Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული მართვის სამსახურის ახალი უფროსი - ძველი ტრადიცია არ დარღვეულა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონული მართვისა და პოლიტიკის სამსახურს უკვე დაუნიშნა ახალი ხელმძღვანელი: პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული შიდა ქართლში ირაკლი ბოჭორიძე.

ამ პიროვნებამ უკვე მეორედ შეცვალა ბადრი ხატიძე, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე 1996 წლამდე მუშაობდა. რას ნიშნავს და რას მოასწავებს ეს საკადრო ცვლილება - ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ანტიკორუფციული საბჭოს წევრს, გივი თარგამაძეს, რომელმაც ამ ორი კვირის წინ საზოგადოებას გააცნო ბადრი ხატიძის მიერ კანონის დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ხატიძის თანამდებობიდან წასვლა ძალიან სწრაფად მოხდა მას შემდეგ, რაც რეგიონული მართვისა და პოლიტიკის სამსახურის ყოფილ უფროსს საჯაროდ მიუთითეს ქონებრივ დეკლარაციაში არსებულ კანონდარღვევაზე. პრეზიდენტ შევარდნაძის ოდესღაც საყვარელ ზმნას თუ მოვიხმობთ, ხატიძე მომწიფდა, ოღონდ - ლამის ელვისებურად. შერჩეულ იქნა მოხსნის კორექტული ფორმა: ჩინოვნიკმა თავად დაწერა განცხადება-თხოვნა გათავისუფლების შესახებ და საზოგადოებას გამაფრთხილებელი შეტყობინება დაუტოვა: იგი, ჩინოვნიკი, ბადრი ხატიძე, თითქოსდა ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი გახდა.

შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტიდან რეგიონული მართვისა და პოლიტიკის სამსახურის უფროსად გადმოსვლის შემდეგ ბადრი ხატიძემ გავლენა და მართვის სადავეები მანამდე მისდამი რწმუნებულ რეგიონში შეინარჩუნა. ირაკლი ბოჭორიძის დანიშვნა, მეტწილად, ხატიძისა და პრეზიდენტის შეთანხმების შედეგია. ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ ესაა მცდელობა, შეუნარჩუნონ ბადრი ხატიძეს გავლენა რეგიონებში [თარგამაძის ხმა]: "მცდელობა აშკარაა, რომ პრაქტიკულად ხატიძეს დაუტოვონ ნომინალური მართვის სადავეები ამ პოსტზე. ბოჭორიძე, წლების მანძილზე, ხატიძის რაღაც მომყოლად იქცა იმიტომ, რომ ანაცვლებს მას ყველა ყოფილ მის თანამდებობაზე, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ბოჭორიძე ხატიძისადმი მთლად კეთილგანწყობილი არ უნდა იყოს, რადგან მუდმივად ხატიძის ქვეშევრდომის პოზიციაშია და, რამდენადაც ვიცი, ეს არ სიამოვნებს. ამ შემთხვევაში ხატიძე, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბერკეტებს და ბოჭორიძეს სხვა გუბერნატორები და გამგებლები ისეთ ანგარიშს არ გაუწევენ, როგორსაც ხატიძეს უწევდნენ".[სტილი დაცულია]

ირაკლი ბოჭორიძის ადგილას, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად, დაინიშნა დავით ქობლიანიძე. 15 აპრილს, ხატიძის კანონდარღვევათა გახმაურებისას, გივი თარგამაძემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, 1998 წლის 12 ნოემბერს ბადრი ხატიძეს, ირაკლი ბოჭორიძეს, გორის მაშინდელ მერს დავით ქობლიანიძესა და იმხანად ბოჭორიძის მოადგილეს, ამჟამად კი გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსს, გია კაიდარაშვილს, ყოველგვარი ტენდერის გარეშე (ტენდერს მოითხოვს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს N445 ბრძანებულება), იჯარით აქვთ აღებული ტყვიავის თემის საკრებულოს სოფელ მარანაში 4 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავი. ხატიძეს დეკლარაციაში არც ეს ფაქტი ჰქონდა მითითებული. გორსა და თბილისში თანამდებობებზე გადასმა-დანიშვნას, ანტიკორუფციული საბჭოს მიერ პრეზიდენტისათვის მიწოდებული რეკომენდაციის კონტექსტში, გივი თარგამაძე ამგვარ კომენტარს უკეთებს [თარგამაძის ხმა]: "ასეთი კომბინაციით პრეზიდენტი საკუთარ ანტიკორუფციულ საბჭოს, შეიძლება ითქვას, ამაიმუნებს; მოგეხსენებათ, ბრალდების მიწასთან დაკავშირებულ ნაწილში, რომელიც, ჩემი აზრით, სულაც არ არის ამოწურული, ფიგურირებდა ბოჭორიძეც და ქობლიანიძეც, რომელიც ბოჭორიძის ადგილზე დაინიშნა; ანუ პრეზიდენტი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ საბჭოს რეკომენდაცია ამ შემთხვევაში მისთვის არ იყო გადამწყვეტი. გადამწყვეტი იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივები. ის ცდილობს, შეინარჩუნოს სტატუს-კვო ".
XS
SM
MD
LG