Accessibility links

logo-print

მდგომარეობა ისრაელში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს დილას ისრაელის ჯარი შეიჭრა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონში. ეს მოხდა სულ რამდენიმე საათის შემდეგ,

რაც ისრაელი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას გაათავისუფლოს პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაშია გამომწყვდეული მის შტაბ-ბინაში, ქალაქ რამალაში.

ჰებრონში ისრაელის ძალები დილის ხუთის ნახევარზე შევიდნენ. თვითმხილველთა თქმით, ტანკები და დაჯავშნული მანქანები ყველა მიმართულებით მიემართებოდა. მოკლულ იქნა 9 პალესტინელი, მათგან 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაკავებულ იქნა რამდენიმე ეჭვმიტანილი ექსტრემისტი, მათ შორის დაჯგუფება "ჰამასის" სამი წამყვანი წევრი. ორ ბინაში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მასალებით სავსე ჩემოდნები. ამის შესახებ განაცხადა არმიის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა რონ კიტრიმ.

უიკენდზე ჰებრონის მახლობელ ებრაულ დასახლება ადორზე ტერორისტულ თავდასხმაში ოთხი ისრაელი იქნა მოკლული, მათ შორის ხუთი წლის გოგონა. ამ თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა "ჰამასმა" იკისრა. ჰებრონზე ისრაელის იერიში აშკარად შურისგების აქტია.

კიტრის თქმით, არმიას სურს ოპერაციის რაც შეიძლება მალე დამთავრება: "ჩვენ არ გვაქვს აქ დარჩენის არავითარი ინტერესიო", თქვა მან ისრაელის რადიოში გამოსვლისას.

შეერთებული შტატები განუწყვეტლივ მოუწოდებს ისრაელს გაიყვანოს თავისი ძალები პალესტინელთა ქალაქებიდან. კვირას ისრაელი დათანხმდა შეერთებული შტატების წინადადებაზე - გაათავისუფლოს არაფატი, შტაბ-ბინაში შეკეტილი 6 პალესტინელის გაცემის სანაცვლოდ. ექვსიდან ოთხი ისრაელის კაბინეტის მინისტრის რაჰავიმ ზეევის მკვლელებია; ერთი მათგანი პოლიტიკური ფრაქციის ლიდერი და ერთიც არაფატის თანაშემწე, პასუხისმგებელი იარაღის კონტრაბანდისთვის

გარიგების მიხედვით, ექვსივე გადაყვანილ იქნება პალესტინელთა ციხეში, ამერიკელებისა და ბრიტანელების მეთვალყურეობის ქვეშ.

ისრაელი ამ გარიგებაზე დათანხმდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს შორის მრავალჯერადი სატელეფონო საუბრებისა და ისრაელის კაბინეტის 6 საათიანი ბობოქარი სხდომის შემდეგ.

ბუშმა უთხრა შარონს, რომ თუ ის წავა კომპრომისზე, შეერთებული შტატები დაუჭერს მას მხარს გაეროსთან კონფრონტაციაში.

ისრაელი აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებს გაეროს მისიასთან, რომელიც აპირებს პალესტინელთა ბანაკ ჯენინში პალესტინელებსა და ისრაელის ჯარებს შორის ერთკვირიანი ბრძოლის შედეგების გამოძიებას. ისრაელი ამბობს, რომ არ დაუშვებს კომისიას, თუ არ იქნება შეცვლილი მისი შემადგენლობა და მანდატი.

ისრაელი თვლის, რომ მისიამ ბანაკში პალესტინელთა ტერორისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეისწავლოს და ჯგუფში ტერორიზმის ექსპერტების შეყვანას მოითხოვს.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ არ მივიღებთ გაეროს კომისიას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წავაგებთ მსოფლიო საზოგადოების თვალშიო," თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გიდონ მეირმა.

პალესტინელები ადანაშულებენ ისრაელს ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში, რასაც ისრაელი კატეგორიულად უარყოფს. ის ირწმუნება, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი გააფთრებულ ბრძოლაში იქნა მოკლული, და მათი უმრავლესობა შეიარაღებული მამაკაცები იყვნენ.
XS
SM
MD
LG