Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტური პროფკავშირები თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში


მოგეხსენებათ, 30 აპრილს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, ჩაიშალა სტუდენტური საბჭოების არჩევნები.

იურიდიულად გაუმართავ და არასრულფასოვან საარჩევნო დებულებაზე დამყარებული არჩევნები, ლოგიკურად, კრახით უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია არა სტუდენტური საბჭოები და მისი არჩევნები, არამედ სტუდენტური პროფკავშირები, რომლის შექმნა და სტუდენტურ ასპარეზზე გამოსვლა უშუალოდ უკავშირდება არჩევნებსა და სტუდენტურ მოძრაობას, ზოგადად.

დაახლოებით ოციოდე დღის წინ, მაშინ როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდკავშირისა და თვითმმართველობის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს კონფრონტაციის დაძლევისა და ერთიანი სტუდენტური საბჭოების შექმნის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში გაჩნდა კიდევ ერთი სტუდენტური გაერთიანების ჩანასახი- გაიმართა პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა და, ქართულ სინამდვილეში პირველად, სტუდენტური მოძრაობის პოლიტიზირებისადმი პროტესტის ნიშნად, ფაქტობრივად, უკვე დაფუძნდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფკავშირული ორგანიზაცია. ორგანიზაციამ, რომელშიც დღეისათვის უკვე 1500 სტუდენტია გაერთიანებული, რეგისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა გაიაროს.

[ლევან ჯაშის ხმა]“ პროფკავშირი იქნება ყველანაირად აპოლიტიკური, მოემსახურება დასაქმების პროგრამებს. ეს გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურებში და მცირე ბიზნესში სტუდენტების კონკრეტულად წლიურად, ალბათ, 30-45 სტუდენტი დასაქმდება-ეს არის მართლა რეალობა, ამაზე მიდის სერიოზული მუშაობა და ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული და რაღაც ილუზორული სამყაროს ნაწილი და, აქედან გამომდინარე, გუშინდელ არჩევნებზე მე აღარ მინდა დავკონკრეტდე.” [სტილი დაცულია]

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტუდენტური პროფკავშირების საინიციატივო ჯგუფის წევრის ლევან ჯაშის მიერ ჩამოთვლილი, ეგრეთ წოდებული, კონკრეტული საქმეების ნუსხას უნდა დაემატოს, ასევე, ფონდებიდან დაფინანსების გამოძიება, სტუდენტური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვის საკითხების შესწავლა და ასე შემდეგ. ამისათვის პროფკავშირებში უკვე იქმნება საგანგებო ჯგუფები. ასე რომ, პროფკავშირები უნივერსიტეტში, საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით, ძირითადად, იარსებებს როგორც ნეგატიური პროცესების მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შორს დგას პოლიტიკისგან და, მით უმეტეს, არ იმართება პოლიტიკური პარტიებისაგან.

[ლევან ჯაშის ხმა]“პირდაპირ ვიტყვი, სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ხმარდებოდა სტუდკავშირის ხარჯები ხშირად. ანუ მცდელობა იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ შეექმნათ რაღაც ფილიალი, რაღაც ფულის საჭრელი მანქანა უნივერსიტეტში, დამატებით. გრანტები აღარ ყოფნით, ალბათ, და... აი, ესაა საწყენი, უბრალოდ. ასევე ვამბობ მეორე მხარეზე. მე არ ვამბობ იმ მეორე მხარეს, ვისაც კანცელარიის კაცად ნათლავენ , ვთქვათ, სიტყვაზე, მე არ ვიცი ვინ არიან ისინი, რამდენია, მაგრამ, ასევე, ის. ამიტომ ვამბობ მე რეალურად, რომ მე არც უარვყოფ, რომ პრეზიდენტი რომ იყო, დავიცავი, არა იმიტომ, რომ მე პრეზიდენტი მიყვარს ან ვგიჟდები, არა... ერთიც და მეორეც ერთი და იგივეს ცდილობს - შექმნას სტუდენტობაში საკუთარი დასაყრდენი.პოლიტიკურ ჯგუფებზეა აქ საუბარი.”[სტილი დაცულია]

დაბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფკავშირების საინიციატივო ჯგუფის წევრები აკონკრეტებენ, რომ ისინი დასავლური ტიპის პროფკავშირებს ქმნიან. ჩვენის მხრივ კი დავსძენთ, რომ პროფკავშირები სტუდენტურ მოძრაობაში დამაბალანსებელი ფუნქციის შესრულებასაც შეძლებენ.
XS
SM
MD
LG