Accessibility links

logo-print

საქართველოს, თურქეთისა და აზებაიჯანის ტერიტორიებზე საუკუნის პროექტების განხორციელება იწყება


თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მაგისტრალთა უსაფრთხოების საკითხებს შეათანხმებენ.

ედუარდ შევარდნაძე თურქეთში 29 აპრილს გაემგზავრა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის დიდი ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტების რეალიზება რეალობაა. ამ გრანდიოზულ პროექტებში საქართველოს აქტიური ჩართვაც ეჭვს აღარ ექვემდებარება. ჩვენი ქვეყნის გავლით აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის თურქეთის მიმართულებით ტრანზიტი 2004 წლის ბოლოს და 2005 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს. აღნიშნული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი კი, მოგეხსენებათ, მარტო იმ ქვეყნების პრობლემა არ არის, რომლებიც მილსადენებმა უნდა გადაკვეთოს.

ნავთობისა და გაზის მაგისტრალების პერსპექტივას, რაც დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ერთ ნაწილს წარმოადგენს, ჩვენს რეგიონში დასავლეთის ინტერესების დამკვიდრებისა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების რეალური პერსპექტივა უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძეც თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, იმყოფება და, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, დიდი ნავთობსადენისა და გაზსადენის და, საერთოდ, მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა 29 აპრილს დაიწყო. 30 აპრილს ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი უნდა გახდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაგისტრალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკუნის პროექტებში ჩართული სახელმწიფოების კოორდინაციის აუცილებლობით იყო განპირობებული საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთა ამასწინანდელი შეთანხმებაც ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის თაობაზე და, მართალია, ეს ყველაფერი სატრანსპორტო დერეფნების კრიმინალური მიზნით გამოყენების აღკვეთას ემსახურება, ერთი მხრივ, საქართველო- თურქეთსა და, მეორე მხრივ, თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების პირობებში, ტრაპიზონის სამმხრივ შეხვედრას მაინც გარკვეული ეჭვები უკავშირდება. ამიტომაც გახდა საჭირო ედუარდ შევარდნაძეს განემარტა, რომ ტრაპიზონის შეხვედრა არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. “ჩვენ მივესალმებით ამ პროცესში ნებისმიერი ქვეყნის ჩართვას,” – აღნიშნა მან ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას და, როგორც ჩანს, ეს იმათ გასაგონად იყო ნათქვამი, ვინც საუკუნის პროექტში მონაწილე სახელმწიფოების თანამშრომლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამხედრო კავშირის შექმნის საშიშროებას ხედავს.

საქართველოს ოფოციალური პირები აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამხედრო კავშირის შექმნას გამორიცხავენ. სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის შალვა ფიჩხაძის თქმით, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ ნავთობისა და გაზის მაგისტრალების უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო კავშირის წინაპირობად განვიხილოთ.
XS
SM
MD
LG