Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილის ბოლოს საქართველოში არძინბას მთავარ ოპონენტს ელოდნენ


29 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. თურქეთში გამგზავრების წინ ედუარდ შევარდნაძემ ტრადიციულ რადიოინტერვიუში ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა,

რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკებების გზით, შესაძლებელი გახდება საბოლოო ფორმულასთან მიახლოება. აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს სწორედ თურქეთის გავლით უნდა ჩამოსულიყო საქართველოში სოხუმის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, ვლადისლავ არძინბას ყოფილი თანამებრძოლი, პროფესორი ინალ კაზანი, რომელიც ქართველი და აფხაზი ხალხების ეროვნული შერიგებისა და ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს აქტიური მხარდამჭერი გახლავთ.


აფხაზური წარმომავლობის პროფესორი ინალ კაზანი ამერიკის მოქალაქეა და იგი საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზურ-ჩერქეზული დიასპორის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გარკვეულ ეტაპზე იგი აქტიურად უჭერდა მხარს სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას და აფხაზეთის სუვერენიტეტის იდეას, მაგრამ მოგვიანებით მისი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. დიასპორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ინალ კაზანმა დააარსა "კოალიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის" და ამა წლის 1 მარტს აფხაზეთის ხალხს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც თანამემამულეებს ქართველ ხალხთან ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა. ასეთი თანხმობის ღირსეულ საფუძვლად კი მას მიაჩნია "აბსოლუტური სუვერენიტეტის ფორმით აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში".
უფრო ზუსტად, აფხაზეთს, რომელიც, კაზანის სიტყვებით, თანამედროვე მსოფლიოსთვის მირაჟს წარმოადგენს, უნდა ჰყავდეს თავისი საკუთარი მილიცია და განახორციელებდეს ეკონომიკურ პოლიტიკას ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.

დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, ინალ კაზანის წერილში ნახსენები "აბსოლუტური სუვერენიტეტის" იდეა იმაზე უფრო მოკრძალებულად ჟღერს, ვიდრე ის პოლიტიკური სტატუსი, რასაც ოფიციალური თბილისი სთავაზობს სოხუმის ხელისუფლებას და ამიტომ სავსებით მისაღებია ქართული მხარისთვის.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ის, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო უფლებამოსილების გამიჯვნაზე მან თავისი წინადადებები წამოაყენა. და მინდა გითხრათ, რომ ის უფრო ნაკლები არის იმაზე, რასაც მე ვითხოვ და მე ვთავაზობ. და როდესაც მან დაინახა, რომ მე მასზე უფრო მეტს მოვითხოვ აფხაზეთისთვის, ეს ცოტა მისთვის გაუგებარი იყო და მითხრა პირდაპირ, რომ, აბა, ამაზე მეტი არ არსებობსო."[სტილი დაცულია]



აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებზე სასაუბროდ აფხაზური დიასპორის ლიდერი საქართველოში სწორედ აპრილის ბოლოსთვის ვარაუდობდა ჩამოსვლას, მაგრამ მისი გეგმები მოულოდნელად შეიცვალა და ვიზიტი ივნისისთვის გადაიდო. თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი, შესაძლოა, ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი გახდა, რაც სოხუმის ხელისუფლების წრეებში ინალ კაზანის მიმართვის მამხილებელმა პათოსმა გამოიწვია.

"კოალიციის"ლიდერი არძინბას რეჟიმს "საბჭოთა სტილის პარანოიით პარალიზებულს უწოდებს" და აღნიშნავს, რომ "ისინი, ვინც ამ რეჟიმს უჭერს მხარს, პასუხს აგებენ მომავალ სახელმწიფოში, აფხაზი ხალხის ტანჯვისთვის".

მიმართვის ავტორები დაუფარავად აცხადებენ, რომ დიასპორას, რომელიც აფხაზთა მდუმარე უმრავლესობას წარმოადგენდა, უკვე აღარ აქვს დუმილის უფლება და იგი აქტიურად აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში ჩარევას. მეტიც, ინალ კაზანი აცხადებს, რომ დიასპორას აქვს კანონიერი ინტერესი, რეგიონში ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდეს და აფხაზეთის მომავალი უზრუნველყოფილ იქნეს, რაც საქართველოსთან პოლიტიკურ კომპრომისს მოითხოვს. ხოლო, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და გონივრული კომპრომისის გარეშე, "ოცნება სუვერენიტეტზე, აყვავებასა და უშიშროებაზე ილუზიად დარჩება".

ასეთი პოზიციის გამო ინალ კაზანი და გავლენიანი აფხაზური დიასპორა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას უწევდა არძინბას რეჟიმს, სოხუმის ხელისუფლებამ უკვე მოღალატედ შერაცხა. არსებობს მოსაზრებაც, რომ ოფიციალურმა სოხუმმა ინალ კაზანში სერიოზული ოპონენტი დაინახა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც, ალბათ, ვადამდე დაინიშნება ვლადისლავ არძინბას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვარიანტიც ტრიალებდეს; ყოველ შემთხვევაში, მხარდამჭერები მას ეყოლება ამ საქმეში. ამიტომ ეს უფრო გაირკვევა, როცა ეს პროცესები უფრო ახლოს მივა ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან, მე მგონი, ვადამდელ არჩევნებთან."

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო, ნადარეიშვილი დარწმუნებულია, რომ, თანამებრძოლებთან ერთად, ივნისში ინალ კაზანი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და აფხაზეთსაც მოინახულებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG