Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები ნატოს გაფაროებას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 1 მაისს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ გროსმანმა განაცხადა, რომ სამიტზე,

რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში პრაღაში შედგება, ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ახალი წევრების მიღება ალიანსის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს.

გროსმანის თქმით, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ამ მიზნის მიღწევა ამერიკისთვის კიდევ უფრო აუცილებელ ამოცანად იქცა. ტერაქტებმა გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის სანდო მოკავშირეების ყოლაო, დასძინა გროსმანმა. მოუსმინეთ ელენე ლორთქიფანიძე.

გროსმანმა თქვა, რომ პრაღის სამიტის დღის წესრიგი სამი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს: ჯერ ერთი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს მართლაც აქვს უნარი, მომზადებულად შეხვდეს ნებისმიერ ახალ ხიფათსო. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, მეორე საკითხია ნატოში ევროპის ახალი ქვეყნების მიღება, ხოლო მესამე - რუსეთთან, უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის გამოცოცხლება.

მოსალოდნელია, რომ პრაღის სამიტი განიხილავს ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის განაცხადებს ნატოში გაწევრიანების შესახებ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ სტაბილური ევროპის გარეშე შეერთებული შტატები ვერ განახორციელებს თავის მიზნებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. მისი თქმით, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ნატო შეერთებული შტატების თავდაცვითი სტრატეგიის ქვაკუთხედი და ევროპასთან კავშირის ყველაზე ხელშესახები ელემენტია.

ბაიდენმა გაიხსენა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ნატომ ამერიკას დაუყოვნებლივ გამოუხატა სოლიდარობა: აამოქმედა ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომლის თანახმად, თავდახსმა ორგანიზაციის ერთ რომელიმე წევრზე განიხილება, როგორც თადასხმა მთელს ალიანსზე.

შეერთებული შტატების საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის ნატომ გამაფრთხილებელი და საკონტროლო სისტემის შვიდი თვითმფრინავი გამოყო, რითაც ამერიკის თვითმფრინავები ავღანეთის სამხედრო კამპანიისთვის გამოათავისუფლა.

ნატოს გაფართოების შესახებ კომიტეტის წევრმა, სენატორმა რიჩარდ ლუგარმაც ილაპარაკა. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, რომის სამიტზე, გაფორმებულ იქნება შეთანხმება ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭოს შექმნის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ამას წინათ თქვა, რომ საბჭო დამოუკიდებელი ორგანიზიაცია იქნება, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა საკითხებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სფეროში. შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალური პირების თქმით, გაფართოების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება რუსეთს არ მიეცემა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ გროსმანმა თქვა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს ყურადღება მიმართული იქნება ისეთი პროექტებისკენ, რომელთა განხორციელებით ორივე მხარე დაინტერესებულია; მათ შორის არის, მაგალითად, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

სენატში გამართულ მოსმენას ხმის უფლების გარეშე ესწრებოდნენ ბულგარეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის ელჩები. მოსმენის შემდეგ ბულგარეთის ელჩმა ელენა პოპტოდოროვამ თქვა: "ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთიან და თავისუფალ ევროპაში ჩვენი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად მოვემზადოთო."
XS
SM
MD
LG