Accessibility links

logo-print

სტუდენტური ფილმების რესპუბლიკური ფესტივალი “ჩვენ მოვდივართ” თბილისში ზუსტად ერთი კვირის


სტუდენტური ფილმების რესპუბლიკური ფესტივალი “ჩვენ მოვდივართ” თბილისში ზუსტად ერთი კვირის წინ დაიხურა,

მაგრამ კინემატოგრაფიულ წრეებში სტუდენტური კინოფორუმის შესახებ საუბარი არ წყდება. ყველა აღნიშნავს, რომ დედაქალაქს არ ახსოვს, მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით, ასეთი წარმატებული კინოფესტივალი; მართალია, კინოდათვალიერება თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა, მართალია, კლუბ “სარდაფში” ფილმებს სამუშაო საათებში, შუადღეზე, უჩვენებდნენ, მაყურებლის უმრავლესობას მაინც ფეხზე დგომა უხდებოდა, რადგან კლუბი, უბრალოდ, ვერ იტევდა ფესტივალის საკონკურსო ფილმების ნახვის მსურველებს, რაც არავისთვის არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, გაზაფხულის დადგომის მიუხედავად, ნამდვილი კულტურული სეზონი თბილისში ჯერ არ დაწყებულა და ახალგაზრდებმა, უბრალოდ, არ იციან, როგორ გაატარონ თავისუფალი დრო; მეორეც, ფესტივალზე “ჩვენ მოვდივართ” თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და ვიდეოარტის ნიმუშები წარმოადგინეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კინოსახელოსნოების სტუდენტებმა. ასეთი სახელოსნო კი მრავალ უმაღლეს სასწავლებელშია გახსნილი... ასე რომ, სტუდენტებს გულშემატკივარიც ბევრი ჰყავდათ. კინოსახელოსნოების მომრავლება ქვეყანაში, სადაც კინემატოგრაფის გარდაცვალებაზე საუბრობენ, თავისთავად, სიმპტომატური მოვლენაა... ფესტივალზე მხოლოდ ის უნდა გარკვეულიყო, თუ რამდენად განსაზღვრავს რაოდენობა ხარისხს, ანუ “ვინ მოდის” ქართულ კინოში და შეძლებს თუ არა ეს თაობა შეასრულოს დოქტორი ფრანკენშტაინის როლი – გააცოცხლოს გარდაცვლილი ქართული კინო.

წელს სტუდენტური კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკმაოდ სარისკო და არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღეს – ჟიურის წევრებად მხოლოდ კინოკრიტიკოსები მიიპატიჟეს. არადა, დღეს ყველაზე მკაცრად ეროვნული კინოს მდგომარეობას სწორედ ქართველი კინოკრიტიკოსები აფასებენ და მათი პროგნოზებიც საკმაოდ პესიმისტურია. ანუ ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ, მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით, წარმატებული ფესტივალი სულაც არ იქნებოდა წარმატებული, შედეგების თვალსაზრისით, და პროფესიონალები ნაკლებად გაიზიარებდნენ ახალგაზრდა მაყურებლის აღფრთოვანებას სტუდენტურ კინოფორუმზე ნაჩვენები ფილმებით. მაგრამ მოხდა ის, რასაც დღევანდელი ქართული კინოს ყველაზე მკაცრი შემფასებლებიც არ ელოდნენ: ჟიურიმ თითქმის დემონსტრაციულად დაიწუნა ფესტივალზე ნაჩვენები ყველა მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და მთავარი პრიზი გადასცა კინოჟურნალისტ ირაკლი ჩხიკვაძეს სატელევიზიოდ გადაღებული ვიდეოტიხრებისთვის. ასეთმა გადაწყვეტილებამ ფესტივალის მონაწილეთა უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის შედეგი არ არღვევს სტუდენტური კინოდათვალიერების ფორმატს. როგორც ჩვენთან საუბარში ჟიურის წევრმა, კინოკრიტიკოსმა თეო ხატიაშვილმა განაცხადა [თეო ხატიაშვილის ხმა]: “ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კლასიფიკაცია მომხდარიყო, რადგან ჟიურისთვის რთულია განსაზღვროს ასე საუკეთესო, მითუმეტეს, როცა ერთადერთი მთავარი პრიზია... მაგრამ წარმატება ამ ტიხრებისა განაპირობა იმან, რომ ეს იყო ერთადერთი ნამუშევარი, სადაც თავმოყრილი იყო აზრის სიცხადე, ლაკონიურობა, ავტორის დამოკიდებულება, გამოვლენილი საკმაოდ თამამად... ახალგაზრდული სიხალასე თუ სითავხედე, რაც ძალიან აკლდა ამ ახალგაზრდულ ფესტივალს.”

შეიძლება უცნაურადაც მოეჩვენოს ვინმეს: შედარებით უფროსი თაობის კინოკრიტიკოსი სტუდენტ-რეჟისორებს სიხალისესა და სითავხედეს სთხოვს, სტუდენტი კი კვლავ დამჯერი ბავშვის როლშია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი კინორეჟისორების მიმართ კინოკრიტიკოსების პრეტენზია უცვლელი რჩება. ჯერ კიდევ 80-იან წლებში ალაპარაკდა ქართული კინოკრიტიკა კონფორმიზმის შესახებ ახალგაზრდა რეჟისორთა ფილმებში. და ეს პრობლემა, როგორც ჩანს, დღესაც აქტუალურია. ახალგაზრდა კინორეჟისორების კონფორმიზმზე ახლა უკვე ახალგაზრდა კინოკრიტიკოსები ალაპარაკდნენ. ჟიურის წევრმა, კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილმა, რომელიც სულ ერთი წლის წინ თავად იყო სტუდენტი, ჩვენთან საუბარში აღნიშნა [გიორგი კალატოზიშვილის ხმა]: “სტუდენტებს, ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მთლიანად საქართველოა ხმამაღალი განაცხადი. პოლიტიკა იქნება ეს თუ ხელოვნება, ჩვენ გვიყვარს განაცხადების გაკეთება, საქმეს კი იქით გადავდებთ ხოლმე – ჰოდა ამ სტუდენტების ამბიციურობამ, პრეტენზიულობამ ძალიან მკვეთრად წამოიწია წინ, სამწუხაროდ... აშკარად გამოიკვეთა, რომ იმ სახელოსნოებმა, რომლებმაც წარადგინეს ფილმები ამ ფესტივალზე, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოახერხეს ცოდნის ჩადება სტუდენტებში”[სტილი დაცულია].

ახალგაზრდა რეჟისორებს დღევანდელ საქართველოში ეპატაჟის აღარ ეშინიათ, მაგრამ ის, რასაც თეო ხატიაშვილი “სითავხედეს” უწოდებს, მხოლოდ ეპატაჟს არ გულისხმობს. ლაპარაკია სწორედ “მხატვრულ ეპატაჟზე”, საინტერესო მიგნებებზე, მხატვრული თვალსაზრისით, რასაც ჩვენი ახალგაზრდები არა მარტო კინოში, ხელოვნების სხვა დარგებშიც იშვიათად აღწევენ. როგორც გიორგი კალატოზიშვილმა აღნიშნა [გიორგი კალატოზიშვილის ხმა]: “სტუდენტები ეპატაჟს აღარ ერიდებიან, გამოხატავენ აბსოლუტურად ყველაფერს – სტუდენტურ ფილმებში გამოჩნდა უკვე შიშველი სხეული, რასაც ადრე ერიდებოდნენ (ყოველ შემთხვევაში, შარშანდელ ფესტივალზე არ იყო ასეთი)... თემატურადაც იყო მრავალფეროვანი... უკვე ჰომოსექსუალიზმის თემაც წამოწიეს, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფაქტის კონსტანტირებას აკეთებენ და არა ინტერპრეტაციას.”

ცნობილი ფრანგი კინომცოდნე, ფრანგული “ახალი ტალღის” რეჟისორების პედაგოგი ანდრე ბაზენი მიიჩნევდა, რომ დამწყებ კინემატოგრაფისტს ორი რამ უნდა მოვთხოვოთ: იგი არ უნდა იყოს გულგრილი იმის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება და კარგად უნდა დაეუფლოს ხელობას. სტუდენტური ფილმების ფესტივალის ჟიურის ორი წევრი, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, მიიჩნევს, რომ, თუ პირველ მოთხოვნას ჩვენი სტუდენტი-რეჟისორები, ასე თუ ისე, აკმაყოფილებენ (შემთხვევით არ იყო სტუდენტთა კინოფორუმზე ყველაზე პოპულარული სოციალური თემა), კინემატოგრაფიული ენით მეტყველება მათ ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ. კინოკრიტიკოსები გაკვირვებას ვერ მალავენ: სტუდენტურ ფილმებზე კლუბ “სარდაფში” ნემსიც კი ვერ ჩავარდებოდა, მაშინ როცა კინოს სახლში გენიალურ რეჟისორთა ფილმებს ხშირად ცარიელ დარბაზში უჩვენებენ... როგორც თეო ხატიაშვილმა აღნიშნა [თეო ხატიაშვილის ხმა]: “მათ არ აინტერესებთ, თავიანთი ნაცნობების გარდა, არავის კინემატოგრაფი, თუმცა ერთმანეთს ძალიან გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. თუმცა არანაირი კინემატოგრაფიული კულტურა ამ ფილმებში არ შეიგრძნობა... საშა ქორიძის ფილმი “ალსტრომის სინდრომი,” ამ მხრივ, ძალიან დაიჩაგრა. მე ვიცი, რომ საშას ძალიან უყვარს ირანული კინემატოგრაფი და ამ ფილმის სადა ენაში ეს კარგად გამოჩნდა. არ ვიცი, როგორც ჩანს, პუბლიკაც გადაეჩვია, რომ ფილმში რაიმე კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის დანახვის სურვილი გაუჩნდეს... შეიძლება ამიტომაც დაიჩაგრა. ეს ფილმი იმითაც გამოიკვეთა, რომ ბავშვური ტიტინი, რომელიც იყო ამ ფესტივალზე, ამის ფონზე იყო ძალიან სერიოზული ფილმი”[სტილი დაცულია].

ალექსანდრე ქორიძის ბრწყინვალე დოკუმენტური ფილმი იშვიათი და საშიში სენით შეპყრობილ ახალგაზრდა კაცზე, შესაძლებელია, ჟიურის მეტისმეტად პუბლიცისტური მოეჩვენა. შესაძლებელია, სურათის სრულფასოვან აღქმას ხელი შეუშალა დარბაზმაც: როგორც ფილმის რეჟისორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საერთო ჟივილ-ხივილის ფონზე ფილმის ტრაგიკული ინტონაცია პუბლიკამ, უბრალოდ, ვერ იგრძნო. ეს კი, ალბათ, იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ მომავალში აუცილებელიცაა ფესტივალის ჩატარება არა კლუბში, არამედ ნორმალურ კინოდარბაზში. თუმცა პრობლემას აქ ის ქმნის, რომ დღეს ქართველ სტუდენტებს მხოლოდ ვიდეოფირზე აქვთ ფილმის გადაღების საშუალება. ვიდეოზე გადაღებული ფილმი კი, მოგეხსენებათ, სპეციფიკურ დარბაზს მოითხოვს. თუმცა, ფესტივალის ჟიურის წევრის გიორგი კალატოზიშვილის აზრით, სტუდენტები წესიერად ჯერ ვიდეოკამერას ვერ დაეუფლნენ და, მართალია, ზოგიერთ მათგანს კინორეჟისორობაზე პრეტენზია დიდი აქვს, ფესტივალის დევიზი “ჩვენ მოვდივართ” ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარაციად რჩება. [გიორგი კალატოზიშვილის ხმა]: “არა ხარ, ამ შემთხვევაში, არც მასალაში შეზღუდული, არც ტექნიკაში... და მაინც სტუდენტები ვერც გმირს ახასიათებენ, ვერც ისტორიას, ვერც სიუჟეტს ყვებიან... როდესაც ნახევარი საათი გეძლევა და ვერც ადამიანს მიხასიათებ და ვერც სიუჟეტს მიხაზავ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია.”

როგორც ხედავთ, ქართველი კინოკრიტიკოსები (მათ შორის, ახალგაზრდებიც) გამოუსწორებელ პესიმისტებად რჩებიან. სტუდენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორებს, შესაძლებელია, ეს დაავიწყდათ, როცა ჟიური მხოლოდ კინოკრიტიკოსებისგან შეადგინეს. თუმცა, შეიძლება, ყველაფერი კარგად იყო გააზრებული. ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა უთხრას ვინმემ, რომ დევიზი “ჩვენ მოვდივართ” მხოლოდ და მხოლოდ “ბავშვური ტიტინია”.
XS
SM
MD
LG