Accessibility links

logo-print

ისრაელი კვლავინდებურად უარს ამბობს ჯენინში გაეროს მისიის შეშვებაზე


ანდრო ეული, პრაღა ისრაელის მისამართით გამოთქმული სულ უფრო მზარდი კრიტიკის მიუხედავად, ამ ქვეყნის ხელისუფლებას ურყევი პოზიცია უკავია: ისრაელის მთავრობა კვლავინდებურად არ აძლევს გაეროს ექსპერტთა ჯგუფს შესაძლებლობას,

ადგილზე გამოიძიოს ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის ჯარის ამასწინანდელი ძალადობა.

უშიშროების საბჭოს არაბმა წევრებმა სირიისა და ტუნისის თაოსნობით მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც სანქციების მიღებას ითვალისწინებს ისრაელის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი არ დაუშვებს ჯენინში გაეროს მისიას. გაუკეთა რა კომენტარი სირია-ტუნისის ამ ინიციატივას, ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა მარკ სოფერმა თქვა, ეს აშკარა თვალთმაქცობააო.

შეერთებული შტატები წინააღმდეგია ამგვარი რეზოლუციისა, რომელიც, გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლის თანახმად, სანქციებს ითვალისწინებს იმ წევრი ქვეყნის მიმართ, რომელიც უარს ამბობს გაეროსთან თანამშრომლობაზე. მარკ სოფერმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ისარგებლებს ვეტოს უფლებით, თუ უშიშროების საბჭოში ხსენებული რეზოლუციის თაობაზე კენჭისყრა გაიმართა.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამშაბათს დაასრულა ქალაქ ჰებრონიდან თავისი ჯარის გაყვანა, ხოლო ქრისტეშობის ტაძარი ბეთლემში, ერთთვიანი ალყის შემდეგ, 26-მა პალესტინელმა დატოვა, რეგიონში ძალადობა განახლდა.

პალესტინელთა წყაროების ცნობით, ისრაელის ჯართან ღაზის სექტორში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა 4 პალესტინელი, მათ შორის 11 თვის გოგონა. ისრაელის ჯარმა თითქმის მთლიანად დატოვა პალესტინელთა დასახლებული პუნქტები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მაგრამ იასირ არაფატის რეზიდენცია ქალაქ რამალაში, კვლავინდებურად ალყაშია მოქცეული.

ისრაელის გადაწყვეტილებას, კვლავაც შეაფერხოს გაეროს ექსპერტთა მიერ ჯენინში მომხდარის გამოძიება, ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ ”მიუღებელი” უწოდა და დასძინა: ”თუ ისრაელს არაფერი აქვს დასამალი, მაშ რატომღა აფერხებს გამოძიების დაწყებას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში ჯენინშიო”. ისრაელი უარყოფს ცნობას, რომ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოხდა და აცხადებს, რომ ეს სამხედრო ოპერაცია ”ტერორისტთა ინფრასტრუქტურის” გასანადგურებლად იყო გამიზნული, რაც თვითმკვლელ ფანატიკოსთა მიერ ისრაელ მოქალაქეებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა გამოიწვია.

ამასობაში, ოფიციალური პირები გაეროში აცხადებენ, რომ გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, შესაძლოა, გადაიფიქროს ჯენინში მისიის გაგზავნა. მისიის გაუქმება ისრაელის მიერ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლფასი და საერთაშორისო კანონის მიუტევებელი დარღვევა იქნებოდაო –განაცხადა იასირ არაფატის მრჩეველმა მოჰამად რაშიდმა.

52 ადამიანის დაღუპვა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა პალესტინელი ექიმები აცხადებენ, რომ, შესაძლოა, კიდევ ასობით მშვიდობიანი მოსახლეც დაიღუპა – ბევრი მათგანი იმ სახლებში, სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის ბულდოზერებმა მიწასთან რომ გაასწორეს. ისრაელი აცხადებს, რომ 45 პალესტინელ მებრძოლთან ერთად, ლტოლვილთა ბანაკში მხოლოდ 7 მშვიდობიანი მოსახლე იქნა მოკლული.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, ახლო აღმოსავლეთის კრიზისს ბოლო არ უჩანს. მას შემდეგ, რაც სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხში მოექცა და 2000 წლის სექტემბერში პალესტინელები ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რეგიონში, სულ ცოტა, 1332 პალესტინელი და 458 ისრაელი მოქალაქე იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG