Accessibility links

logo-print

რა ხდება წინასწარი დაკავების ადგილებში


სოზარ სუბელიანი, თბილისი გასული წლის 16 დეკემბრიდან სახალხო დამცველის ოფისში ფუნქციონირება დაიწყო სწრაფი რეაგირების ჯგუფმა, რომელიც მონიტორინგს ატარებს პოლიციისა და სამხედრო კომენდატურის წინასწარი დაკავების ადგილებში.

პროექტის მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანის უფლებების დარღვევა წინასწარი დაკავების საკნებში, სადაც, ტრადიციულად, ყველაზე მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები. 1 მაისს სახალხო დამცველის ოფისში მოეწყო კონფერენცია, რომელზეც სწრაფი რეაგირების ჯგუფმა საზოგადოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს 4 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. კონფერენციის დამთავრებიდან ორიოდე საათის შემდეგ კი, თითქოს კონფერენციაზე წარმოთქმული მოსაზრებების დასტურად, პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ, ფულის გამოძალვის მიზნით, უკანონოდ დააკავა სამი ახალგაზრდა.

პროექტი, რომლის შედეგების განხილვაც სახალხო დამცველის ოფისში მოეწყო, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დააფინანსა. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში სწრაფი რეაგირების ჯგუფმა 97 ვიზიტი განახორციელა, მათ შორის, 48 მოულოდნელი ვიზიტი იყო. თუ ვიანგარიშებთ, რომ პროექტის დაწყებიდან ოთხნახევარი თვე გავიდა, გამოდის, რომ 10 დღეში, საშუალოდ, 7 ვიზიტი კეთდებოდა, რაც კარგ მაჩვენებლად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამას, არაპირდაპირ, თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ წინასწარი დაკავების საკნებში და პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესდა.

ზემოთქმულის შესახებ თუნდაც შემდეგი სტატისტიკა მეტყველებს: მიმდინარე წლის სამ თვეში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, იუსტიციის სამინისტროს იზოლატორებში 72 საათიანი წინასწარი დაკავების ვადის დარღვევით 114 ადამიანი იქნა გადაყვანილი, ხოლო სხეულის დაზიანებით – 92. როგორც წესი, ამგვარი დარღვევები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. იმ დაკავებულთა უმრავლესობა, რომლებიც იზოლატორში სხეულის დაზიანებით მიიყვანეს, უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე და აცხადებს, რომ დაზიანებები პოლიციის “დახმარების” გარეშე, წაქცევისა თუ სტიქიური უბედურების შედეგად მიიღეს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მაშინაც კი თავს არიდებს ასეთი ფაქტების გამოძიებას, როცა ექსპერტიზით უდავოდაა დადგენილი, რომ დაზიანების მიღების დრო წინასწარი პატიმრობის პერიოდს ემთხვევა.

თუ რა ხდება პოლიციის განყოფილებებში, ამაზე კონფერენციაზე გამოქვეყნებული ერთი დოკუმენტიც მეტყველებს. ზემო ვერის მაცხოვრებლებმა სახალხო დამცველს, ნანა დევდარიანს, წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ითხოვენ, გაუქმდეს ზემო ვერაზე არსებული პოლიციის “არაფრის მაქნისი და უსამართლო განყოფილება”. წერილში ნათქვამია: “გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ვერის უბანში, რა ძალადობას აქვს ადგილი პოლიციელების მხრიდან, რას აღარ აკეთებენ ფულის გულისთვის, რას აღარ კადრულობენ… ზეწოლა, სასტიკი ცემა, საშინელი და აუტანელი შეურაცხყოფები, ოჯახის აწიოკება, გინება და იმასაც კი ბედავენ, რომ, თუ სახლში არავინ იმყოფება, თვითნებურად, როგორც სურთ, ისე იჭრებიან”.

თითქოს ყოველივე ზემოთქმულის დასტურად, კონფერენციის დამთავრებიდან ორიოდე საათის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ოფისს მიაკითხეს ახალგაზრდებმა, რომლებიც დღის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. პოლიციელებმა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, დაკავებულები თბილისის პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანს, მიხეილ ნერსესიანს, დანარჩენების თვალწინ ჰეროინი ჩაუდეს ჯიბეში, მისი მეგობრები კი გააფრთხილეს, თუ 2 საათში 500 დოლარს არ მოიტანთ, ნერსესიანს საქმეს აღვუძრავთო. მცირე ხნის ვაჭრობის შემდეგ პოლიციამ 500 დოლარი 300-ამდე შეამცირა, გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა კი საშველად არასამთავრობო ორგანიზაციას მიაშურეს. ისინი მოწმეების – ნანა კაკაბაძისა და გელა ნიკოლეიშვილის – თვალწინ ტელეფონით ევაჭრებოდნენ პოლიციელებს, 50 დოლარის შოვნაღა გვაკლია და ცოტა ხანი კიდევ გვადროვეთო. უფლებადამცველებმა ამ ფაქტის შესახებ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობეს, ხოლო თუ რა რეაგირებას მოახდენს სამინისტრო, ამის შესახებ მომავალ გადაცემებში გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG