Accessibility links

logo-print

ფერვეზ მუშარაფმა 5 წლით გაიგრძელა პაკისტანის პრეზიდენტობის ვადა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი კიდევ ხუთ წელიწადს დარჩება თავის პოსტზე. სამშაბათს ჩატარებულ რეფერენდუმში ამ იდეას ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

საარჩევნო კომისიის თანახმად, რეფერენდუმში ხმის უფლების მქონეთა 75-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, მოსალოდნელზე გაცილებით უფრო მეტმა. 1997 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ მხოლოდ 38 პროცენტი შეადგინა.

ხელისუფლების სათავეში მუშარაფი 1999 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოექცა და მოსახლეობის დიდი ნაწილის რისხვა დაიმსახურა, როცა ავღანეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში შეერთებულ შტატებს მიემხრო. ახლა მას იმედი აქვს, რომ რეფერენდუმი მის პრეზიდენტობას ლეგიტიმურობას შემატებს.

მუშარაფის წარმატება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომელთაც, სხვათა შორის, კორუფციაშიც ადანაშაულებენ, პაკისტანის გარეთ იმყოფებიან. ოპოზიციურმა პარტიებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი პრეზიდენტის გადადგომასა და დემოკრატიის აღდგენას მოითხოვენ.

ოპოზიციონერთა სიტყვით, საარჩევნო უბნები ორ უდიდეს ქალაქში კარაჩისა და ლაჰორში ცარიელი იყო. მათი ვარაუდით, რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი ამომრჩეველთა 7 პროცენტს არ აღემატებოდა. ამ აზრს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებიც იზიარებენ.

“ეს იყო ფარსი. მონაწილეობის საკითხი საერთაოდ არ დგას, ვინაიდან საარჩევნო ბიულეტენები ურნებში წინაწარ ჩაყარესო”, თქვა პაკისტანის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის დირექტორმა.

მართალია, მოსახლეობაში მუშარაფი პოპულარობით სარგებლობს (უმთავრესად მისი მცდელობისთვის, აღკვეთოს კორუფცია), მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფო მანქანა იმისთვის გამოიყენა, რათა რეფერენდუმი მისთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო.

რეიტერის სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებს კენჭისყრაში მონაწილეობას აძალებდნენ. ვიღაცამ ისიც კი დაინახა, როგორ ავსებდნენ ურნებს ბიულეტენებით ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები.

შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა რეფერენდუმის კრიტიკისგან, მაგრამ ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის გენერალურმა მდივანმა დონ მაკკინონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ რეფერენდუმში მთავრობამ არადემოკრატიული მეთოდები გამოიყენა. “ჩვენ გვსურს, რომ პაკისტანში სრულად აღდგეს კონსტიტუციური მმართველობა”, ნათქვამია ლონდონში გაკეთებულ განცხადებაში.

მუშარაფის მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ პაკისტანის წევრობა თანამეგობრობაში– ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების გაერთიანებაში – შეჩერებულ იქნა.

მუშარაფი დათანხმდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, აღდგეს დემოკრატიული სამოქალაქო მმართველობა 2002 წლის ოქტომბრამდე (ამ დროისთვისაა დანიშნული საპარლამენტო არჩენები) მაგრამ ამბობს, რომ სჭირდება ხელისუფლების სათავეში დარჩენა, რათა უზრუნველყოს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება და რელიგიური ექსტრემისტების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება.

ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, რეფერენდუმის მოწყობით მუშარაფმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. “მთელი ეს პროცესი არც პატიოსანი იყო, არც თავისუფალი და არც გამჭვირვალე: ეს მუშარაფს პოლიტიკურადაც დაასუსტებს და მორალურადაც ქულებს დააკლებსო,” თქვა პოლიტოლოგმა მუშაჰიდ ჰუსეინმა.
XS
SM
MD
LG