Accessibility links

logo-print

ზურაბ ჟვანიას სამომავლო პერსპექტივები


პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას შეფასებისას თითქმის ერთხმად აღიარებენ მის პოლიტიკურ ინტელექტსა და გამოცდილებას.

ზურაბ ჟვანიას როლს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არც მისი ოპონენტები უარყოფენ. არადა, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლისა და მოქალაქეთა კავშირის შიდა უთანხმოებების შედეგად, ჟვანია, როგორც თვითმყოფადი პოლიტიკური ლიდერი, საკმაოდ ბუნდოვან და ორჭოფულ პოზიციაში აღმოჩნდა.

ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ფიგურა ორ სრულფასოვან იმიჯს ითავსებს. ექსპერტულ გამოკითხვებში მას, როგორც წესი, საუკეთესო რეიტინგი აქვს; მოსახლეობის გამოკითხვა კი ადასტურებს, რომ უბრალო ადამიანები თავისი ქვეყნის მომავალს ჟვანიას არ უკავშირებენ. ეს წინააღმდეგობა ადვილი ასახსნელია. ზურაბ ჟვანია არ არის ლოზუნგების მოყვარული პოლიტიკოსი. თავისი გამოსვლებით იგი მსმენელს აზროვნებისკენ, განსჯისკენ მოუწოდებს. ხალხს კი სწორედ ისეთი პოლიტიკოსი მოსწონს, რომელიც მას წინასწარ მომზადებული ფრაზებით გამოხატულ ფორმულებს აწვდის. ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ლოზუნგების მომწოდებელი პოლიტიკოსი თვითონ ვინმეზე ნაკლები მოაზროვნეა. უბრალოდ, პოლიტიკოსები ორ ჯგუფად იყოფიან სწორედ იმ ნიშნით, თუ რას სთავაზობენ ისინი საზოგადოებას: თანაგანსჯას თუ, პირიქით, გამზადებულ "მესიჯებს".

პოპულარობის საფუძველი, როგორც წესი, სწორედ ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობას მოსწონს პოლიტიკოსი, რომელიც მისგან მეტისმეტად ბევრს არ მოითხოვს და რომელიც, ასე ვთქვათ, მის მაგივრად აზროვნებს. ხოლო იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც თავისი საჯარო გამოსვლების სტრუქტურითა და შინაარსით საზოგადოების წევრს დამოუკიდებელი აზროვნებისკენ მოუწოდებს, როგორც წესი, არაპოპულარულია.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას ნამდვილად გაუჭირდება, პოპულარობით გაეჯიბროს მიხეილ სააკაშვილს ან მაღალი რეიტინგის მქონე სხვა პოლიტიკოსებს. ამიტომ საფიქრებელია, რომ ჟვანია საჯარო რეიტინგს არ გამოედევნება და სხვა გზას აირჩევს. ჯერჯერობით მის წინაშე ორი მკაფიო არჩევანია. პირველი - მიხეილ სააკაშვილთან სტრატეგიული თანამშრომლობა და მის მაღალ რეიტინგთან საკუთარი პოლიტიკური ინტელექტის შეჯერებაა. მეორე არჩევანი კი ედუარდ შევარდნაძესთან სტრატეგიულ პარტნიორობას და სახელისუფლო ბერკეტების გამოყენებას გულისხმობს.

ორივე არჩევანს ზურაბ ჟვანიასთვის არსებითი პრობლემები ახლავს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ რეიტინგს მეტისმეტად ძვირფას კაპიტალად მიიჩნევს და ვინმესთვის მისი გაზიარების სურვილს არ ამჟღავნებს. თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის იმიჯის რადიკალურ ბუნებას, არ არის გამორიცხული, რომ იგი ჟვანიას, როგორც "ცენტრში" მდგომ ფიგურას, კისერზე ჩამოკიდებულ მძიმე ლოდადაც კი აღიქვამდეს. მეორე მხრივ, სერიოზულ უხერხულობას უქმნის ჟვანიასთან თანამშრომლობა ედუარდ შევარდნაძესაც. და აი, რატომ: შევარდნაძე-ჟვანიას პოლიტიკური მეგობრობა ამიერიდან დასაშვებია მხოლოდ რეალურ ანტიკორუფციულ კალაპოტში. ესე იგი, თუ შევარდნაძე ჟვანიასთან გამიჯვნას არ ისურვებს, მას მოუხდება, გაემიჯნოს ქვეყნის რეალურად მმართველ "კორუფციის პარტიას" და "კოლექტიურ შევარდნაძედ" წოდებული დიდი ოჯახის ინტერესებს, რაც, მართვის მისეული სტილიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის. სამაგიეროდ, იმ შემთხვევაში, თუკი შევარდნაძე ჟვანიას სახელს დაუკავშირებს თუნდაც რამდენიმე ძლიერ ანტიკორუფციულ ნაბიჯს, ამით პრეზიდენტი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ განდევნის პოლიტიკურ პერიფერიაში მიხეილ სააკაშვილს, რაც მისთვის სასურველია. ხოლო თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ ან ვერ გადადგამს, ჟვანია-სააკაშვილის ტანდემში მას ეყოლება ორი პოლიტიკური მეტოქე და არც ერთი პოლიტიკური პარტნიორი.

ზურაბ ჟვანია, თავისი პოლიტიკური ბუნებით, შუალედური ფიგურაა ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ჟვანიას დღეს პრობლემები აქვს, საკუთარი ფუნქციის განსაზღვრის თვალსაზრისით. მას უჭირს საერთო ენის გამოძებნა როგორც სააკაშვილთან, ასევე შევარდნაძესთან; იმავდროულად, საკუთარი რეიტინგიდან გამომდინარე, მას უსათუოდ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორი - ან სააკაშვილის, ან შევარდნაძის სახით. ეს ჟვანიას სამომავლო პერსპექტივის სუსტი მხარეა. იმავდროულად, არსებობს ძლიერი მხარეც. თუ, საბოლოოდ, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ფიგურები ერთ გუნდში მოიყრიან თავს, სწორედ ჟვანია, როგორც ცენტრში მდგომი ფიგურა, მიიზიდავს ერთი მხრიდან სააკაშვილს და მეორე მხრიდან - შევარდნაძეს.

ხოლო თუ ამგვარი "მედასავლეთე გუნდი" არ შეიკრა, მაშინ შევარდნაძეს და სააკაშვილს ერთმანეთთან საბედისწერო დაპირისპირება არ ასცდებათ. ამ ბრძოლაში კი ორივე მათგანისთვის სერიოზულ ღირებულებას შეიძენს ჟვანია, როგორც თანამებრძოლი: შევარდნაძისთვის - სააკაშვილის წინააღმდეგ და სააკაშვილისთვის - შევარდნაძის წინააღმდეგ. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ჟვანია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, შეიძენს წონას და, იმავდროულად, დაკარგავს თავის თვითმყოფად ფუნქციას.
XS
SM
MD
LG