Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რა ეშველება თბილისს?"


ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" დღეს დავასრულებთ საუბარს

ხელოვნების ინტერდისციპლინარული ლაბორატორიის მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომლის პრეზენტაცია თბილისის ისტორიის მუზეუმში შედგა. გაგახსენებთ, რომ 13 აპრილს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა საზოგადოებას წარუდგინეს ალმანახი, სახელწოდებით "ილიაზდი," და კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რომელსაც ხალხი "დედაქალაქის დამახინჯებას" უწოდებს.

1992 წლის 1 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა დადგენილება "საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ" და მაშინვე მიაღწია მიზანს: უკანონო ხელისუფლებამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი გამსახურდია საქართველოდან გააძევა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გული მოიგო. ხელისუფლება, რომელიც ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანას დღე-დღეზე აპირებდა, ამ დადგენილებით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდა: ერთი მხრივ, უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ თავის ხალხზე ზრუნავს, მეორე მხრივ კი, ქულებს იწერდა დასავლეთის წინაშე - მთელ მსოფლიოს უჩვენებდა, რომ არ ეშინია რადიკალური რეფორმების და ორიენტაცია სწორედ დასავლეთზე აქვს აღებული. ხელისუფლებამ, რომელმაც საქართველოს დედაქალაქის დანგრევაში წამყვანი როლი შეასრულა, გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, "პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს... ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელი", რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა, ფაქტობრივად, უარს ამბობდა აღედგინა ქალაქი, რომლის დანგრევაში ლომის წილი თავად მიუძღოდა. როგორც ალმანახ "ილიაზდის" ერთ-ერთი ავტორი, არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე აღნიშნავს, იმხანად "ხელისუფლებამ ხელი დაიბანა და თავიდან მოიცილა ყოველგვარი პასუხისმგებლობა". მომდევნო წლებში კი სწორედ "პრივატიზაციის შესახებ" გამოცემულმა ამ ბრძანებულებამ დაამკვიდრა, შეიძლება ითქვას, "ყველაზე პოპულარული კაპიტალისტური ფასეულობა საქართველოში". იმ ხალხსაც კი, ვინც მიიჩნევს, რომ დასავლური ფასეულობები - ცინიზმია, ძალადობა, პორნოგრაფია და ყველაფერი ეროვნულის წაბილწვა, მოსწონს "ქართული კაპიტალიზმის" მთავარი მონაპოვარი - პრივატიზებული ბინა, მოსწონს, რომ აქვს უძრაობის გაყიდვის, მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. თანაცხოვრების წესის, როგორც "სოციალიზმის გადმონაშთის", სრულმა იგნორირებამ წვრილბურჟუაზიული ინდივიდუალიზმის, უფრო სწორად კი, "ფეოდალური ინდივიდუალიზმის" სასარგებლოდ შექმნა თბილისის ახალი სახე. ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანის აზრით, ჯერ კომუნისტურმა, შემდეგ კი პოსტკომუნისტურმა ხელისუფლებამ მოსახლეობა, ერთი მხრივ, საკუთარ "სამყოფელს" მიაჯაჭვა, მეორე მხრივ კი, ყოველნაირად ხელი შეუწყო საკუთარი ქალაქისგან თბილისელების გაუცხოებას [ნანა ყიფიანის ხმა]: "შენთვის ეს არანაირ ფასეულობას აღარ წარმოადგენს და ანგრევ, რადგან აღმოჩნდი ტურისტი სხვის ქალაქში - შეღებილი აივნებითა და გალამაზებული ფასადით... ახლა არის ზღვარგადასული მდგომარეობა, როცა აკეთებ იმას, რაც გინდა, იმიტომ რომ შენ ამ ქალაქს აღარ აღიქვამ როგორც ერთიან ორგანიზმს... მე, უბრალოდ, მიკვირს, როცა აშენებენ, რისთვის უნდათ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ ძველი სახლებია? და თუ ეს ძველი სახლები საერთოდ მოისპო, მაშინ სად იცხოვრებენ?"

სანდო წყაროს ცნობით, ძველი თბილისის ბარბაროსულ ნგრევაში აქტიურად ჩაერთნენ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ჯგუფები და ამ ჯგუფებთან დაახლოებული ბიზნესმენები, არქიტექტორები. ამ ადამიანების ძალისხმევით, შესაძლებელი ხდება იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაისახა, როცა დედაქალაქისთვის ჩვეული მყუდრო "მაედნები" საშვიდნოემბრო დემონსტრაციებისთვის განკუთვნილ "მოედნებად" გადააკეთეს, როცა მთაწმინდაზე ააშენეს ახალი ტელეანძა, რომელმაც მამა-დავითის მთა პატარა ბორცვად აქცია. ალმანახში "ილიაზდი" ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილს სხვა მაგალითებიც მოჰყავს. "დაინგრა მეტეხის ძველი ხიდები ქარვასლებითა და მისგითითურთ, - წერს იგი სტატიაში "რა ემართება თბილისს?"- ასეთნაირად მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი სიცარიელეში მოვაქციეთ, ხელოვნურ ფლატეზე მოხვედრილი კარით; "უდაბნოდ" გადაიქცა რიყე და, ოცდაათი წელია, ვერ გადაუწყვეტიათ აქ რა შეიძლება გაკეთდეს."

თბილისის "უდაბნოდ" გადაქცევა, ბუნებრივია, ხელს აძლევს იმას, ვისაც ყოველთვის აღიზიანებდა სიჭრელისა და მთლიანობის გასაოცარი სინთეზი, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე აშენებულ ამ ქალაქში. კულტურულ უნივერსალიზმსა და თვითიდენტურობას შორის დაცული ეს ბალანსი ქმნიდა "ხუროთმოძღვრულ იდეოლოგიას" (როგორც შენიშნავს "ილიაზდის" კიდევ ერთი ავტორი, ხელოვნებათმცოდნე სამსონ ლეჟავა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისის სახე გამოხატავდა ქართულ ხასიათს, რომელიც თავისი "ღიაობის" გამო, მზად იყო განსხვავებულ ცივილიზაციებთან გაერთიანებისთვის ისე, რომ თავისი იდენტურობა არ დაეკარგა, რომელსაც უცხო კულტურის არასდროს ეშინოდა, რადგან, ასე ვთქვათ, "უცხოსთან თანაარსებობის იმუნიტეტი" საუკუნეების განმავლობაში გამოუმუშავდა. საბჭოთა იდეოლოგებმა ამ ბალანსის დარღვევა, ეგრეთ წოდებული, "ინტერნაციონალიზმის" სასარგებლოდ განიზრახეს. ისინი ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ თბილისი არის კერა კულტურათა სინთეზისა (და არა თანაარსებობისა) და იღვწოდნენ კიდეც იმისთვის, რომ ქალაქს ეროვნული სახე დაეკარგა. როგორც აღნიშნავენ ვახტანგ ლეჟავა და ნიკოლოზ ჩხაიძე, ავტორები ალმანახ "ილიაზდში" გამოქვეყნებული წერილისა "შენ სოფელი აღარა ხარ", "თბილისი, ისევე როგორც მთელი საქართველო, წარმოადგენდა საბჭოთა მართვის სისტემის ლოკალურ ნაწილს, რომლის მთავარი ბირთვი მოსკოვში იმყოფებოდა". მერე კი, როცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა, ახლა უკვე პოსტსაბჭოთა ეპოქაში, თბილისს მეორე მხრიდან შეუტიეს: კულტურული უნივერსალიზმის სახე დაინგრა ჯერ ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით, შემდეგ კი ამ ნანგრევებზე წამოჭიმული ეგოცენტრული, სქელი კედლებით გარშემორტყმული თაღებიანი სასახლეებით, ან ყოვლად უსახო ეკლესიებით, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის თქმისა არ იყოს, "თავისებური ქრთამით" , რომელსაც კორუმპირებული მოხელე თუ მასთან წილში მყოფი პარლამენტარი "უფალს" აძლევს "სამოთხეში მოსახვედრად". უდაბნოდ ქცეულ ქალაქში ვეებერთელა მონსტრები წინდებში შენახული "შავი ფულით" აშენდა. სასწორი ამჯერად ნეკროფილიისკენ გადაიხარა.

როგორც ალმანახ "ილიაზდის" ავტორი ლადო ვარდოსანიძე აღნიშნავს, პოსტსაბჭოთა სამყაროში საცხოვრებლის პრივატიზება ყველაზე ზერელედ, ყველაზე მოუმზადებლად სწორედ საქართველოში ჩატარდა. ლადო ვარდოსანიძის თქმით, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ძველ ქალაქს არ შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა კერძო კაპიტალის შემოტევას. "იქ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრება კანონმორჩილებას ეყრდნობა, - წერს ვარდოსანიძე, - კერძო კაპიტალის შეუღლება ისტორიულ გარემოსთან ბრწყინვალე ნაყოფს იძლევა". ამ აზრს ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანიც იზიარებს: [ნანა ყიფიანის ხმა] "დასავლური ქალაქი, მაგალითად, გერმანიის ნებისმიერი ქალაქი, პატარა ქალაქი, თავისი ისტორიული უბნით. იქ არ არის ყველა არქიტექტურული ნაგებობა ძეგლი, მაგრამ იქ არის ის ურბანული ქსოვილი, რომელიც მთლიანობაში ქმნის ძველ უბანს."

მშენებლობა, რომელიც დღეს დედაქალაქში მიმდინარეობს, აბსოლუტურად ერითმება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ეს მშენებლობა აღმშენებლობის ილუზიას ქმნის და კიდევ უფრო მეტად შლის ქართულ საზოგადოებას გამდიდრებულ და გაღატაკებულ ფენებად, საზოგადოებას, რომელსაც, ფაქტობრივად, არა ჰყავს "საშუალო კლასი"... ამიტომაცაა, ალბათ, რომ ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის თანამშრომლები დედაქალაქის იმ უბნებზეც საუბრობენ, სადაც მოსახლეობას უმძიმეს პირობებში უხდება ცხოვრება. ნანა ყიფიანის თქმით [ნანა ყიფიანის ხმა]: "არა მარტო ძველი უბანი. მე წინააღმდეგი ვარ ვილაპარაკოთ მხოლოდ ძველ უბნებზე, ჩვენ უნდა წავიდეთ გლდანში, ვაზისუბანში, ვარკეთილში და სხვა უბნებში, რადგანაც ეს უბნები გადაქცეულია გეტოებად და მოწყვეტილია ქალაქს. მე მგონი, იქ მაცხოვრებელი ადამიანიც ვერ აღიქვემს, რომ ცხოვრობს თბილისში. და მეც ვერ აღვიქვამ, იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. დაშლილია აბსოლუტურად."

საქართველოს დედაქალაქი დღეს "დაშლილია აბსოლუტურად". და, როგორც ვხედავთ, დაშლა-დანგრევის ამ პროცესში თავად ქართველები არიან ჩართულნი. "ყოველი ერის კულტურული მემკვიდრეობისადმი ზიანის მიყენება ნიშნავს მთელი კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას,"- აღნიშნულია მსოფლიო მემკვიდრეობის ჰააგის კონვენციაში. თუმცა როგორ უნდა გადაარჩინოს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოებამ, რომელიც თავადაა "დაშლილი აბსოლუტურად"?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG