Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ინსტრუქტორები მუშაობას შეუდგნენ


აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამა, სახელწოდებით “წვრთნა და აღჭურვა”, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რიტმს განსაზღვრავდა,

30 აპრილს დაწყებულად გამოცხადდა. ამერიკელი და ქართველი სამხედროების განცხადებით, მიუხედავად ერთთვიანი დაგვიანებისა, პროგრამას არავითარი ცვლილებები არ განუცდია და იგი წინასწარ შეთანხმებული გეგმით განხორციელდება.


ამერიკელ ინსტრუქტორთა პირველი ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, ლოგისტიკის წარმომადგენლებისაგან შედგება, ორდღიანი აკლიმატიზაციის შემდეგ მუშაობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2 მაისს დაგეგმილი პრესკონფერენციით დაიწყებს. თუმცა პენტაგონის ორმა წარმომადგენელმა -მაიორმა ოტის მაკგრეგორმა და კაპიტანმა კელი სმითმა პირველი კომენტარები თბილისში ოთხშაბათსვე გააკეთეს.

[ოტის მაკგრეგორის ხმა] “ჯერ ერთი, ვაპირებთ, წვრთნა ჩავუტაროთ პირად შემადგენლობას. წვრთნის პროცესში მონაწილეობას თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროსა და სახმელეთო ჯარების სამეთაურო შემადგენლობის წევრები მიიღებენ. შემდეგი საფეხური უშუალოდ საჯარისო ნაწილების მომზადებას ითვალისწინებს. თუმცა ეს ცოტა უფრო მოგვიანებით მოხდება. წვრთნა ორ თვეზე ცოტა მეტ ხანს გასტანს. ხოლო სწავლების პროგრამა ეფუძნება შეერთებული შტატების რამდენიმე სამხედრო სასწავლებლის - თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის, სამეთაურო და პირადი შემადგენლობის კოლეჯისა და უმაღლესი სამხედრო კოლეჯის მეთოდოლოგიას.”

აღსანიშნავია, რომ სწავლების დაწყებას წინ უძღოდა შეფასების ჯგუფის ხანგრძლივი მუშაობა, რომლის დროსაც არჩევანი ფოთის საზღვაო ქვეით, საჩხერის სამთო და ე.წ. "კომანდოს" ბატალიონებზე შეჩერდა. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, წვრთნაში მონაწილეობას საზღვრის დაცვის სპეციალური ქვედანაყოფიც მიიღებს.
რაც შეეხება უშუალოდ წვრთნის პროცესს, პენტაგონის წარმომადგენლის კაპიტან კელი სმითის თქმით,
[კელი სმითის ხმა] “ამ ეტაპზე ყურადღებას ვამახვილებთ ჯარისკაცების უზრუნველყოფაზე საწვრთნელი აღჭურვილობით, იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რათა სამხედროებს ჰქონდეთ ისეთი აღჭურვილობა, როგორსაც წვრთნის წინასწარ შეთანხმებული გეგმა ითვალისწინებს.

მრავასაფეხურიანი პროგრამის პირველი ეტაპის შესახებ კიდევ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას იძლევა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი, რომელმაც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ პროგრამაში მთავარი აქცენტი არა ანტიტერორისტულ უნარ-ჩვევებზე, არამედ საერთო-საჯარისო საბრძოლო მზადყოფნის სათანადო დონის მიღწევაზე გაკეთდება.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "ეს ითვალსწინებს ამ ქვედანაყოფების საველე პირობებში გაწვრთნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასეულის მოქმედებებს ერთი ამოცანის შესასრულებლად. მთავარი აქ კიდევ ის არის, რომ განხორციელდება აღჭურვილობა. მათი დახმარებით ეს ქვედანაყოფები აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე შეიაღარებით. საუბარია ერთი ტიპის მსუბუქ შეიარაღებაზე, ასევე, ერთი ტიპის კავშირგაბმულობის საშუალებებით".

გარდა ამისა, მომზადების ეტაპი, კონკურსის წესით, სწავლებაში მონაწილე კონტინგენტის შერჩევასა და მათთან ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმებასაც ითვალისწინებს. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ტექნიკის, ანუ ამერიკელი ინსტრუქტორების, საქმეა. ყოველ შემთხვევაში, მაიორ მაკგრეგორს ქართველი სამხედროების წარმატებაში ეჭვი ნამდვილად არ ეპარება.
[ოტის მაკგრეგორის ხმა] "საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ჯარისკაცები, რომლებსაც სწყურიათ საქმის კეთება, სურთ ივარჯიშონ და თავიანთ ქვეყანას ემსახურონ.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG