Accessibility links

logo-print

ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა


მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა 2001 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული უსინათლო ინვალიდების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც,

საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ეგიდით, ინვალიდთა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განახორციელა. ამ ოთხი ორგანიზაციიდან ერთ-ერთმა, ინვალიდთა სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კავშირმა”ბალავარმა “, ამ ცოტა ხნის წინ უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატს აუდიოფირებზე ჩაწერილი სახელმძღვანელოები გადასცა.

დავიწყოთ იმით, რომ ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის ძირითად მატერიალურ საშუალებას საქართველოს მწირი ბიუჯეტი წარმოადგენს: გასული 2001 წლის ბიუჯეტში უსინათლო ინვალიდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დასაფინანსებლად 102 900 ლარი ჩაიდო. შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს მიერ ამ თანხის ასათვისებლად გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს: “საქართველოს უსინათლოთა კავშირმა”, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “რეტინამ”, აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯ ინვალიდთა კავშირმა “ჰერამ” და ინვალიდთა სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კავშირმა “ბალავარმა”, რომელმაც, პროგრამის ფარგლებში, უსინათლო ინვალიდებისათვის ხმის ჩამწერი სტუდია და ფონოკაბინეტი გახსნა და, რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, უსინათლო ბავშვებისა და სტუდენტებისთვის აუდიო სახელმძღვანელოები ჩაწერა. როგორც კავშირის თავმჯდომარე, თავად უსინათლო ბავშვთა სპეციალური სკოლა-ინტერნატის ისტორიის პედაგოგი, კახა გლოველი აცხადებს, აუდიოსახელმძღვანელოები უსინათლო მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის პირველად დანიშნულებას იძენს მაშინ, როცა სპეციალური ბრაილის სახელმძღვანელოები, ბოლო ათი წელია, ფაქტობრივად, აღარც კი იბეჭდება საქართველოში.

[კახა გლოველის ხმა]“ეს შედარებით იაფიც ჯდება და ზოგიერთ მოსწავლეს არ შეუძლია ამით კითხვა –რომც იყოს ეს წიგნები, ხელით შეგრძნება ყველას არ აქვს. ასე რომ, დამხმარე საშუალებად ის ყოველთვის შეიძლება, გინდაც ეს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი წიგნები იყოს”.

პროგრამის ფარგლებში, კავშირმა სულ 103 სახელმძღვანელო ჩაწერა. აქედან 53 სახელმძღვანელო სასკოლოა, 13 - უმაღლესი სასწავლებლებისთვის, 37 კი - დამხმარე. შესაბამისად, უსინათლო ბავშვთა სპეციალურ სკოლა-ინტერნატს, სახელმძღვანელოებთან ერთად, ინვალიდთა სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კავშირმა საჩუქრად გადასცა 7 მაგნიტოფონი 7 აუდიო ყურსასმენით, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, სხვათა დახმარების გარეშე, იმდენჯერ გაიმეორონ სასწავლი მასალა, რამდენჯერაც მოისურვებენ.
რაც შეეხება ფონოკაბინეტს, “ბალავარის” ოფისში განთავსებული ფონოკაბინეტი თავისებური ბიბლიოთეკაა, სადაც მსურველებს შეეძლებათ მოისმინონ და, საჭიროების შემთხვევაში, სახლშიც წაიღონ კასეტები.
დაბოლოს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ძნელად თუ გაიხსენებ შემთხვევას, როცა საჯარო მადლიერების ობიექტი ხდება რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა. ამჯერად სწორედ ეს უპრეცედენტო შემთხვევა გვაქვს: ინვალიდთა სამეცნიერო- ინტელექტუალური კავშირი განსაკუთრებით აღნიშნავს იმ ღვაწლს, რომელიც მიუძღვით შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს შესაბამის პირებსა და სამსახურებს, არაოფიციალური სტრუქტურებიდან კი ინვალიდთა ლიგას ფონოკაბინეტის გახსნასა და სახელმძღვანელოების ჩაწერაში.
XS
SM
MD
LG