Accessibility links

logo-print

ფონდი წინასაიმპორტო ინსპექტირების რეკომენდაციებს დაგვიტოვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისა და საქართველოს მხარის წარმომადგენელთა შეხვედრისას ისევ ამოტივტივდა საბაჟოზე წინასაიმპორტო ინსპექტირების თემა.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ინიციატივა, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი ეთქვას ბრიტანეთის ITS-ს, ახალი ვნებათაღელვის საბაბად შეიძლება იქცეს. დღეს გესაუბრებით წინასაიმპორტო ინსპექტირების სფეროში არსებული მდგომარეობისა და ფონდის ვიზიტის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოდან ბრიტანეთის ITS-ის წასვლას თბილისში ვიზიტად მყოფი დევიდ ოუენის მისია, როგორც ჩანს, დიპლომატიური უკმაყოფილებით ხვდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პარასკევს სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან გამართულ შეხვედრაზე ეჭვი გამოთქვა საბაჟო სტრუქტურების მიერ გადაზიდვამდე ინსპექტირების წარმატებით განხორციელების შესახებ, რომელიც 1 აპრილამდე მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით ბრიტანულ კომპანია ITS-ს ეკისრებოდა.

საბაჟოზე კონტრაქტორის შემოყვანა ჩვენი ხელისუფლების გადასაწყვეტია და, ბუნებრივია, სავალუტო ფონდი მის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა. თუმცა, ოუენი გვპირდება, რომ სავალუტო ფონდი ხელისუფლებას შესთავაზებს დამატებით ღონისძიებებს, რომელიც საბაჟო დეპარტამენტს წინასაიმპორტო ინსპექტირების განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.

საქართველოს საბაჟო სამსახურმა წინასაიმპორტო ინსპექტირება შედარებით გვიან - 1999 წლის აგვისტოდან დაიწყო. აღნიშნული ღონისძიებაც სავალუტო ფონდის მოთხოვნით განხორციელდა. მიმდინარე წლის 1 აპრილამდე მას ტენდერში გამარჯვებული ITS-ი ახორციელებდა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წინადადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღარ გააგრძელა.
სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ ITS-თან ხელშეკრულების შეწყვეტა "სწორი გადაწყვეტილება" იყო, რასაც აპრილში საბაჟო შემოსავლების გაზრდაც ადასტურებს.

რაც შეეხება თავად სსფ-ის მისიას, იგი თბილისში მუშაობას 2 მაისს დაასრულებს. შემაჯამებელი შეხვედრა კი, მთავრობასთან ოთხშაბათს გაიმართა. ფონდის საბოლოო რეკომენდაციები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
მანამდე კი ჟურნალისტებთან საუბარში დევიდ ოუენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ,,პროგრესი ყველა საკითხში" შეინიშნება. მისი თქმით, სსფ ყველაზე მეტად კმაყოფილია ენერგეტიკის დარგის ვალების გასტუმრების კონცეფციით, რომელიც ფონდის მემორანდუმით იყო განსაზღვრული და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ყველაზე კორუფციულ სფეროდ, ოუენის აზრით, ენერგეტიკის სექტორი რჩება.

ფონდის მისიის მომავალი ვიზიტი ივლისში შედგება, მანამდე კი, მთავრობასთან ერთად, ფონდი შეიმუშავებს ახალ მემორანდუმს, რომელშიც ასახული იქნება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთავრობის მიერ შესასრულებელი რეკომენდაციები. სავალუტო ფონდის მხრიდან მორიგი, 25-მილიონდოლარიანი ტრანშის გამოყოფის საკითხი ოქტომბერში გადაწყდება.
XS
SM
MD
LG