Accessibility links

logo-print

ახლა გთავაზობთ ყოველკვირეულ პროგრამას "ათასწლეულთა მიჯნაზე".


დავით პაიჭაძე, თბილისი ახლა გთავაზობთ ყოველკვირეულ პროგრამას "ათასწლეულთა მიჯნაზე".

ამ პროგრამის წინა რამდენიმე გამოშვებაში მისი ავტორი ელენე ლორთქიფანიძე გესაუბრათ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ თემაზე მასალის მომზადება ვთხოვეთ ჩვენს თბილისელ თანამშრომელს დავით პაიჭაძეს.

რუსული ენისა და რუსულ ენაზე სწავლასა თუ სწავლებას საქართველოში სერიოზული საფრთხე არ შეჰქმნია არც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და არც მის წინა პერიოდში, როცა ანტიიმპერიული განწყობა თითქოს პიკს აღწევდა. რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, შემცირდა რუსული სკოლების რიცხვი. გვიანი სოციალიზმის ეპოქაში ანუ 80-ანი წლების დასაწყისისთვის საქართველოში მოქმედებდა 254 რუსული სკოლა. დღეს ასეთი სკოლა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სამოცდასამია. მაგრამ ამ რიცხვს რამდენიმე მონაცემი უნდა დავუმატოთ.

ვიდრე დავუმატებთ, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ საქართველო ასეულ ათასობით ადამიანმა დატოვა და, როგორც ჩანს, მათ შორის ბევრი იყო ის, ვინც, თუ აქ დარჩებოდა, თავის შვილებს სასწავლებლად სწორედ რუსულ სკოლაში შეიყვანდა. ზემოთ ხსენებული 63 სკოლა ერთენოვანია, რაც ნიშნავს, რომ აქ საგნებს მხოლოდ რუსულ ენაზე ასწავლიან. აქედან 15 თბილისშია, 5 აჭარაში, 33 კი - ქვემო ქართლის მხარეში. საერთოდ არ არის ერთენოვანი რუსული სკოლები სამეგრელოში, სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში. დღვანდელი მდგომარეობით ამ 63 სკოლაში 15 ათასამდე მოწაფე სწავლობს.

თითქმის 4-ჯერ მეტი, 58 ათასი მოწაფეა ორენოვან ქართულ-რუსულ სკოლებში. საქართველოში მოქმედებს რუსულ-აზერბაიჯანული, რუსულ-სომხური, რუსულ-ოსური სკოლები (არ ვგულისხმობთ ცხინვალის რეგიონს), სადაც, საერთო ჯამში, 4500-მდე მოსწავლეა. რუსულ-ოსური სკოლები კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეშია, რუსულ-სომხური და რუსულ-აზერბაიჯანული კი თბილისის გარდა, იოლი მისახვედრია, რომელ რეგიონებში. აქვე შეიძლება ვახსენოთ დღეს მოქმედი ოთხიოდ სამენოვანი სკოლაც, სადაც სწავლება ქართული და რუსული ენების გარდა მიმდინარეობს ზემოთ დასახელებულ ენებზე.

რუსულენოვან სკოლებს შეიძლება გვერდით დავუყენოთ რუსული სექტორის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიც. ჯამში მათი რაოდენობა 175-ს შეადგენს, ხოლო მოწაფეთა რიცხვი - თითქმის 36 ათასს. რუსული სექტორის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები საქართველოს ყველა მხარეშია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარდა.

ორიოდე სიტყვით სკოლამდელ აღზრდასაც უნდა შევეხოთ: სახელმწიფოს ბალანსზე მყოფ საბავშვო ბაღებს შორის ქართულ-რუსულ-აზერბაიჯანულია ერთი, მხოლოდ რუსული - 6, ხოლო რუსულ-ქართული - 68.

სკოლების რაოდენობის გარდა, ცხადია, საინტერესოა, როგორ, რა დატვირთვით ასწავლიან რუსულ ენას საქართველოს სკოლებში. არაფერს ვიტყვით იმ სკოპლებზე, სადაც რუსული ენა არა მარტო საგანია, არამედ სწავლების ენა გახლავთ. ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რუსული ენის სწავლება მესამე კლასიდან იწყება და მეცხრე კლასის ჩათვლით რუსულის გაკვეთილი მოწაფეებს კვირაში სამჯერ უტარდებათ. მისი სწავლება ზუსტად ასევე გრძელდება საბაზო განათლების მიღების შემდეგაც ანუ მე-10 და მე-11 კლასებშიც. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ სხვა უცხო ენის - ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის, ბერძნულისა თუ სპარსულის სწავლება ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რუსული ენის სწავლებაზე ორი წლით გვიან, მეხუთე კლასიდან იწყება და, საერთო ჯამში, სწავლების ინტენსივობით, რუსულს ჩამოუვარდება. მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში ამ ენათა გაკვეთილები კვირაში მხოლოდ ორჯერ ტარდება.

მართალია, რუსული ენა ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო გეგმებში უცხო ენად იხსენიება, მისი სტატუსი საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, არ შეცვლილა. მაშინაც და ახლაც, რუსულ ენას კვირაში სამჯერ ასწავლიან. თავად სასწავლო გეგმაშიც ასე წერია: უცხო ენა (ფრჩხილებში: რუსული) და უცხო ენა (ფრჩხილებში: ინგლისური და სხვ.). არ შეცვლილა სტატუსი, თორემ, ცხადია, შეიცვალა სახელმძღვანელოები; ქართულ სკოლათა მე-9 კლასში, მაგალითად, "იგორის ლაშქრობის ამბავს", მიხაილ ლომონოსოვსა და ტოლსტოის "ჰაჯი-მურატს" ასწავლიან.

ამრიგად, დანარჩენი უცხო ენები ჩვენს სკოლებში ჯერ არ გათანაბრებიან რუსულ ენას. ბუნებრივია, რომ საქართველოში არავინ ჩივის იმის გამო, რომ რუსულ ენაზე საშუალო განათლების მიღება შეუძლებელია. არავინ ითხოვს რუსული ენის საათების არც მოკლებას და არც მომატებას. რუსულ ენაზე განათლების გაღრმავება შეიძლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც, ოღონდ აქ რუსულენოვანი ფაკულტეტების გაცილებით მცირეა, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. რუსულის ათვისებას ხელს უწყობს ტელევიზია. ამა თუ იმ საკაბელო არხის მქონე ყველა მოქალაქეს აქვს მიწვდომა ძირითად რუსულ ტელეკომპანიებზე. რუსულენოვან ფილმებს საქართველოში ორი-სამი არხი თუ თარგმნის ქართულად, ხოლო რუსი რესპონდენტებისაგან ქართული გადაცემებისთვის აღებულ ინტერვიუებს ყველა არხი უთარგმნელად ტოვებს - იგულისხმება, რომ ისედაც გვესმის. თავისი მყიდველი ჰყავს რუსეთიდან შემოტანილ ნათარგმნ თუ ორიგინალურ ლიტერატურას. რუსული ენა უფროსი თაობისა და შედარებით უმცროსი თაობის საგრძნობი ნაწილისათვის რჩება დასავლურ კულტურასთან ზიარების ერთადერთ საშუალებად. ასე რომ, რუსეთის ენობრივი ყოფნა საქართველოში არანაკლებ დამაჯერებელია, ვიდრე მისი სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ყოფნა.
XS
SM
MD
LG