Accessibility links

logo-print

''ახალი მემარჯვენეების'' ადგილი პოლიტიკურ სპექტრში


ბოლო დღეებში თბილისელების ყურადღება მიიპყრო ქალაქის პრესტიჟულ უბნებში, თვალსაჩინო ადგილებზე განლაგებულ შენობებში, გახსნილმა ოფისებმა - ასევე თვალსაჩინო,

მუქი შინდისფერი წარწერით: "ახალი მემარჯვენეები" - "ახლები". აშკარაა, რომ "ახლების" პარტია ადგილობრივი არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადება. ამავდროულად, პარტია ცდილობს, საკუთარი ფუნქციით დამკვიდრდეს პოლიტიკურ ინტერიერში.

ახალი მემარჯვენეების პარტია ძალას სწრაფად იკრებს. პარტიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ - პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც კი. ამა თუ იმ სოფლის მკვიდრი ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირის აქტივისტები იყვნენ, დღეს ხალისით გადადიან ახალ მემარჯვენეებთან. როგორი პარტიის წევრები ხდებიან მოქალაქეთა კავშირიდან წასული ეს ახალგაზრდები - ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული, თუ, ამჯერად, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური პარტიისა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.

ერთი მხრივ, ახალი მემარჯვენეები ერიდებიან ედუარდ შევარდნაძესთან ღიად დაახლოებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ერიდებიან პრეზიდენტის საჯარო კრიტიკასაც. ფაქტობრივად, "ახლები" ცდილობენ, დაიკავონ ადგილი პოლიტიკური სპექტრის ცენტრში: ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის. მათ სურთ, საზოგადოებამ "ახალი მემარჯვენეები" აღიქვას როგორც ახალგაზრდა და პოლიტიკურად სტაბილური ძალა.

კარგად თუ დავუკვირდებით, "ახლების" ადგილი და ფუნქცია პოლიტიკურ სპექტრში ზუსტად ემთხვევა იმ ადგილსა და ფუნქციას, რომლის დაკავებასაც ზურაბ ჟვანია ცდილობს თავის თანამოაზრეებთან ერთად. ეს ორი ძალა განწირულია ერთმანეთთან კონკურენციისთვის. პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, "ახლების" ცენტრისტულ ფუნქციასა და სტაბილურ იმიჯს გაცილებით მყარად განასახიერებს დავით გამყრელიძე, ვიდრე ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც უკეთესი რეიტინგი აქვს. შესაბამისად, ჟვანიასთვის დავით გამყრელიძე პოლიტიკურ ალტერნატივად შეიძლება გადაიქცეს იმ შემთხვევაში, თუკი გამყრელიძე შეითავსებს მედასავლეთე და, იმავდროულად, დინჯი, გაწონასწორებული ლიდერის ფუნქციას. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ჯერ კიდევ გასული წლების განმავლობაში მოქალაქეთა კავშირი იზრუნებდა, გამყრელიძის პოლიტიკური კარიერა რუსეთთან დაეკავშირებინა და არა დასავლეთთან. ეს პროცესი დაიწყო კიდეც პარლამენტში "ალდაგის" შემოსავლის წყაროების მიბმით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და, პირადად, კახა თარგამაძის გავლენასთან. მოგვიანებით "ახლებმა" თავად შეუწყეს ხელი მათ ჩაწერას პრორუსულ კონტექსტში, როდესაც ენერგიულად გაილაშქრეს აფხაზეთის საკითხში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის - დიტერ ბოდენის წინააღმდეგ.

მთლიანობაში, პრორუსულმა ტალღამ ისე ჩაიარა, რომ "ახლების" იმიჯი სერიოზულად არ დაზიანებულა. სამაგიეროდ, აპრილის ბოლოს დავით გამყრელიძე ათდღიანი საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთბაშად სამი ქულა მოიგო: პოლიტიკური კონტაქტებიც დაამყარა, დასავლური იმიჯიც განიმტკიცა და საკუთარი წამყვანი ფუნქციაც გამოკვეთა ტანდემში - გამყრელიძე-გაჩეჩილაძე.
XS
SM
MD
LG