Accessibility links

როგორ და რამდენად ეხმარება სახელმწიფო მიწისძვრისგან დაზარალებულ მოსახლეობას


მიწისძვრისგან დაზარალებული თბილისელები საპროტესტო აქციებს მიმართავენ და ამით სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ზარალის ანაზღაურებას და ახალი საცხოვრებელი სახლების აშენებას ჰპირდებიან, მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მავანთა ჯიბეებში დაილექება. ამიტომაც არის, რომ პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მიწისძვრით დაზარალებულებისთვის გასაწევი დახმარების მკაცრ კონტროლზე აყვანის მოთხოვნით გამოდიან.

თბილისში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის ძველ უბნებში 10 ათასამდე შენობა დაზიანდა. საერთო ზარალმა შეიძლება 100 მილიონი დოლარი შეადგინოს.
მიწისიძვრით დაზიანებული შენობების ნგრევა კვლავაც გრძელდება. დღე არ გავა, რომელიმე მათგანი არ ჩამოინგრეს. ასე მოხდა 30 აპრილსაც, აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევამ 2 ადამიანი დააშავა.
დაპირება, რომ სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა სახელმწიფოებრივ მზრუნველობას იგრძნობს, ჯერჯერობით ბევრს არაფერს ნიშნავს. უსახლკაროდ დარჩენილები, თუნდაც საცხოვრებლად უვარგისი სახლების მკვიდრნი, საპროტესტო აქცებს მიმართავენ და ჩივიან, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მათი პრობლემებით არ დაინტერესებულან.

"თბილისის გადარჩენის ფონდში" კერძო პირების მიერ გადარიცხული თანხები ამ ადამიანების გასაჭირს ჯერ ვერ შეამსუბუქებს, სახელმწიფოს მიერ გაღებული დახმარება კი მწირია. მაგალითისთვის: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 350 დაზარალებული ოჯახისთვის 35000 ლარი გამოყო, ანუ ერთ დაზარალებულ ოჯახს 100 ლარი არგუნა. ასევე, 100 -100 ლარით გაეწიათ დახმარება მიწისძვრის ღამეს საავადმყოფოებში მოთავსებულ დაზარალებულებს. დაღუპულთა ოჯახებს 1000-1000 ლარი გადაეცათ.

მთავარი მაინც ის არის, რამდენად დროულად მოხდება უსახლკაროდ დარჩენილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება ის თანხები, რომლებიც, დანგრეული და დაზიანებული შენობების ნაცვლად, ასაშენებელ სახლებზე უნდა დაიხარჯოს. წარსულის მწარე გაკვეთილები ბუნებრივად ბადებს ეჭვს, რომ თბილისელებისთვის მიწისძვრით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანხები სხვადასხვა სტრუქტურებში, მავანთა ჯიბეებში დაილექება. ასე იყო თბილისის ომის დროს დანგრეული და დამწვარი სახლების აღდგენისას და ადრინდელი მიწისძვრებით დაზარალებულებისთვის სახელმწიფო დახმარების გაწევისას. სწორედ ამიტომ ჩნდება მოთხოვნა, დაზარალებულებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება სახელმწიფო დაკვეთით არ მოხდეს.

[კობა დავითაშვილი ხმა] "სახელმწიფო დაკვეთით მშენებლობა რას გულისხმობს: ტენდერიდან ატკატი 20 პროცენტი, სამშენებლო მასალიდან ატკატი 20 პროცენტი, პრარაბებისგან - 20 პროცენტი. რჩება 40 პროცენტი. ამიტომ მისცენ ეს ფული ამ ხალხს, ესენი შექმნიან ამხანაგობას და თვითონ ააშენებენ. ამ შემთხვევაში აღარ იქნება ატკატი." [სტილი დაცულია]

დეპუტატ კობა დავითაშვილის ამ ინიციატივას სხვა დეპუტატებიც იზიარებენ, რადგან არც ერთი მათგანი არ შეიძლება იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მიღებული თანხები მიზნობრივად დაიხარჯება. როგორც ფრაქცია "აღორძინების" წევრმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] " ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება მკაცრი კონტროლი. აქამდე ასეთი კონტროლი არ ყოფილა და რა იქნება მომავალში, ღმერთმა უწყის."

არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ, რომ თბილისის ძველი უბნების რეკონტრუქციის პროცესი მკაცრ კონტროლზე იქნეს აყვანილი.
XS
SM
MD
LG