Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დედაქალაქს უსახურ ზონად ქცევის საფრთხე ემუქრება


საქართველოს დედაქალაქში ტოტალური ნგრევაა მოსალოდნელი. ოღონდ, ამჯერად ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს არა მიწისძვრა, არამედ ხალხის გაჭირვებით მოსარგებლე კონიუქტურული ტალღა.

დედაქალაქოს უსახურ ზონად ქცევის საშიშროებაზე დღეს ქართველი ხელოვნებათმცოდნეები საუბრობენ.

მიწისძვრის შემდეგ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის, იკომოსის საქართველოს განყოფილების, ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიის, საინფორმაციო ცენტრ "ძველი თბილისის" თანამშრომლები კოლექტიური წერილით მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას. ქართველი ხელოვნებათმცოდნეები კიდევ ერთხელ ახსენებენ შესაბამის ორგანოებს, რომ "ძველი თბილისის უგვან ახალმშენებლობათა პოლიგონად ქცევა დანაშაულებრივი გზაა და მოასწავებს დედაქალაქის უმეხსიერებო, უსახურ ზონად გარდაქმნას, კულტურის დასამარებას."

ქართველი მეცნიერები უნდობლობას უცხადებენ ბიუროკრატებს, რომლებიც ქალაქთმშენებლობას ხელმძღვანელობენ. ხელოვნებათმცოდნეთა მიმართვაში ნათქვამია: "ნაცვლად იმისა, რომ ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულ იქნას დიდი ღირებულების მქონე ძველი უბნების გადარჩენისაკენ და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის საბინაო პრობლემების ცივილიზებული მოგვარებისაკენ, ფაქტობრივად განზრახულია, მთლიანად მოისპოს ტრადიციული განაშენიანება და იქ მაცხოვრებელთა ინტერესების ვითომცდა დაცვის მიზნით, სახელდახელოდ წამოიჭიმოს ავადმოსაგონარი "თბილისის ომის" შემდეგ აღმოცენებულ, სრულიად უხარისხო და ნაჩქარევად ნაგებ საცხოვრებელთა "ტრადიციის" ღირსეულად განმგრძობი "ძველი თბილისი" - ჩვენში ახალი სამშენებლო ინდუსტრიის სხვა ტიპის შექმნის პრეცედენტი, სამწუხაროდ, არც არსებობს."

გამოდის, რომ თბილისში მომხდარი მიწისძვრა ის "ჭირია", რომელიც ქალაქის ზოგიერთი მესვეურისთვის "მარგებელი" აღმოჩნდა. მიწისძვრის შემდეგ უკვე გადაწყდა სრულიად დაინგრეს ფიროსმანის ქუჩა, აგრეთვე, თბილისის ისტორიულ ცენტრში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული სახლები, რომელთაგანაც ზოგს მხატვრული ღირებულება აქვს. მაგრამ ბიუროკრატებს ურჩევნიათ, განაგრძონ ქალაქის ისტორიული ნაწილის ნგრევა და ამ გარემოსთვის აბსოლუტურად შეუფერებელი მრავალსართულიანი სასახლეები წამოჭიმონ. მრავალსართულიანი სახლი კი ყველას დაიტევს - მიწისძვრით დაზარალებულებსაც და თავად ბიუროკრატებსაც. კმაყოფილი დარჩება ყველა, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც თბილისის მხატვრული სახის შენარჩუნებაზე ზრუნავს, ვინც კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო კომიტეტმა ჰელსინკიში, გასული წლის დეკემბერში, გადადო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში თბილისის ისტორიული ნაწილის შეტანა და ეს გადაწყვეტილება ქალაქის მესვეურთა ქმედებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით ახსნა.

გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლებამ ახლა თავი მიწისძვრით იმართლოს, გულის სიღრმეში კი საკუთარ თავს უთხრას, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG