Accessibility links

logo-print

ქალების მიმართ ძალადობის პრობლემა პაკისტანში


დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” ვისაუბრებთ ქვეყანაზე,

რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: ეს გახლავთ პაკისტანი, სადაც სამშაბათს რეფერენდუმს უნდა გაერკვია, ემხრობა თუ არა ელექტორატი ქვეყნის მმართველად თვითგამოცხადებული პრეზიდენტის - გენერალ ფერვეზ მუშარაფის დარჩენას. კენჭისყრის შედეგი მალევე გამოიკვეთა - საარჩევნო უბნების დახურვიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა ნათელი გახდა, რომ მუშარაფმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა: ზოგ რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქ ისლამაბადში, მას ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი მიემხრო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ოფიციალური მონაცემები. აი, რაც შეეხება დამოუკიდებელ მეთვალყურეებსა და ოპოზიციურ დაჯგუფებებს, მათ სხვაგვარი დასკვნები გამოაქვთ. თუმცა, რეფერენდუმის კრიტიკას, რომელიც რადიო ”თავისუფლების” დღევანდელ გადაცემაში გაგაცანით, აღარ შევეხებით. ამ სიუჟეტში პაკისტანის ხელმძღვანელობის მისამართით სხვა, ქალთა უფლებების სფეროში აჟღერებულ კრიტიკაზე გიამბობთ.

”პაკისტანის მთავრობა არ იცავს ქალებს მზარდი ძალადობისაგან – იქნება ეს გაუპატიურება, დაწვა თუ მკვლელობაო” – ასეთია დასკვნა, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველ ცნობილ ორგანიზაციას ”ამნესტი ინტერნეშნლს” გამოაქვს პაკისტანში ქალთა მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე. როგორც ”ამნესტი” ორი კვირის წინათ გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნავს, ლაპარაკია ფართოდ გავრცელებულ დარღვევებზე: ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან შინ და გარეთ, მათი უფლებები ირღვევა ოჯახის წევრი მამაკაცებისა თუ პოლიციელების, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოების მიერ.

იქვე ”ამნესტი ინტერნეშნლი” აღიარებს, რომ ფერვეზ მუშარაფის მთავრობა მრავალგზის დაჰპირდა მოსახლეობას ვითარების გამოსწორებას. მაგრამ სიტყვა საქმედ არ ქცეულა: დაპირებებს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ცვლილებები, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია. ”ამნესტი ინტერნეშნლს” მაგალითად მოჰყავს ე.წ. ”ოჯახის ღირსების დაცვით” მოტივირებული მკვლელობები, რომელთა შესახებ ცნობები თითქმის ყოველდღე ვრცელდება. მათგან ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული მოხდა 2001 წლის იანვარში, როცა მამაკაცმა – ეჭვიანობის ნიადაგზე – ცოლი და მისი ხუთი შვილი დახოცა.

არანაკლებ შემაშფოთებელია ახალი ტენდენცია, რომელიც მკვლელობით შანტაჟში გამოიხატება: კერძოდ, მამაკაცი ცოლს უღირს საქციელში ადანაშაულებს, რათა მის სატრფოს ფული გამოსძალოს. ასეთ შემთხვევებში მკვლელობის მსხვერპლი ისევ და ისევ ქალი ხდება, ხოლო მასთან კავშირში ეჭვმიტანილ მამაკაცს, ჯარიმის გადახდის შემდეგ, დანაშაულს აპატიებენ.

მთავრობას ბევრი არაფერი მოუმოქმედებია კიდევ ერთი საზარელი დანაშაულის: ქალების განზრახ დამახინჯების აღსაკვეთად. პაკისტანში დღემდე არსებობს მჟავას ყიდვის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე მრავალ მამაკაცს აქვს გამოყენებული ცოლის დასასჯელ ”იარაღად”. მართალია, მჟავას შესხმით გამოწვეული დამწვრობა იშვიათად იწვევს მსხვერპლის სიკვდილს, მაგრამ მისი შედეგებია ტკივილები და კანის სახეცვლილება, რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, რომლის გამო ქალი ზოგჯერ წლების მანძილზე ვერ ბედავს შინიდან გასვლას.

”ცოტა ქალი თუ ბედავს მომხდარის ოფიციალურად გასაჩივრებას და ვინც ბედავს, ხშირად ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. მას ისევ მოძალადე ქმართან აბრუნებენო”, ვკითხულობთ ”ამნესტი ინტერნეშნლის” საანგარიშო მოხსენებაში.

როგორც უკვე ითქვა, ორგანიზაცია ქალებისადმი არა მარტო შინ ძალადობას აკრიტიკებს – ის აღნიშნავს, რომ პოლიცია განაგრძობს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ქალების დამცირებასა და წამებას ფულის, აგრეთვე, სასურველი ინფორმაციის გამოძალვის მიზნით. ხშირია გაუპატიურების შემთხვევებიც. ის კი არა, ქვეყანას მონობის ელემენტები შემორჩა – ზოგჯერ ვალებს ისტუმრებენ, ან კონფლიქტებს აგვარებენ გოგონებისა და ქალების ხარჯზე. და მეტიც: როგორც ”ამნესტიმ” შეიტყო, პაკისტანის ზოგ რეგიონში ქალებს საჯაროდ, ბაზარში ყიდიან.

პაკისტანის სამხედრო მმართველი, როგორც ჩანს, იმდენად არის დაკავებული სამშაბათის რეფერენდუმთან დაკავშირებული მოვლენებით, რომ ”ამნესტი ინტერნეშნლის” მკაცრ კრიტიკას ყურადღებას ჯერ ვერ დაუთმობს. თუმცა, ქალთა მდგომარეობის გამოსასწორებლად პაკისტანის ხელმძღვანელობის მხრივ მკვეთრ ზომებს, ალბათ, არც ახლო მომავალში უნდა მოველოდეთ და აი, რატომ: ”ამნესტი ინტერნეშნლის” საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე პაკისტანმა ”დაუსაბუთებელ მონაცემებზე” დაფუძნებული უწოდა კრიტიკას, რომელიც მისი მისამართით ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამო გამოთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა – პაკისტანის უმნიშვნელოვანესი სამხედრო მოკავშირის საგარეო უწყებამ.
XS
SM
MD
LG