Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი საპარლამენტო კომიტეტის სხდომის შედეგები


30 აპრილს საქართველოს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ერთი წლის წინ გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების საკითხი განიხილეს და ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვისაა საჭირო.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება ორივე მხარეს იმ ვალდებულებებს აკისრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საერთო ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, წესადაა ქცეული, რომ საქართველო თავისი ნებით დადებულ პირობებს არ ასრულებს და საკუთარ პერსპექტივასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამიტომაა, რომ 29-30 აპრილს გამართულ საპარლამენტო კომიტეტის დახურულ სხდომებზე ძირითადი შენიშვნები ჩვენი ხელისუფლების მისამართით გამოითქვა. შეუსრულებელმა ვალდებულებებმა და მომავალმა რეკომენდაციებმა კომიტეტის განცხადებაში პოვა ასახვა. მასში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომტეტის რეკომენდაცია პარლამენტარმა ვახტანგ ხმალაძემ გაახმოვანა.

[ხმალაძის ხმა] „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, მაინც კვლავ არის საკმაოდ ბევრი პრობლემა და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ განუხრელად დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები."

ასეთივე პათოსითაა გამოთქმული სხვა შენიშვნები და რეკომენდაციები. ერთობლივი განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს შიდა კონფლიქტებს. მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თუმცა კი შეშფოთებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში პროგრესის ნაკლებობით.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რაც შეიძლება მალე განაახლონ მოლაპარაკებათა პროცესი და დასძენს, რომ არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებული, ეგრეთ წოდებული, პარლამენტის არჩევნებს.

კიდევ ერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ევროკავშირის დახმარებას ეხება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას 342 მილიონი ევროს მოცულობის გრანტით დაეხმარა. მიუხედავად ამისა, ყოველწლიური დახმარების გაზრდაცაა შესაძლებელი, თუმცა უკვე ათვისებული თანხების შედეგი ნაკლებად ჩანს. ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მეოთხე შეხვედრის თავმჯდომარის ქალბატონ ურსულა შლაიხერის განცხადებით:

[ურსულა შლაიხერის ხმა] „მიუხედავად ამ დიდი დახმარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში შედეგი უარყოფითია, იმის მაგივრად, რომ იყოს დადებითი. ეკონომიკა, იმის მაგივრად, რომ წინ წავიდეს, პირიქით, უკან და უკან მიდის. ჩვენ ამიტომ ვსვამთ კითხვას და ეჭვი გვეპარება, არის თუ არა ეს თანხები მიზნობრივად გამოყენებული. თუ ჩვენ ვერ მივიღებთ იმის დამადასტურებელ საბუთებს, რომ ეს დახმარება მიზნობრივად დაიხარჯა, ისე გაგვიჭირდება დამატებითი თანხების გამოყოფა."

ამ განცხადებიდანაც ნათლად ჩანს და კომიტეტის დასკვნაშიცაა ასახული, რომ საქართველოს ევროკავშირში ასოცირებულ წევრად შესვლისათვის, ანუ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, კორუფციის დაძლევა და ეკონომიკის გამოცოცხლებაც საჭიროა.
XS
SM
MD
LG