Accessibility links

logo-print

მესამე სექტორის ფინანსური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლზე აყვანის მოთხოვნას ფინანსთა მინისტრი თანამდებობის დატოვების მუქარით უპირისპირდება


პრეზიდენტი - ვინ იცის, უკვე მერამდენედ - ითხოვს ჰუმანიტარული დახმარებებისა და გრანტების აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის მცდელობას ამჟღავნებს.

ამ უკანასკნელთა მიერ გრანტების კომერციული და პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამორიცხვის საჭიროებაზე მან 1 მაისის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა და, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მონაცემებზე დაყრდნობით, ფინანსთა სამინიტრო გრანტების აღურიცხაობის გამო გააკრიტიკა. ნოღაიდელმა შენიშვნა არ მიიღო. მესამე სექტორის წილი გრანტების კონტროლზე აყვანის მცდელობაში მან ანტიდემოკრატიული პროცესების დაწყების საშიშროება დაინახა.

გრანტებისა და ჰუმანიტარულ დახმარებათა აღრიცხვის მოთხოვნა, მათი კომერციული და პოლიტიკური მიზნებით გამოყენების აღკვეთის მიზნით, ფინანსთა მინისტრსა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. 1 მაისის მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი პრეზიდენტის ბრძანებულებების შეუსრულებლობასა და 480 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტების აღურიცხაობაში. მაგრამ მინისტრმა ნოღაიდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანა დასდო ბრალად. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასაცემი გრანტების სახელმწიფო კონტროლზე აყვანის მცდელობაში მან ცალკეული პირების ანტიდემოკრატიული სულისკვეთება დაინახა და შემდეგი განაცხადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “ჩემი და სულხან მოლაშვილის შეხედულებების დაახლოება არ მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. თუ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაკონტროლების გზით წავალთ და ამისთვის არადემოკრატიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ მე ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი არ ვიქნები.”


სახელმწიფო სტრუქტურებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული და გასაცემი გრანტების აღრიცხვის მექანიზმების შემუშავება სწორედ ზურაბ ნოღაიდელს ჰქონდა დავალებული, მაგრამ ამ უკანასკნელმა მესამე სექტორის წილი გრანტების სახელმწიფო კონტროლზე აყვანის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. შედეგი ასეთი იყო:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მისი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად უნდა შევაფასოთ. ეს არის მაგალითი, რამდენად არასერიოზულად ეკიდება ზოგიერთი უწყება პრეზიდენტის ბრძანებებს.”

ზურაბ ნოღაიდელი პრინციპული აღმოჩნდა და პრეზიდენტის შენიშვნა არ მიიღო. უფრო მეტიც, გამოთქვა იმედი, რომ სულხან მოლაშვილის მიერ შეცდომაში შეყვანილი პრეზიდენტი სიტუაციაში გაერკვევა და ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებაზე უარს იტყვის. რამდენად გამართლდება მინისტრის ეს იმედი ძნელი სათქმელია. გრანტების კომერციული და პოლიტიკური მიზნებით გამოყენების აღკვეთას შევარდნაძე, კარგა ხანია, კატეგორიულად ითხოვს და ამით არასამთავრობო ორგანიზაციებთან მწვავე დაპირისპირებაშიც შედის. აღნიშნული მოთხოვნის რეალიზაციისთვის მან რამდენიმე ბრძანებულება მიიღო, ყველა მათგანით გრანტების აღრიცხვის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროს დააკისრა, ბოლოს კი, გრანტების გაკონტროლების მიზნით, მათზე გარკვული გადასახადის დაწესების წინადადებითაც გამოვიდა. შედეგი ჯერჯერობით ნულის ტოლფასია. პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი მესამე სექტორის ფინანსური საქმიანობის კონტროლზე აყვანას გაუმართლებლად მიიჩნევს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ის პრეზიდენტს ანდობს და აცხადებს, რომ მისი მინისტრად დარჩენაც ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG