Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდს შიდაპოლიტიკური ბრძოლებისთვის იყენებენ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის წინ საქართველოს მთავრობაში პოლიტიკური ბრძოლა განსაკუთრებით დაიძაბა.

აშკარა იყო ფინანსთა და შემოსავლების მინისტრების დაპირისპირება, თუმცა ბოლო სამთავრობო სხდომისას ყველაზე მეტი კრიტიკა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ერგო წილად. მირცხულავას საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობა ბრალდებოდა და ყველა მის გადადგომას მოელოდა, მაგრამ სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დაწყების დღიდან ყველაფერი შეიცვალა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთერთი მთავარი ენერგეტიკის ვალების დაახლოებით 500 მილიონი ამერიკული დოლარის გასტუმრების მექანიზმის შემუშავება იყო. ბოლო დრომდე ასეთი კონცეფციის არსებობის შესახებ არავინ იცოდა და ამის გამო მთავრობის წევრთაგან ყველაზე მეტი საყვედური სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მისამართით კეთდებოდა. სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დაწყების პირველსავე დღეს დავით მირცხულავამ საშინაო დავალება გამოამზეურა და ჯერჯერობით განტევების ვაცის ბედიც აიცილა თავიდან. მას ამ ბედის გაზიარება მაინც მოუწევს თუ ენერგეტიკის ვალების გასტუმრების მექანიზმის ცხოვრებაში ამოქმედებას შეეცდება, წინააღმდეგ შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი.

ენერგეტიკის ხელოვნურად და დაუდევრობით წარმოქმნილი ვალების ნაწილის გასტუმრება ტარიფების ზრდით უნდა განხორციელდეს ეს კი პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოხერხდება. ასევე პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება დანარჩენი ორი ძირითადი პირობის, ჯართის და ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვის გაუქმებისა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ცხადია, რომ ამას საპარლამენტო ოპოზიცია და ყოფილი მმართველი პარტია პოლიტიკური ვაჭრობისათვის გამოიყენებს და პრეზიდენტისაგან საკადრო დათმობების თუ სხვა პოლიტიკური დივიდენტების მიღებას შეეცდება.

[რომან გოცირიძის ხმა] „ეს ყოველთვის ასე იყო, რომ სავალუტო ფონდის ჩამოსვლის წინ ყველა ცდილობდა თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას, ისევე როგორც მსოფლიო ბანკის მისიების წინ. და ამ შემთხვევაში მთავრობის დაპირისპირებული ძალები იყენებდნენ მათ დასკვნას როგორც დადებითს ასევე უარყოფითს. და მათ შორის პრეზიდენტიც სავალუტო ფონდის შეუსრულებელი პირობებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში მთავრობის წევრების გათავისუფლებასაც ამ ფორმით აღწევს, თუმცა უფრო მეტად პრეზიდენტზე ზემოქმედების მოხდენა ხდება, ვიდრე პრეზიდენტი თავისი სურვილით ათავისუფლებს.“

ეკონომიკის ექსპერტის რომან გოცირიძის ამ მოსაზრების დასტურია საქართველოს მთავრობის უნარი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების წარმატებული შედეგი, მაგალითად სავალუტო სტაბილურობა, თავის პოლიტიკას მიაწეროს, ხოლო წარუმატებლობა, ვთქვათ გადასახადების გაზრდა, ფონდს გადააბრალოს. კიდევ ერთ მაგალითად ბიუჯეტის 25 მილიონით გაზრდის ამჟამინდელი დანაპირებიც გამოდგება. სავალუტო ფონდის წინაშე ასეთი არარეალისტური დაპირების გაცემა არ გახდებოდა საჭირო მთავრობას ბიუჯეტი რეალისტურად რომ დაეგეგმა. ანუ ხარჯები შემოსავლების შესაბამისი რომ ყოფილიყო გადასახადების გაზრდის აუცილებლობაც არ გაჩნდებოდა.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ პრეზიდენტმა და თითქმის მთელმა მთავრობამ ფინანსთა მინისტრის გარდა ისეთი საგადასახადო კოდექსის შექმნას დაუჭირა მხარი, რომელიც გადასახადების გამარტივებასა და შემცირებას ისახავს მიზნად. შესაბამისად სავალუტო ფონდის წინაშე გაიცა კიდევ ერთი ძნელად შესასრულებელი დაპირება, რომელის მიზედვითაც შემოსავლების გაზრდა ადმინისტრირების გაუმჯობესებით უნდა მოხდეს, მაშინ როდესაც ადმინისტრირების ხარისხი თვიდან თვემდე დაბლა ეცემა.

[რომან გოცირიძის ხმა] „თუკი ბიუჯეტში ჩავარდა, რასაც ალბათ ასეთი პირი უჩანს ვინაიდან შეუძლებელია, რომ ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდოს იმ მაშტაბით როგორადაც წელს არის გათვალისწინებული, ვინაიდან ბიუჯეტის ხარჯების პარამეტრები მნიშვნელოვნად გადიდდა. ასე რომ როდესაც კვლავ დადგება შეუსრულებელი ბიუჯეტის საკითხი ბუნებრივია ისევ აირევა მთავრობაში ვითარება და ურთიერთგადაბრალების ფონზე რამდენიმე მინისტრი ამას შეეწირება ალბათ.“

ანუ შემოდგომაზე სავალუტო ფონდთან დაკავშირებული კიდევ ერთი პოლიტიკური დაძაბულობის მომსწრენი გავხდებით.
XS
SM
MD
LG