Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“In vino veritas” – “ღვინოშია ჭეშმარიტება” – ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ღვინოს ამზადებენ და სვამენ,

ცნობილი ფრაზაა. სამწუხაროდ მის ადგილს ნელ-ნელა სხვა ფრაზა იკავებს, კერძოდ კი “In vino exitus”, “ღვინოშია სიკვდილი”, და განსაკუთრებით მაშინ, როცა თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს სვამთ.

იმ ქვეყნებში, სადაც ღვინო ტრადიციული სასმელია, მის სიწმინდესთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი წესი და, ამასთან, ეთიკური ნორმები, რომელიც მეღვინეს უფლებას არ აძლევს, გააფუჭოს ღვინო, ღვინოდ გაასაღოს სხვა სასმელი ან ხელოვნურად შეცვალოს სიმაგრე, ფერი თუ გემო. არადა, სამალავშია ბაზრის პრინციპი, საქონლის ნორმირება და მასობრიობა, მისი ინდუსტრიულად წარმოება და, ღვინის შემთხვევაში, ინდივიდუალობის დაკარგვა.

ევროპელი მეღვინეები შიშობენ, რომ ამ სფეროში განვითარება ავის მომასწავებელია. ევროპის ბაზარს უტევს ღვინოდ წოდებული სასმელის დამზადების ერთბაშად რამდენიმე ახალი წესი. ლაპარკია ღვინის გაზავების და მისი გაუმჯობესების ფიზიკურ მეთოდებზე. როგორც ამბობენ, ღვინო კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მარწუხებში ექცევა. როგორც უამრავი სხვა პროდუქტი იფერება, ემატება გემოს გამაძლიერებელი თუ კონსერვანტები, ასევე უპირებენ ღვინოს.

ისევე, როგორც ხშირად, ამ შემთხვევაშიც, შეერთებული შტატები ამ “გაფუჭებაშიც” მოწინავეა. გერმანელი მეღვინეების ჟუნრნალის “ყველაფერი ღვინის შესახებ” გამომცემელი ჰაინც ვოჩეკი ამბობს, რომ გლობალიზების მუსიკაზე აცეკვდა დიონისეც. ამ მუსიკას კი წინააღმდეგობას ვერაფერი უწევს. ის ფაქტი, რომ ალექსნადრ დიუმა კარგ ბორდოს პატივისცემის ნიშნად დაჩოქილი სვამდა, ბაზრის პატივისმცემელთ წარბს არ ახრევინებს. არა მარტო ოკეანისგაღმელი “უაინმეიკერები” იგონებენ გაუთავებლად ახალ საშინელებას; მათ მხარს უბამენ და ეჯიბრებიან ახალზელანდიელი და ავსტრალიელი მწარმოებლებიც.

ზუსტად ახალზელანდიელებმა ჭაჭისგან მიიღეს ფერის გამაძლიერებელი ნივთიერება, რომელსაც ფერმთკრთალი წითელი ღვინისთვის მიმზიდველი ელვარების მისაცემად იყენებენ. სხვა მაგალითია ახალი ღვინის საბოლოო დაღვინების პროცესის დაჩქარება. ჭურჭელში, რომელშიც ეს ახალი ღვინოა, აკვარიუმის მსგავსად შეჰყავთ ჭანგბადი და მიდის ე.წ. მიკროოქსიდაციის პროცესი. და კიდევ ერთი სიახლე: ამერიკელებს შემოაქვთ ნაკლებალკოჰოლიანი ღვინის – “ლაითის” ცნება.

ევროპაში ეს წესები ჯერჯერობით დაშვებული არ არის. ამ წესების მკაცრად დაცვას ცდილობს “ღვინის საერთაშორისო უწყება”, რომელსაც საფრანგეთში აქვს ბინა და რომელშიც მსოფლიოს 46 ქვეყანაა გაერთიანებული. შეერთებული შტატები მასში შარშან გაწევრიანდა. ევროპელებზე ზეწოლა იზრდება. ამ უწყების ბოლო სხდომაზე დათმეს ბრძოლა იმ მეთოდის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით ღვინის ფოლადის კასრებში მუხის ნაფოტებს ყრიან. ეს მეთოდი მუხის კასრებში ღვინის დამზადების წესის ერზაცია. ევროპის კავშირის ქვეყნებში ასევე დაუშვეს ყურძნის წვენის კონცენტრაციის გაზრდა მისი ხარშვის გზით.

ევროპელი მეღვინეები ღვინის გემოს ამერიკანიზაციაზე ლაპარაკობენ. რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, დაყოლა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საფრანგეთმა – ბორდოს სამშობლომ – სადაც უკვე დაინერგა და ფართოდ გამოიყენება ბორდოს რეგიონის თეთრი “სოტერნის” ჯიშის ყურძნის მაცივარში გაცივების და მერე დაწურვის წესი. იგივე ფრანგები მოითხოვენ ევროპის კავშირში მუხის ნაფოტების მეთოდის დაკანონებასაც.

გაჩნდა საშიშროება, რომ გერმანელი მეღვინეები, ევროპული სუფთა ღვინის ეს “უკანასკნელი მოჰიკანებიც” გატყდებიან. ისინი აპირებენ, მოითხოვონ მათ ღვინოებში (საქმე ჩრდილოურ ჯიშებს ეხება) სიმჟავის ხელოვნური დაქვეითების უფლება.

რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ყოველ შემთხვევაში ბოთლებში რომ იყიდება, მისი მწარმოებლები მუშტარს ამცნობენ, ღვინის კულტურას საქართველოში 5000-წლიანი ტრადიცია აქვსო, მაგრამ იქვე, ეტიკეტზე აწერენ, უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებულიო. ნიშნავს თუ არა ეს კახური წესის ღალატს, ჯერ დაუდგენელია. ერთი რამის თქმა კი შეიძლება – ნუ დალევთ “მუკუზანი ლაითს”!
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG