Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი თბილისშია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 30 აპრილს, გამთენიისას, თბილისში ჩამოვიდა ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი, რითაც საქართველოში დაიწყო "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა.

პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ანტიტერორისტული ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილია, გაზრდის სტაბილურობას კავკასიის რეგიონში.

ამერიკელი სამხედროების ჩამოსვლა თბილისში სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა. მართალია, ქართული მხარე აცხადებდა, რომ ამერიკელები დღე-დღეზე ჩამოვიდოდნენ, მაგრამ, გულახდილად რომ ითქვას, ვიზიტის თარიღის რამდენჯერმე გადადების გამო, ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა განცხადებები მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერდა.
ამერიკელი სამხედროების ჩამოსვლა დაემთხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის მე-11 წლისთავს. ამ თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე თვდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ უკვე ოფიციალურად განაცხადა, საქართველოში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დაწყების შესახებ.
[დავით თევზაძის ხმა] "შეიძლება სიმბოლურიც იყოს, რომ ის პროგრამა, რომელზეც ამდენი გაუთავებელი ვაი-ვიში იყო როგორც მეგობრებში, ისე ნაკლებ მეგობრებში, ოფიციალურად დაიწყო დღეს. ამის შესახებ გუშინ გაკეთდა განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში, დღეს მე გიცხადებთ. და წუხელ - უფრო ზუსტად, დილით - ჩამოფრინდა პირველი ჯგუფი ჩვენი მეგობრებისა."
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული პრესრელიზით, საქართველოში ჩამოსული 20 კაციანი სამუშო ჯგუფის მიზანია ადგილის დათვალიერება და საწვრთნელი პროგრამის მატერიალურ-ტექნიკური საკითხების შესწავლა. ამ ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვა ინსტრუქტორების ძირითადი ნაწილი და დაიწყება პროგრამით გათვალისწინებული სწავლება.
ამერიკული მხარე საქართველოში დაწყებული პროგრამის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. პოლკოვნიკი სკოტ თაინი, რომელიც აშშ-ის სამხედრო მოკავშირეების ოფიცერთა ჯგუფის ხელმძღვანელია და საქართველოში უკვე 9 თვე იმყოფება, აცხადებს:
[სკოტ თაინის ხმა] "დარწმუნებული ვარ, პროგრამის დასრულების შემდეგ ქართული არმია თავად შეძლებს მის წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებას."

საწვრთნელი პროგრამა, თავად სამეთაურო ცენტრის საშტაბო სწავლების გარდა, გულისხმობს 100 დღიანი ტაქტიკური წვრთნის ჩატარებას სამხედრო დანაყოფებისთვის და ქართული მხარისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადმოცემას.
XS
SM
MD
LG