Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიროსმანის ქუჩა მიწისძვრის შემდეგ


თბილისის ისტორიული ფიროსმანის ქუჩა 25 აპრილის მიწისძვრის შემდეგ საკარანტინო ზონაში აღმოჩნდა. ქუჩაზე აკრძალულია არა მარტო მიკროავტობუსების, არამედ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობაც კი.

ამის მიუხედავად, ქუჩა გადატვირთულია ბავშვებით, ფეხით მოსიარულეებითა და ქუჩის მობინადრეებით, რომლებიც, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი, ბჭობენ, ძირითადად, იმაზე, შეასრულებს თუ არა მთავრობა და ქალაქის მერია დანაპირებს. სხვათა შორის, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, 29 აპრილს მერიას ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებელთა გასახლება უნდა დაეწყო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ფიროსმანის ქუჩა, სულ ცოტა, 30 წელია, წითელ ზოლშია მოქცეული.ავარიული სახლების უმრავლესობა 25 აპრილის მიწისძვრის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდა, რის გამოც ქუჩა მთლიანად ექვემდებარება ევაკუაციას, თუმცა პანიკაში მყოფი მოსახლეობა სრულ გაუგებრობაშია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუჩის ევაკუაცია უკვე 29 აპრილს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ იმავე 29 აპრილს არ გამოჩენილა არც ერთი ოფიციალური პირი, რომელიც უშუალოდ განუმარტავდა ფოროსმანის ქუჩის მაცხოვრებლებს, რა კონკრეტული გეგმა დასახა მერიამ თუ მთავრობამ მათ დასახმარებლად. შესაბამისად, მოსახლეობა თავის პირობებს აყენებს და საკმაოდ მკაცრადაც:

[ნანა დევდარიანის ხმა]“ესე თქვეს, რომ არავითარი სულადობა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფართის მიხედვით, კვადრატული მეტრობით. ამბობენ, რომ ვითომ პრესტიჟულ უბნებში,მაგრამ არ ამხელენ ეს მაინცდამაინც სად არის და რა იმალება ამაში- თუ უნდა გაასახლო ადამიანი, ისიც უნდა ვიცოდეთ, სად უნდა შევიდეთ საცხოვრებლად. გლდანში და მუხიანში და ვარკეთილში ნამდვილად არ წავალ ფიროსმანის ქუჩიდან, მიუხედავად იმისა, რომ ინგრევა. იმიტომ რომ 16 ნომერი დაინგრა და 16 ნომრიდან , დანგრეული ბინიდან, ისევე შემოვედი სამში, იმის გულისთვის, რომ მუხიანში და ვარკეთილში წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. და ეხლა თუ რაღაც ისეთი შესაბამისი , ვთქვათ, იმიტომ რომ არც ისე ცუდი უბანია, ცენტრიც ქვია და და ჩვენც მოვითხოვთ შესაბამისს, შესაფერისს. გლდანში და მუხიანში, მე მგონი, არავინ არ წავა საცხოვრებლად. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, თუკი შესაბამის... აგვიშენონ აქვე და შეგვასახლონ, ჩვენ გარანტიით გავალთ და აგვიშენონ ადგილზევე, თუკი დაანგრევენ.” [სტილი დაცულია]

ქალაქის ცენტრალური, ისტორიული, ნაწილიდან ქალაქის გარეუბნებში გასახლების წინააღმდეგობის გარდა, ქალაქის მესვეურთ ამ ქუჩის მოსახლეობის მეორე მნიშვნელოვანი პრეტენზიის გათვალისწინებაც მოუწევთ.

[ნატო თარგამაძის ხმა] “ქალ-ვაჟი მყავს და მეუღლე მე. ეხლა, ფართი საკმაოდ პატარა მაქვს და, თუ ფართზე წავა საქმე, მე მგონი,
არც ის იქნება კანონიერი, რომ და-ძმანი ერთ ოთახში, ოჯახი. მაშინ მე წინააღმდეგი წავალ იმ შემთხვევაში, რომ მე როცა საშუალება მექნება, გაფართოვებასაც მაშინ მივაღწევ, ბინას ვიყიდი და გავალ და, თუ იძულებაა, მაშინ უნდა დამაკმაყოფილონ სულადობის მიხედვით.” [სტილი დაცულია]

ფიროსმანის ქუჩაზე დღეისათვის 500 ოჯახი ცხოვრობს, მათ უმრავლესობას სახლში ღამის გათევის ეშინია - მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ბზარები ყოველი ახალი ბიძგის შემდეგ ფართოვდება.მდგომარეობა, მართალია, უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ ქუჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქუჩის დაცლა და, შესაბამისად, მოსახლეობის გაყვანა მათ ინტერესშია, ვინც, დიდი ხანია, ფიქრობს ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. ასეთ პირებს, როგორც წესი, დაეჭვებული ადამიანები ნაცვალსახელებით მოიხსენიებენ ხოლმე. და მეორე, ასეთი პირების უკან საქართველოში, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ყოველთვის მფარველად ხელისუფლება მოიაზრება.

[ნატო თარგამაძის ხმა] “არ მოდის არავინ. მაგაშია საქმე. ვიძახით, დავიწყოთ ჩაბარგება, მზად გვქონდეს ეს ყველაფერი.ან რისთვის ჩავაწყოთ და ავაბარგოთ, ისიც არ ვიცით, სასაცილო არ გავხდეთ ბოლოს. არ ვიცით. ჩვენ მთავრობასაც ეგ აწყობს, რომ ჩვენ ვიპოვოთ რაღაც გამოსავალი და ბოლოს ხაზი გადაგვისვან. ეგრე არ არის, ჩვენ ჩვენსას ვითხოვთ, თუ შეუძლიათ, და, თუ არ შეუძლიათ და უპატრონობაა, ესეც გვითხრან, რომ პატრონი არავინ გვყავს.” [სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG