, ვშიშობთ, ამ რეკომენდაციის შესრულება გაუჭირდება, უფრო მეტიც, წლის დასაწყისში ბიუჯეტის შესრულებით გამოწვეული ეიფორია, შესაძლოა, უკვე შემოდგომისათვის მთლიანად გაქრეს, რადგან ხელისუფლებას გაცილებით მეტი თანხები ექნება ამოსაღები, ვიდრე წლის პირველ ნახევარში ჰქონდა, როცა საბიუჯეტო პარამეტრები მნიშვნელოვნად შემცირებულად დაიგეგმა. ასეთ პირობებში, დამატებითი 25 მილიონის ნაცვლად, მთავრობას უკვე არსებული გეგმის შესრულებაც გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, საბიუჯეტო სეკვესტრების მტკივნეულ სერიას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერც ამჯერად დააღწიოს თავი.
ფონდის მეორე დაჟინებული რეკომენდაცია ჯართის ექსპორტის შეზღუდვის აკრძალვას ითვალისწინებს. არადა, საქართველოს პარლამენტმა ამგვარი შეზღუდვა სულ რამდენიმე თვის წინ დააწესა და, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვის გაუქმების თაობაზე კანონში ცვლილებათა პაკეტი უკვე შევიდა საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საკითხის დადებითად გადაწყვეტას, სხვადასხვა ინტერესების დაჯახების გარდა, ელემენტარული საპარლამენტო ”პატივმოყვარეობაც” შეუშლის ხელს. ჯართის ექსპორტის თემას სარფიანი ვაჭრობისათვის გამოიყენებენ მრეწველები, რომელთა მაზანდამ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდეგ საგრძნობლად ”აიწია”.
საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს შავი და ფერადი ლითონების ჯართის მოპოვებისა და ექსპორტის რეგულირების ეფექტური მექანიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, “მრეწველები” მხარს არ დაუჭერენ ჯართის ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დროებითი შეზღუდვები პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დააწესა სწორედ ფრაქცია “მრეწველების” ინიციატივით.
ტყემალაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია ჯართის ექსპორტის რეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივები. მთავრობამ ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე უკვე მოიწონა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, შავი და ფერადი ლითონის ქურდობა 2-დან 7 წლამდე, დამამძიმებელ გარემოებაში კი - 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე მოწონებულ იქნა ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ჯართის მოპოვების, შენახვისა და ტრანსპორტირების წესის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმა 1000-დან 3000 ლარამდე, განმეორები შემთხვევაში კი 3000-დან 5000 ათას ლარამდე შეადგენს.
ჯართის თემა უცილობლად საპარლამენტო გარიგებების საგანი გახდება და, საბოლოოდ, სავარაუდოა, რომ მას, გარკვეული დათმობების საფასურად, ფონდის რეკომენდაციების სასარგებლოდ გადაწყვეტენ.
თავად ოუენის მისია, რომელსაც გაცნობისა და მონიტორინგის ხასიათი აქვს, თბილისს მაისის დასაწყისში დატოვებს. ფონდის პოლიტიკიდან გამომდინარე, ემისრები ხელისუფლების ცალკეულ ცოდვებზე ამჯერადაც დახუჭავენ თვალს და საქართველო პროგრამის დაფინანსებას მაინც მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მათგან ნაწყალობევ 24 მილიონიან ტრანშს აგვისტოს თვეზე ადრე არ უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG