Accessibility links

logo-print

რადიო “თავისუფლების” ახალგაზრდულ პროგრამაში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი რადიო “თავისუფლების” ახალგაზრდულ პროგრამაში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ხშირად გვისაუბრია.

ამ პრობლემების სიმწვავიდან გამომდინარე, მათ, ალბათ, მომავალშიც არაერთხელ მივუბრუნდებით. განათლების, კერძოდ კი, ეკონომიკური განათლების, სფეროში არსებულ მდგომარეობას შევეხებით დღესაც და გაგაცნობთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური ცოდნის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება “ახალი ეკონომიკური სკოლა” ახალგაზრდა მეცნიერებს, პრაქტიკოს პედაგოგებს, ასპირანტებს, სტუდენტებსა და პუბლიცისტებს აერთიანებს. ეკონომიკური ცოდნის გავრცელებისთვის ეს უკანასკნელნი რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ესაა: საჯარო ბეჭდვითი და ვირტუალური ბიბლიოთეკის მომცველი ეკონომიკური საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის შექმნა, ეკონომიკური ლიტერატურის მოზიდვა, ეკონომიკური აზროვნების კლასიკოსთა ნაწარმოებების პოპულარიზება, ეკონომიკური პუბლიცისტიკის მხარდაჭერა, მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობების დამყარება, ეკონომისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ლექცია-სემინარების მოწყობა, ეკონომიკური სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შემუშავება და ასე შემდეგ. თუ რატომ გახდა საჭირო ზემოხსენებული მიმართულებებით მუშაობა, ამას ახსნა, ვფიქრობ, არც ესაჭიროება. იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური განათლების სისტემამ ვერ აუღო ალღო ახალ რეალობას და ვერ მოახერხა ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ეკონომიკური განათლება ექნებოდათ, დღევანდელი ვითარება მეტყველებს. როგორც “ახალი ეკონომიკური სკოლის” საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა პაატა შეშელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკური განათლების სისტემა , უწინდებურად, დრომოჭმულ მეთოდოლოგიას ემყარება, ჯერ კიდევ არ არის გათავისუფლებული მარქსისტულ-ლენინური დოგმებისგან და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხელისუფლებაში ვერ გამოჩნდა ეკონომიკური გუნდი, რომელსაც უმწვავესი ეკონომიკური პრობლემებისადმი პროფესიული მიდგომა ექნებოდა.

პაატა შეშელიძის აზრით, ეკონომიკური განათლების დახვეწას მნიშვნელოვნად უშლის ხელს თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურის სიმწირე და პედაგოგთა არაკვალიფიციურობა. “ლექტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლენინურ-მარქსისტული დოგმების ტყვეობაში რჩება. ასეთებს კი არ ძალუძთ სტუდენტებს თანამედროვე ეკონომიკური ცოდნის მიღებაში ეხმარებოდნენ.”

[პაატა შეშელიძის ხმა] “ თან არ უნდა აღიაროს რომ მარქსისტია, მაგრამ თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ის ჩვეულებრივი მარქსისტი მეცნიერია. პრობლემაა ლიტერტურაც. საქართველოში მწირია არამარქსისტული ეკონომიკური ლიტერატურა, -”ამბობს პაატა შეშელიძე. მის მიერ მითითებულ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზიცია, რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს. თუმცა, საინტერესოა, რას სთავაზობენ მომავალ ან დამწყებ ეკონომისტებს ის ახალგაზრდები, რომლებიც “ახალი ეკონომიკური სკოლის” საინიციატივო ჯგუფში თანამედროვე ეკონომიკური ცოდნის გავრცელების მიზანმა გააერთიანა. ამ მხრივ, პირველ რიგში, ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტთა სემინარები უნდა აღინიშნოს. ეს ღონისძიებები თბილისში, “ახალგაზრდა მეცნიერთა” კლუბში, ტარდება. უკვე ჩატარებულ სემინარებზე არაფერს ვიტყვი. ახლო მომავალში “ახალი ეკონომიკური სკოლა” დაინტერესებულ პირებს ისეთ თემებზე მსჯელობას შესთავაზებს, როგორიცაა: “მას-მედიის ეკონომიკა, ანუ რამდენად თავისუფალია თავისუფალი სიტყვა,” “ევრო - ერთიანი ევროპის ვალუტა”, “კორუფცია უდრის სოციალიზმს”, “ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტის ზეობის 100 წელი” და ასე შემდეგ.
პაატა შეშელიძის თქმით, მიღწეულია შეთანხმება მაღალკვალიფიციურ უცხოელ სპეციალისტებთან,” ახალი ეკონომიკური სკოლის” საჯარო სემინარებში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამას გარდა, არსებობს შეთანხმებები უცხოეთის რიგ სასწავლო ცენტრებთან ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტების საშუალო და გრძელვადიან სტაჟირებებსა და კონფერენციებზე მისაწვევად.

ეკონომიკური განათლების გავრცელების მთელი ეს პროექტი იმ სპეციალისტების წარმოჩენაზეა გათვლილი, რომლებიც, დღეს თუ არა, მომავალში მაინც შეძლებენ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ კანონზომიერებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა “ახალი ეკონომიკური სკოლის” მუდმივი მსმენელები ჯერ კიდევ ვერ ამჟღავნებენ ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის სურვილსა და უნარს. “ამას, ალბათ, დრო მოიტანსო,”- ამბობს პაატა შეშელიძე და ქართველი სტუდენტების ერთ ნაკლოვანებაზე მიუთითებს:

[პაატა შეშელიძის ხმა] “დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო პოლიტიზირებულია. მას არა აქვს კონსტრუქციული პროგრამა. მას შეუძლია გაიფიცოს იმის გამო, რომ ვიღაცა კორუმპირებულია, მაგრამ არა აქვს ალტერნატიული პროგრამა, როგორ უნდა გარდაიქმნას ეს სისტემა ისე, რომ განთავისუფლდეს კორუფციისგან. მე ჩემს მაგალითს მოვიშველიებ. ჩვენ როცა ვიფიცებოდით იმის გამო, რომ არ გვინდიდა მეცნიერული-კომუნიზმის სწავლა, ვამუშავებდით ჩვენს პროგრამას და ვეძებდით იმ პედაგოგებს, რომელთა ლექციების მოსმენაც გვინდოდა. მე უნივერსიტეტი დავამთავრე 92 წელს”

მაგრამ ახლა უკევ 2002 წელია. საქართველოს ეკონომიკაში თავისი პოზიტიური სიტყვა არც უნივერსიტეტის 10 წლის წინანდელ გამოშვებას უთქვამს. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების კვლევაზე ორიენტირებული ქართული ეკონომიკური სკოლის მიღწევაც მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სურვილად რჩება. თუმცა ეს სურვილი თავის შედეგს ოდესმე მაინც მოიტანს.

დავით პაიჭაძე, თბილისი

ორიოდე დღის წინ გაუწყებდით, რომ გასრულდა გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი პენ-მარათონი 2002; დააჯილდოეს გამარჯვებულები და გამოსცეს წიგნი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოადგინეს. შესაძლოა, გახსოვთ, რომ კონკურსის, ასე ვთქვათ, ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს წერა უნდა დაეწყოთ სიტყვებით “რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა...” და 12 საათში დაეწერათ პროზაული ნაწარმოები. 12 საათიან მარათონში, მართალია, 26 ავტორი ჩაება, მაგრამ კრებულში მხოლოდ 10 მათგანის თითო მოთხრობა შევიდა.

კონკურსში გამარჯვებულთა დასახელების შემდეგ მე ვთხოვე ჟიურის წევრს, კრიტიკოს მალხაზ ხარბედიას, ეთქვა, რა ისეთ სიახლეს წააწყდა წაკითხულ მოთხრობებში, რასაც აქამდე ქართულ ლიტერატურაში არ შეხვედრია. ამ მხრივ, ჩვენი საუბარი საინტერესო არ გამოვიდა: მალხაზ ხარბედია, სიახლის თვალსაზრისით, მხოლოდ ერთი, პირველი პრემიის მფლობელის გელა ჩქვანავას, მოთხრობა აღნიშნა, ხოლო დანარჩენ ავტორებზე არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, გელა ჩქვანავასთვის მთავარი პრიზის გადაცემისას, ჟიურის წევრმა ვახუშტი კოტეტიშვილმა აღნიშნა, რომ ჟიურის ყველა წევრმა ერთსულოვნად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სწორედ ამ მოთხრობას, “მემენტო მორი”-ს, მიაკუთვნა პირველი ადგილი, თან ავტორის ვინაობის უცოდნელად. მოთხრობის პერსონაჟები ის ადამიანები არიან, ვინც ახლა დევნილია, მაგრამ ჩქვანავას ტექსტში ისინი მშვიდობიან, ომამდელ ქალაქში ცხოვრობენ. გელა ჩქვანავას მოთხრობა კრებულში შესულთაგან ერთადერთია, რომელსაც სრულიად არ ატყვია ცაიტნოტის კვალი: თითქოს ავტორმა ის კი არ დაწერა, არამედ უკვე კარგად დამუშავებული, მზა სახით მხოლოდ ქაღალდზე გადაიტანა ა.წ. 22 მარტს, როცა პენ-მარათონის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ავტორი ოსტატობას თუნდ მარტო იმით ავლენს, რომ მოთხრობის ყველაზე კეთილშობილი პერსონაჟი ძაღლია და, ამასთან, თხრობა სრულიად თავისუფალია ყოველგვარი მორალიზმისაგან. ასეთ შემთხვევაში ირონია, უბრალოდ, გარდაუვალია და გელა ჩქვანავას მოთხრობაც, მკაფიო პერსონაჟების გარდა, სწორედ ირონიის, როგორც ტროპისა და განწყობის მშვიდი თანაარსებობით გამოირჩევა სხვა მოთხრობათაგან. საერთოდ კი, ირონია მსჭვალავს კრებულში შესულ თითქმის ყველა ნაწარმოებს – ძნელია, არ იყო ირონიული, როცა გაძლევენ 12 საათს და იძულებული ხარ, ამ დროში მოთხრობა დაწერო. ირონიულია მეორე პრემიის მფლობელი მარინა ელბაქიძე თავისი “გაპარული წმინდანით”, რომელშიც თანამედროვე თბილისის რეალიები “ჯვარს აცუ ეგე”-ს მარადიულ მოტივსა და ლუის ბუნუელის “სვიმეონ მესვეტეს” ეხმიანება. ირონიაა მესამე ადგილზე გასული თამარ ფხაკაძის მოთხრობაში “გაკვეთილი”, თანაც, ქართველი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ირონია, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებლად, ალბათ, ელდარ შენგელაიას ფილმებში გამოკრთა; ეგ არის, რომ თხრობა საკუთარ არარეალიზებულ შესაძლებლობებზე თამარ ფხაკაძის მომაკვდავი პერსონაჟის მიერ პირველ პირში მიმდინარეობს. აქ შეიძლება კიდევ ერთი ირონიული პლასტი შევნიშნოთ: “გაკვეთილი” თავისებური “გლახის ნაამბობია”, ოღონდ, სლენგით ნაამბობი...

საუკეთესო ათეულში მოხვდა მაკა მიქელაძის მოთხრობა “მოკვეთილი გაკვეთილი”, რომელიც, როგორც იქნა, შეეხო თანამედროვე ქართველის რელიგიასთან დამოკიდებულების პრობლემას. სიტყვასა თუ ფრაზაზე მუშაობის თვალსაზრისით, ტექსტი უფრო ნედლეულს წარმოადგენს, მორალიზმისგან დისტანცირებაც ნაკლებ წარმატებულია, მაგრამ, ლიტერატურის შეფასების ძველ კრიტერიუმებს თუ მოვიშველიებთ, ავტორს შეიძლება გაბედულება შევუქოთ: ეკლესიური ცხოვრების, მრევლისათვის ქრისტიანულ მცნებათა ინტერპრეტაციის სირთულე დღევანდელ ქართულ მწერლობაში, თუ არ ვცდები, პირველად მაკა მიქელაძესთან ცდილობს პუბლიცისტიკიდან პროზაში გადანაცვლებას. რა არის ეკლესია – ადგილი, სადაც ცდილობენ სულიერი ცხოვრება წარმართონ, თუ ადგილი, რომელსაც აკითხავენ ცხოვრების წესისათვის ხარკის გასაღებად? ვინ არის მოძღვარი – ვინც გეხმარება სიყვარულის წვდომასა თუ პოვნაში, თუ ვინც, უბრალოდ, სულში გიფათურებს ხელებს? სჯობდა, ავტორს არც ეცადა პასუხის ძიება ამ და კიდევ მრავალ სხვა კითხვაზე, რომელთა კითხვებადვე დატოვება რთული ამოცანაა მცირე ლიტერატურული ფორმისათვის, მით უმეტეს, თუ ეს პროცესი ისევ და ისევ დაუმუშავებელი ირონიის თანხლებით წარიმართებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ მოთხრობათა დასაწერად ავტორებს 12 საათი მიეცათ და ყოველი მათგანი წინასწარ ვერ იქნებოდა მომზადებული.



XS
SM
MD
LG