Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზაფხულის დადგომასთნ ერთად, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ერთობ გამოცოცხლდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტიების მიერ თანამოაზრეთა ძიების პროცესის გარდა,

მოსალოდნელია ცვლილებები როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

მაისის ბოლოს პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა მოუწევს. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის აპრილის გეგმა არ შესრულდა. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან წლის ბოლოს პარლამენტმა მთავრობა საკმაოდ მოკრძლებული ბიუჯეტის შესრულების პირობით დანიშნა, დიდია იმის ალბათობა, რომ 20 მაისისთვის დაგეგმილ პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორნებაძეს უსიამოვნო შეფასებები ელის.
ჯერჯერობით პასუხისმგებლობას ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე იღებს. მას აქამდეც არაერთხელ მოუსმენია პრეზიდენტის მხრიდან საფუძვლიანი თუ არცთუ ობიექტური საყვედურები. მოხსნის “დაპირებაც” არაერთხელ ყოფილა. 2 მაისს პარლამენტში გამართული ეკონომიკური ბლოკის მინისტრთა ანგარიშის მოსმენის შემდეგ ლევან ძნელაძემ განაცხადა, რომ მზად არის, პასუხი აგოს ბიუჯეტის აპრილის გეგმის შეუსრულებლობაზე.
სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში საკადრო ცვლილებები უახლოეს დღეებში მოხდეს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და სახელმწიფო მინისტრი ეცდებიან პარლამენტს დაასწრონ და თავად გაათავისუფლონ თანამდებობებიდან მინისტრები პარლამენტის მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, ახალმა რეალობამ – როცა მიწისძვრისგან დაზარალებული თბილისის აღსადგენად ხელისუფლებას სოლიდური თანხების მოძიება მოუწევს, რაც ახალ თავის ტკივილს შეუქმნის აღმასრულებელ ხელისუფლებას – პარლამენტი უფრო შემწყნარებელი გახადოს სახელმწიფო მინისტრის მიმართ. მაგრამ რამდენიმე საკადრო ცვლილების გატარება, ალბათ, გარდაუვალია.
ამასობაში, საკადრო ცვლილებები პარლამენტშიც არის მოსალოდნელი. ფრაქციებს შორის კომიტეტთა თავმჯდომარეების პოსტების ხელახალი გადანაწილების გარდა, გარკვეული ცვლილებები ფრაქციების შიგნითაც ხდება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების ბობოქარი ღამის შემდეგ აქტიურობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, 2 მაისს საპარლამენტო ფრაქციის “ახალი აფხაზეთი –ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარედ აირჩიეს. ფრაქცია, რომელიც აქამდე 10 წევრს აერთიანებდა, ერთ დღეში 5 წევრით გაიზარდა და ახლა 15 კაცს ითვლის. კულისებიდან გამოსული ცნობებით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ფრაქციის თავმჯდომარედ ვაჟა ლორთქიფანიძის არჩევის შემდეგ სწორედ ფრაქცია “ახალი აფზახეთი –ქრისტიან დემოკრატები” იქცეს მომავალი საპარლამენტო უმრავლესობის თავისუბერ ბალავრად.
XS
SM
MD
LG