Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2002 წლის იანვარ-მარტში


საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ განვითარების რა პერსპექტივები გააჩნია ჩვენს ქვეყანას.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ამ მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაღმავლობის გზას ადგას, ხოლო სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.

ეკონომიკური განვითარების უტყუარი ბარომეტრია მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებათა დინამიკა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, მისი საგრძნობი ზრდა 1996-1997 წლებში შეიმჩნეოდა. მომდევნო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მცირედი მატება თითქმის ყოველწლიურად აღინიშნება, თუმცა ეს ეკონომიკის ზრდაზე ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სულაც არ მეტყველებს.

ცნობისათვის, გასული წლის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 6,65 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2000 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 4,5 პროცენტით აღემატება. დაახლოებით ასეთივე, 3,7 პროცენტიანი, მატებაა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შიდა პროდუქტის მოცულობისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თემურ ბერიძის განცხადებით:

[ბერიძის ხმა] „ცხოვრების დონის მხრივ, დინამიკა არის ძალიან ცვალებადი, თანაც, ერთ პერიოდთან შედარება, კვარტალთან შედარება ძალზედ რთულია ამ თვალსაზრისით. მაგრამ თუ შევადარებთ 90 წელს აქ, ალბათ, ასეთი ტემპები, რომლითაც ჩვენ ახლა ვვითარდებით და დინამიკა ასეთი არის დაბალი და არ არის სასურველი. საკმაოდ დიდი დროა საჭირო, თუ ასეთი ტემპით ვიარეთ, თუნდაც 88 წლის დონეს მრეწველობაში მივაღწიოთ ან სხვა დარგში ან 90 წლის დონეს.“ [სტილი დაცულია]

თუ რატომ არ ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის და, შესაბამისად, ცხოვრების დონის საგრძნობი ზრდა, ეს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ნათლად ჩანს. ის, რამაც 2001 წელს შიდა პროდუქტის მატება განაპირობა, წელს კრიზისს განიცდის. ლაპარაკია სოფლის მეურნეობაზე, რომელსაც უნალექო და ქარიანმა ზამთარმა დაღი დაასვა. წელს საშემოდგომო ნათესების მოცულობა გასული წლისას 20 პროცენტით აღემატებოდა, მაგრამ, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ნათესების 76,5 პროცენტი დაზიანდა. ეს კი მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის შემცირებას იწვევს.

უმნიშვნელო მატებაა მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ამასთან, შეიმჩნევა უარყოფითი ტენდენცია, რაც ქართული ეკონომიკის აქილევსის ქუსლს წარმოადგენს. კერძოდ, მიუხედავად კაპიტალბრუნვის ზრდისა, იკლო საგადასახადო შემოსავლების რაოდენობამ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პირველი კვარტლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 152 მილიონი ლარი შეადგინა. მარტივი არითმეტიკის გამოყენებითაც ცხადი ხდება, რომ ასეთი მაჩვენებლებით მილიარდიანი ბიუჯეტის შესრულება ვერ მოხერხდება. აქვე ჩანს ის მექანიზმიც, რომლის წყალობითაც საფინანსო უწყებები 2002 წლის პირველი თვეების ბიუჯეტს შესრულებულად აცხადებდნენ. ანუ ამ თვეების შემოსავლების გეგმა ხელოვნურად იყო შემცირებული და, ბუნებრივია, რომ შემოდგომის თვეების გაორმაგებული გეგმა ვეღარ შესრულდება.

ბიუჯეტსა და, საერთოდ, ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სამრეწველო გიგანტები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვერ ახორციელებს მათ ეფექტურ მენეჯმენტს, მაინც საერთო მრეწველობაში ამ საწარმოების ხვედრითი წილი 40,4 პროცენტს შეადგენს. სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზრით, ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზება უნდა განხორციელდეს, რათა ქართულმა მრეწველობამ მისი მასშტაბების შესაბამისი მოგება მოიტანოს.

შესამჩნევი ჩავარდნაა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2002 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 219 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლის 94 პროცენტია. მასში 58 მილიონი ექსპორტზე მოდის, ხოლო 161 მილიონი - იმპორტზე. ასეთი სხვაობით არის განპირობებული საქართველოს სავაჭრო ბალანსის უარყოფითი მაჩვენებელი, რაც პირველ კვარტალში 103 მილიონ დოლარს შეადგენს.

სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თემურ ბერიძეს, საბაზრო ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ კიდევ ერთ მთავარ ფაქტორად ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოუყალიბებლობა მიაჩნია.

[ბერიძის ხმა] „ეს ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტი, ჯერჯერობით, სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯერ საბაზრო ეკონომიკა საქართველოში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვერ ფუნქციონირებს, ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ საფინანსო ბაზარი ჯერ კიდევ არის საწყის ეტაპზე, საწყის სტადიაზე და, შესაბამისად, თავისი წვლილი არ შეაქვს ეკონომიკის ფუნქციონირებაში.“[სტილი დაცულია]

შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევის გზები ხელისუფლებამ ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უნდა ეძებოს, თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის გამოკვლევები ჩვენი მთავრობის სერიოზული ყურადღების საგანი ჯერჯერობით არ გამხდარა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სულ სხვა, რეალობისგან შორს მდგარი, ინფორმაციით იკვებება.
XS
SM
MD
LG