Accessibility links

logo-print

საქართველო გლობალური ანტიტერორიზმის ფერხულში ჩაება


ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ჩამოსვლამ საქართველოში ყველა პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა. საზოგადოების ასეთი დიდი დაინტერესების გათვალისწინებით,

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის პრეს-ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ემჯეი ჯადიკი პირობას დებს, რომ მიმდინარეობა პროგრამისა "წვრთნა და აღჭურვა" მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. თუმცა 2 მაისს თავდაცვის სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის მთავარი მესიჯი, ანუ ძირითადი სათქმელი, მაინც იმის აღნიშვნა გახლდათ, რომ საქართველო გლობალური ანტიტერორიზმის ფერხულში ჩაება.

თბილისში მყოფი ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი დაგლას ბეიკერი ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო. სახელმწიფო კანცელარიიდან გამოსული ინფორმაციით, ეს არ გახლდათ დიპლომატიაში აპრობირებული "თავაზიანობის ვიზიტი". დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ამერიკული სამხედრო პროგრამის - "წვრთნისა და აღჭურვის" შესახებ, რომლის გამართვის იდეა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ - უფრო ზუსტად, ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდგომ - წარმოიშვა.

ამერიკის სამხედრო მეკავშირეთა ჯგუფის უფროსის, პოლკოვნიკ სკოტ თაინის განცხადებით, ევროპული სარდლობის წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის გარდა, ერთი კვირის განმავლობაში ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შეხვდებიან. თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც მოსამზადებელი სამუშაოების შესწავლაზე გაკეთდება.

[სკოტ თაინის ხმა] "ეს ორი დღეა, ჯგუფი შენობა-ნაგებობებისა და წვრთნის ადგილების შეფასებას აწარმოებს. ისინი წინასწარ ამზადებენ საფუძვლებს იმისთვის, რომ წვრთნის ჩატარება ხარისხიანად იქნეს უზრუნველყოფილი. შეხვედრებზე დადასტურდა, რომ ყველა ძალოვანი უწყება მზად არის ყოველმხრივი დახმარებისთვის. და მინდა საქვეყნოდ განვაცხადო, რომ პროგრამა შესანიშნავად იწყება."

გარდა ამისა, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, საუბარია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. პოლკოვნიკ სკოტ თაინის განმარტებით, ამერიკის მთავრობა საქართველოში დაწყებულ სწავლებას, სახელწოდებით "წვრთნა და აღჭურვა", გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.

[სკოტ თაინის ხმა] "ჩემი მთავრობა ძალიან აფასებს საქართველოს მხრიდან დახმარებას ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო ომში და ჩემი მთავრობა მონდომებულია დაეხმაროს საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოსამზადებელი ეტაპის გაგრძელებაში".

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ამერიკელ ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფი სწორედ მოსამზადებელი ფაზის დამთავრების შემდეგ ჩამოვა და 70 დღის განმავლობაში საშტაბო შემადგენლობის წვრთნას უხელმძღვანელებს. მეორე ფაზა, რომელიც ას დღეზეა ნავარაუდევი, ტაქტიკური წვრთნის ჩატარებასა და პირადი შემადგენლობის მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვას ისახავს მიზნად.

თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ამერიკელ სამხედროებს კვლავინდებურად უჭირთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წვრთნის ყოველი ფაზის დასრულებას უნდა მოჰყვეს დეტალური შეფასების პროცესი, რასაც ამერიკელი სპეციალისტები ყოველგვარი შეღავათის გარეშე ჩაატარებენ და მიუკერძოებლად გადაწყვეტენ, ღირს თუ არა პროგრამის შემდგომი გაგრძელება. 60 მილიონი დოლარი, რომლის დახარჯვასაც აპირებს ამერიკის მთავრობა ამ წვრთნაზე, საკმარისი არგუმენტია ასეთი პრინციპულობისათვის.
XS
SM
MD
LG