Accessibility links

logo-print

ზამთრის შემდეგ საქართველოში ინფლაციამ იკლო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ზამთარში უმნიშვნელო ინფლაციის შემდეგ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ამ მაჩვენებლის კლების ტენდენცია აღინიშნა.

უთუოდ საინტერესოა, თუ რა განსაზღვრავს ფასების დინამიკას და როგორია მომავლის პროგნოზი.

ზამთარი, ტრადიციულად, არაკეთილსაიმედო თვეა, ინფლაციის მაჩვენებლის თვალსაზრისით. ამ პერიოდში საქართველოში, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, სავაჭრო ბალანსი უკიდურესად გაუარესებულია, ანუ ქვეყნიდან ექსპორტი შემცირებულია, იმპორტი კი, პირიქით, გაზრდილი, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება შიდა ბაზრის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებაზე.

ზამთარში ფასების მატებას ხელს უწყობს ენერგოშემცველების იმპორტი, რაც, ტრადიციულად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასწარმოქმნაში. ბოლო პერიოდის ენერგოკრიზისი, თავის მხრივ, წარმოების ტემპის დაცემას იწვევს, ანუ ისედაც მწირი საექსპორტო პოტენციალი კლებულობს და ქვეყანაში მყარი ვალუტის შემოდინების მოცულობა ეცემა, საპირისპიროდ - გაზრდილია ამ ვალუტაზე მოთხოვნა, რამაც ეროვნული ფულის ნიშნის კურსის უმნიშვნელო კორექტირება გამოიწვია.

წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს საქართველოში არ განხორციელებულა რამდენადმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რასაც შეეძლო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო დაებალანსებინა. ამგვარი საინვესტიციო ეფექტი აღინიშნა, მაგალითად, 1998 წელს, როდესაც ამერიკულმა ეი-ეს-თელასმა თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განახორციელა. წელს, ამ მხრივ, არც ძველ ინვესტორებს უაქტიურიათ, ახალი უცხოური ინვესტიციები კი ჯერჯერობით არ ჩანს.

მიუხედავად ამ არაკეთილსაიმედო ფონისა, ზამთრის პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რასაც ექსპერტები მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ხსნიან.

საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ზამთრის ნეგატიური ტენდენცია გაზაფხულზე, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიცვალა და ინფლაცია კლებას განაგრძობს თებერვლის უმნიშვნელო ზრდის შემდეგ. მარტში ამ მაჩვენებელმა 0,4% შეადგინა და სრულიად შესაძლებელია, რომ ოფიციალური პროგნოზი გამართლდეს და, წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ინფლაციამ შეადგინოს არა უმეტეს 2,3-2,4%. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ პროგნოზს აკეთებენ სტატისტიკოსები.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტის 0,4%-იანი ინფლაცია გამოწვეულია მთლიანად ქვეყანაში ფასების ზრდით ხორცზე, ფრინველზე, თევზზე 1,3%-ით, ხილსა და ბოსტნეულზე - 2,5%-ით. სტატისტიკოსები ხაზს უსვამენ ინფლაციის აშკარა დამოკიდებულებას სეზონურ ფაქტორზე. ამ ფაქტზე იგება სტატისტიკის დეპარტამენტის სასურველი პროგნოზი მაისის თვეში. ვარაუდობენ, რომ მაისში, ასევე ივნისსა და ივლისში, ხილისა და ბოსტნეულის სიიაფის გამო, ფასების ზრდა უმნიშვნელო იქნება და 0,2-0,3%-ის ფარგლებში გაჩერდება.
ბოლო წლების ტრადიციის თანახმად კი, ზაფხულში, პირიქით, შესაძლოა, დეფლაციური პროცესები განვითარდეს.
XS
SM
MD
LG