Accessibility links

logo-print

რას აკეთებს სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმების კომისია


სოზარ სუბელიანი, თბილისი სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმების კომისიას 15 აპრილამდე უნდა წარმოედგინა ამ სფეროს რეფორმირების კონცეფცია.

კომისიამ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ხელმძღვანელობს, სამუშაო ვადის გაგრძელება 30 სექტემბრამდე ითხოვა. აპრილის ბოლოს კომისიის წევრები პირველად შეხვდნენ არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა მოსალოდნელი რეორგანიზაციის ზოგადი მონახაზის შესახებ ესაუბრათ.

ლადო ჭანტურიას თქმით, კომისიის 29 წევრი გაერთიანებულია 5 კომიტეტში, რომლებიც შემდეგი სფეროების რეფორმირებაზე მუშაობენ: [ლადო ჭანტურიას ხმა] "მუშაობენ გამოძიების, მოკვლევისა და ოპერატიული საქმიანობის რეფორმაზე, პოლიციის რეფორმაზე, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, იურიდიული განათლების რეფორმაზე და სამართალდამცავი ორგანოების მართვის სრულყოფაზე. მთლიანობაში, სფერო, რომელიც უნდა შეიცვალოს, რომელიც უნდა განახლდეს, რომელიც რეფორმას უნდა დაექვემდებაროს, არის ძალიან ვრცელი და ძალიან რთული. პრაქტიკულად, ეს არის სახელმწიფოს ხერხემალი. მოგეხსენებათ, რომ კომისიისთვის არ არის იოლი სრულყოფილი კონცეფციის შემუშავება, ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის შენიშვნა, ყველა ის კრიტიკული მოსაზრება, წინადადება, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოითქმის".

უნდა ითქვას, რომ, ამ მხრივ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ და კომისიის წევრებს იმდენი შენიშვნის, წინადადებისა თუ კრიტიკის მოსმენა მოუხდათ, რომ მათი მოთმინების ფიალა პერიოდულად აღივსებოდა ხოლმე. ანტიკორუფციული საბჭოს წევრის გიგი თევზაძის აზრით, კომისიის მუშაობას, ძნელია, წარმატებული უწოდო: [გიგი თევზაძის ხმა] "გამოჩნდა, რომ მათი მუშაობა არ არის და ვერც იქნება წარმატებული, რადგან, როგორც გამოირკვა, აქამდე დახურულად მიდიოდა მათი მუშაობა. იმ ფორმატში, რომელშიც ისინი მუშაობდნენ, რამის გაკეთება, უბრალოდ, წარმოუდგენელია: შეუძლებელია, სისტემის რეფორმირება მოსთხოვო იმ ხალხს, რომელიც თვითონ არის ამ სისტემის წევრი."

ამგვარ საფრთხეს არც კომისიის თავმჯდომარე გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით რეფორმების მიმართ სერიოზული უწყებრივი დაპირისპირება არ გამოვლენილა. [ლადო ჭანტურიას ხმა] "ჯერჯერობით წინააღმდეგობა არ არის. უწყებების მხრიდან უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ ისინი გვერდზე გადადებენ უწყებრივ ინტერესებს და მხარს დაუჭერენ სარეფორმო წინადადებებს, მაგრამ, ბუნებრივია, გარკვეული წინააღმდეგობები მაინც არის მოსალოდნელი. მეორე მხრივ, ისიც მნიშვნელოვანია, რომ კომისიის წევრთა უმრავლესობა არის არა უწყებების, არამედ საზოგადოების სხვადასხვა წრეების წ`არმომადგენელი და, ამდენად, უწყებრიობა არ იქნება ძირითადი ხელის შემშლელი კონცეფციის შემოშავების დროს. მთავარია, რომ პროფესიულად დასაბუთებული კონცეფცია მომზადდეს, რაც საკმაოდ რთულია."

სირთულის მიუხედავად, ლადო ჭანტურია დარწმუნებულია, რომ კომისია ბევრად მეტს გააკეთებს, ვიდრე, უბრალოდ, კონცეფციის შემუშავებაა. მისი თქმით, კომისიის მუშაობა სწორედ ამის გამო გაიწელა 5 თვით. [ლადო ჭანტურიას ხმა] "თუმცა მე იმედი მაქვს, რომ სექტემბრის ბოლომდე არა მხოლოდ კონცეფცია მომზადდება, არამედ კონკრეტული კანონპროექტებიც ამ კონცეფციის რეალიზაციისთვის. არ არის კონცეფციის მომზადება რთული, ეს ერთი თვის სამუშაოა, მაგრამ თუ ეს კონცეფცია რეალურად განხორციელებადი არ იქნება, მაშინ მას არავითარი აზრი არა აქვს და არც ასეთი კომისიის შექმნა იყო აუცილებელი".

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტად, პირველ რიგში, სწორედ ასეთი მიდგომა იქცა. გიგი თევზაძისა და თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის ლევან რამიშვილის აზრით, ეს, შეიძლება, წყალში გადაყრილ შრომადაც იქცეს: [გიგი თევზაძის და ლევან რამიშვილის ხმა]
-
"დავუშვათ, კონცეფციაში რაღაცაზე, მის რაღაცა დებულებაზე პარლამენტმა თქვა უარი. კონცეფცია, თუ წესიერად დაიწერება, მის ყოველ დებულებას, სულ მცირე, 30 მუხლი უნდა ასახავდეს. ესე იგი, ფაქტობრივად, გამოდის, რომ უაზრო შრომაა… თუ კონცეფციურად არა აქვს ადამიანს წარმოდგენილი, რას იხილავს, ძალიან ძნელია, რომ ისინი რამეზე შეთანხმდნენ. იმის შიში, რომ კონცეფცია ზოგადია, გააჩნია, რა კონკრეტიკის კონცეფციას დაწერენ: თუ დაწერენ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და დემოკრატიული პრინციპების მქონე სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არაფერი არ არის…"
-
"ტექნიკური დეტალების დამუშავება შეიძლება იყოს წყალში გადაყრილი, რადგან, შეიძლება გაირკვეს, რომ კონკრეტული ქვეკომისია ძალიან ტყუილად წასულა კონკრეტული მიმართულებით. თუ საფუძვლები არ არის განსაზღვრული, იქ დეტალების დამუშავება ძალიან უაზროდ მიმაჩნია."[სტილი დაცულია]

მთლიანობაში, სურათი, რომელიც 4 თვის მუშაობის შედეგად დაიხატა, ასეთი იყო: ფაქტობრივად, ხუთი ჯგუფიდან არც ერთს არ ჰქონდა წერილობითი კონცეფცია, თუ როგორ წარმოუდგენია კონკრეტული უწყების მომავალი სტრუქტურა და ფუნქციები. ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისი უშიშროების სამინისტრო იყო, რომელმაც კონფერენციაზე სისტემის რეფორმირების საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია წარმოადგინა. უშიშროების სამინისტრო სხვა მხრივაც გამონაკლისი აღმოჩნდა - ეს ერთადერთი სამსახურია, რომელიც საკუთარი უწყების მკვეთრ შემცირებას და ფუნქციების შეკვეცას ითხოვს. მეტიც, მინისტრის მოადგილის დავით ბაზღაძის თქმით, სპეცსამსახური სამინისტროს სახით საერთოდ არ უნდა არსებობდეს. [დავით ბაზღაძის ხმა] "სამინისტრო სახელზე კი არ არის, ჩვენს კანონში დატვირთვა აქვს იმ სამინისტროს. აღმასრულებელ ხელისუფლებაზე როცა ვლაპარაკობთ, სამინისტროს აქვს გარკვეული დატვირთვა და ის განაგებს გარკვეულ სფეროებს. სპეცსამსახურს ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს და ის არ შეიძლება იგივე სამინისტრო იყოს. იდეალურ ვარიანტში სპეცსამსახური უნდა იყოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმაციის უზრუნველყოფის საშუალება და მეტი არაფერი."

საქართველოს უშიშროების სამინისტროს დღევანდელი სტრუქტურა და ფუნქციები აბსოლუტურად განსხვავდება წარმოდგენილი კონცეფციისგან. დღეისათვის სრულიად გაურკვეველია, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება ეს უწყება, რა არის ჩვენი ქვეყნის ის უმთავრესი ფასეულობები, რომელთაც შეიძლება გარედან მომავალი საფრთხე დაემუქროს, რა არის ეს საფრთხე, საიდან მოდის იგი და რა რესურსები გაგვაჩნია მათი ნეიტრალიზებისთვის. თუ რამდენად განსხვავდება საქართველოს უშიშროების სამინისტრო კლასიკური სპეცსამსახურებისგან, ამაზე თუნდაც შემდეგი ციფრი მეტყველებს: ინგლისის სპეცსამსახურში, "ინტელიჯენს სერვისში", მხოლოდ 1800 კაცი მუშაობს, მაშინ, როცა საქართველოს უშიშროების სამინისტროს 4500-ამდე თანამშრომელი ჰყავს, ხოლო ვაკანსიების მთლიანად შევსების შემთხვევაში თანამშრომლების რიცხვი 5 ათასს გადააჭარბებს.

საბჭოთა ტრადიციისგან განსხვავებით, რომლის ერთგული მიმდევრებიც იყვნენ უშიშროების წინა მინისტრები, სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან: [დავით ბაზღაძის ხმა] "აი, რაც გაკეთდა და რაც გაკეთდება, ეს არის ნედლეული, ეს არის მხოლოდ მასალა. ამ მასალის ირგვლივ უნდა მოეწყოს საჯარო დისკუსიები, როგორიც გინდათ, ისეთი ფორმატის… ეს შეიძლება იყოს ცალ-ცალკე ორგანიზაციებთან, რამდენიმესთან ერთად… ნებისმიერ შემთხვევაში, მე მინდა წინასწარ გითხრათ, რომ მე მოგცემთ ჩემს კოორდინატებს და, პრაქტიკულად, ყოველდღე, 16 საათის შემდეგ, თქვენს განკარგულებაში ვარ, რადგან ჩემი მთავარი ამოცანაა, თქვენ გესაუბროთ, თქვენი მოსაზრებები გავიგო, თქვენი იდეების ირგვლივ მოვაწყოთ კამათი, დისკუსია, რომ რაღაც ნიშნულამდე მივიდეთ, თუ რა არის საჭირო დღეს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება, გნებავთ უშიშროება, იყოს უზრუნველყოფილი".

სხვა უწყებებთან დაკავშირებით კომისიამ, ცალკეული მოსაზრებების გარდა, ვერავითარი კონცეპტუალური ხედვა ვერ წარმოადგინა. მაგალითად, არ არსებობს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სტრუქტურა, როგორ უნდა განისაზღროს ამ უწყებების ფუნქციები, სად არის გამოძიების ადგილი და როგორი უნდა იყოს მთლიანად სისტემა.

შეხვედრის დადებით მომენტად, შეიძლება, მივიჩნიოთ კომისიისა და არასამთავრობო სექტორის მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ხუთივე ჯგუფის მუშაობაში და, ამგვარად, სისტემის რეფორმირებაშიც.
XS
SM
MD
LG