Accessibility links

logo-print

სამხედრო ვალდებულება საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე


როგორც ერთ-ერთ ბოლო საკვირაო გადაცემაში ვიუწყებოდით,

მარტის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო ინიციატივა გამოიყენა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა სამხედრო პროფილის 11 კანონპროექტი, რომელთა მიღების შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზება დასავლურ სტანდარტებს მნიშვნელოვნად დაუახლოვდება. თუმცა მათ რიცხვში არის ისეთიც, რომელსაც პრინციპულად მიუღებლად მიიჩნევს ცივილიზებულ სახელმწიფოთა უმრავლესობა, მაგრამ სრულიად ბუნებრივი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის გაუკუღმართებულ სინამდვილეში.

სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოში დიდ ხანია ყიდვა-გაყიდვის საგანს წარმოადგენს და ქართული "საბაზრო სინამდვილისთვის" დამახასიათებელი ამ მანკიერი მოვლენის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი თვით უმცირეს ნიუანსებამდეც კი.

მაგალითად, თუ თქვენ 18 წლის გახდით, მაგრამ არ გაქვთ სურვილი ჯარში სამსახურისა, შეგიძლიათ გადაუხადოთ გამოსასყიდი კომისარიატის წარმომადგენელს, რომელიც იქვე თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ პრობლემას. მაგრამ ეს ცოტა სარისკო საქმეა: კომისრები გეგმის შეუსრულებლობის დროს ხშირ-ხშირად იცვლებიან, ახალთან საქმის დაჭერა კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა არსებობს შემოვლითი და გაცილებით უფრო ეფექტური გზაც – მაგალითად, სწავლის დაფინანსება რომელიმე კერძო-კომერციულ ინსტიტუტში, რომელიც იძლევა დიპლომსაც და "ჯავშანსაც" სწავლის პერიოდში სამხედრო მოვალეობის გადასავადებლად.

სამხედრო სამსახურის გადავადების უფლების დაკანონებით სულ მალე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება კერძო-კომერციულ უმაღლეს სასწავლებლებზე, ხოლო უფრო პრესტიჟული სასწავლებლების ხელმძღვანელები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და, ხელისუფლების დახმარებით, მოკლე ხანში სამხედრო კათედრების გახსნის უფლებაც მოიპოვეს.

ერთი სიტყვით, ამგვარი ექსპერიმენტის შედეგად, მამრობითი სქესის ახალგაზრდობის მთელი რეალური რესურსი ქვეყნის თავდაცვითი ინტერესებისთვის დაკარგული აღმოჩნდა. მრავალწლიანი დავა-კამათის შემდეგ ამ რთული ჩაკეტილი წრიდან ერთადერთ გამოსავლად პრობლემის ლეგალიზება და მისი კანონების ჩარჩოებში მოქცევა იქნა მიჩნეული.
რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების არსი ასე განმარტა:

[დავით თევზაძის ხმა] "არასახელმწიფო სასწავლებლებშიც იგივეა ახლა. მანდ არის გაწვევასთან დაკავშირებით გარკვეული ნიუანსები. გადავადებაშია პრობლემა, მაგრამ გადავადების პრობლემას ჩვენ მოვხსნით - იქნება გარკვეული თანხა, რომელიც, გარკვეულწილად, შეენაცვლება მის ბეგარას, და რამდენ ხანსაც უნდა გადაავადოს, მაგრამ გარკვეულ ვადამდე. ეს თანხები მოიზიდება და მოემსახურება იმ ადამიანების ყოფას, რომლებიც თავის ქვეყანას ემსახურებიან."[სტილი დაცულია]

ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრების მიერ მოწონებული კანონპროექტის მიხედვით, გადავადების უფლება უუქმდებათ იმ კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, სადაც არ ფუნქციონირებს სამხედრო კათედრები. გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ დედისერთები და ის წვევამდელები, რომლებსაც ერთი შვილი ჰყავთ.
სამაგიეროდ, კანონის პროექტი აქაც ითვალისწინებს სიახლეს, რაც სამხედრო სამსახურის გადავადების ნებისმიერ მსურველთათვის გარკვეული მოსაკრებლის დაკანონებაში გამოიხატება.

ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის მოსაკრებლის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ 18 დან 27 წლამდე პირებს, რომლებიც, კანონის შესაბამისად, ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და გამოთქვამენ სურვილს, გადაივადონ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ყოველწლიურად - 200 ლარს, ან, გაწვევას დაქვემდებარების მომენტიდან წინასწარი გადახდის შემთხვევაში, - 2000 ლარს.

რაც შეეხება მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდის წესს, კანონპროექტის მიხედვით, ამ თანხის 20% უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 80% - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის შესახებ კანონის ამ სახით ამოქმედების შემთხვევაში, სამხედრო ფინანსისტები დიდ ფისკალურ ეფექტს ელოდებიან. თავდაცვის სამინისტროს მთავარი საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი სანაიას განცხადებით, გადავადების შედეგად ამოღებული თანხა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ყოველწლიურად 16-18 მილიონს შემატებს, ხოლო ამონაგები თანხა საკონტრაქტო-პროფესიული ჯარის შექმნას, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსებას დაედება საფუძვლად.

[ირაკლი სანაიას ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს შემოსავალი, რომელიც სამხედრო ბეგარიდან იქნება, უნდა მოხმარდეს, პირველ რიგში, შეიარაღების პროგრამების შესრულებას. რამეთუ სამხედრო მოსამსახურეთა შენახვის ხარჯები უნდა აიღოს ბიუჯეტმა. და ის, რომ ჩვენ ეს თანხები, ბეგარიდან შემოსული თანხები, მოვახმაროთ ისევ შენახვას, ეს გამოდის, რომ ჩვენ ფაქტიურად ვიღებთ იმ ტვირთს, რომელიც ბიუჯეტმა უნდა აიღოს. და ვითვალისწინებთ იმას, რომ დღეს სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, რომ, გარდა შენახვის ხარჯებისა, გამოყოს გადაიარაღების ხარჯები, ზუსტად შეიძლება, რომ ეს წყარო, ანუ დამატებითი დაფინანსების წყარო, ბეგარის მობილიზებით, მოხმარდეს შეიარაღების პროგრამებს ანუ შეიარაღების შეძენას."[სტილი დაცულია]

მაგრამ ყოველივე ეს მაინც წინასწარი ვარაუდებია, რადგან წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს საკმაოდ რთული პროცედურა აქვთ გასავლელი პარლამენტში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს უკვე აღარ ჰყავს მყარი დასაყრდენი "მოქალაქეთა კავშირის" სახით, რომელიც ხელისუფლების თითქმის ყველა საკანონმდებლო ინიციატივის წარმატებას განაპირობებდა.
XS
SM
MD
LG