Accessibility links

როდის ჩამოვლენ ამერიკელი ინსტრუქტორები?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველო-აშშ-ის სამხედრო პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლის თარიღი ისევ ბურუსითაა მოცული.

ქართული მხარე აქამდე მხოლოდ ზოგადი მინიშნებებით იფარგლებოდა, რომლის თანახმადაც, ამერიკელი სამხედროები ქართველი კოლეგების მოსამზადებლად საქართველოში აპრილში უნდა ჩამოსულიყვნენ. მაგრამ აპრილმა ისე ჩაიარა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები არ ჩამოსულან, რამაც არცთუ უსაფუძვლო გახადა საუბარი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის დაწყების გადადებაზე.

ქართულ ანდაზას თუ ვენდობით, დაპირებულს სამ წელიწადს ელიან. თუმცა იმედია, აშშ-ის ხელისუფლების დაპირება საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მომზადების თაობაზე უფრო ადრე შესრულდება. ერთი კი ფაქტია: ამერიკელების ჩამოსვლის ვადის გაურკვევლობამ საზოგადოებაში თავდაპირველი ოპტიმიზმი საკმაოდ შეარყია. მეტიც: გასულ კვირაში პარლამენტში მყოფ თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს პასუხის გაცემა მოუხდა პარლამენტართა კონკრეტულ კითხვაზე, ხომ არ გადაიდო დახმარება. დავით თევზაძის განმარტებით, [დავით თევზაძის ხმა] “ჩვენ ეს გავაჟღერეთ და გავახმოვანეთ ნოემბერში, როცა პირველი შეფასება მოხდა, მაგრამ რატომღაც, სხვა მოვლენების ფონზე, ეს ინფორმაცია დაიმალა თუ მიიჩქმალა. და მერე, როგორც ახალი ამბავი, მარტში აფეთქდა...ჯერ კიდევ ნოემბერში იყო ცნობილი, რა დროს რა ღონისძიება განხორციელდებოდა. და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, ჩვენგან განსხვავებით, ის სისტემა, სამხედრო ადმინისტრირებას რომ აკეთებს – ისინი გეგმებს არ ცვლიან...ასე რომ, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით.” [სტილი დაცულია]

ამასობაში, ასევე გასულ კვირაში, გაირკვა, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას იმ პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ქართული ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მოსამზადებლად საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლას ითვალისწინებს. ამ პროგრამისთვის ამერიკულმა მხარემ 64 მილიონი დოლარი გამოყო. შეგახსენებთ, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში, დაახლოებით, 200 ინსტრუქტორი რამდენიმე თვის განმავლობაში 2 ათას ქართველ სამხედროს მოამზადებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამერიკელთა დახმარება პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის ფაქტით არის გამოწვეული. ვინაიდან ქართული მხარე დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას, ამერიკულმა მხარემ მას ასეთი სახის დახმარება შესთავაზა, რითაც რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთი, კარგა ხანია, პანკისში წესრიგის დასამყარებლად ქართულ მხარეს საკუთარ სამსახურს სთავაზობს. როგორც ჩანს, რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ვიზიტისას განხილული იყო ქართული სამხდრო ნაწილების მომზადების საკითხი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ამერიკული დელეგაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ქართულმა მხარემ ვალდებულება აიღო, რომ ამერიკელების მომზადებულ სამხედროებს აფხაზეთში არ გამოიყენებს. მისივე განცხადებით, ინსტრუქტორები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
XS
SM
MD
LG