Accessibility links

ორი მინისტრის გათავისუფლების მიზეზები და შესაძლო შედეგი


დავით პაიჭაძე, თბილისი რა კონკრეტული და ზოგადი მიზეზები არსებობდა ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან ძნელაძის ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრთა პოსტებიდან გასათავისუფლებლად?

რას შეიძლება მოასწავებდეს შევარდნაძის ეს ნაბიჯი?

შევარდნაძის საკადრო პოლიტიკის ესთეტიკას ვინც აკვირდება, მისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრთა გათავისუფლება. ლევან ძნელაძეს დაახლოებით თვენახევრის წინ, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა პირადად მოუწყო საქმის ისეთი გარჩევა, როგორის გახსენებაც სხვა მინისტრების მიმართ ძალიან ჭირს. ნოღაიდელს კი, წასვლის გარდა, სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა, რადგან, თუ შენ ითვლები პრეზიდენტის პოლიტიკის გამტარებლად საფინანსო სფეროში, მის მიმართ საჯარო ურჩობა, თანაც რამდენჯერმე, თანამდებობასთან შეუთავსებელია. ეს, რაც შეეხება ნიშნებს, რომლებიც გვაუწყებდნენ ნოღაიდელისა და ძნელაძის წასვლას. მაგრამ ნიშანთა გარდა, არსებობს რამდენიმე "ობიექტური" წანამძღვარიც: ორივე პოსტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, "უმადურია". ოდნავი ჩაძიება და ყოველთვის იპოვი მიზეზს ნებისმიერი ადამიანის გასათავისუფლებლად, სულ ერთი კვირის დანიშნულიც რომ იყოს რომელიმე ამ თანამდებობაზე. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაარსების დღიდან მისი ხელმძღვანელები გამუდმებით გვარწმუნებდნენ გეგმის შესრულებაში და ასევე გამუდმებით გეგმა არ სრულდებოდა. არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ამიერიდან საქმე უკეთ წარიმართება. ასევე მუდმივად არსებობს მიზეზები ფინანსთა მინისტრის მოსახსნელად: ტრადიციად ქცეული სეკვესტრი, დაუსრულებელი საბიუჯეტო დავალიანებები და ა.შ. ეგეც არ იყოს, შევარდნაძეს ჰყოფნიდა საფუძველი, კონკრეტულად ნოღაიდელი და ძნელაძე გაესტუმრებინა ხელისუფლებიდან: ძნელაძე "არსენიშვილის ტალღას" მოჰყვა, ნოღაიდელი კი ფინანსთა მინისტრად ზუსტად ორი წლის წინათ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას გუნდიდან დაინიშნა. შარშან შემოდგომაზე შევარდნაძემ დაიწყო უმაღლესი ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობის შეცვლა, ან, უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ, ხელისუფლების ტრანსფორმაცია. ეს პროცესი ჯერაც არ გასრულებულა. პირები, ვისი პროტეჟეებიც იყვნენ ნოღაიდელი და ძნელაძე, ხელისუფლებაში აღარ არიან. შესაბამისად, მთავრობაში მათი ადგილი არ არის. მსგავსი გაქანების მოხელეებს კი იოლად იპოვი შედარებით ახალ გარემოცვაშიც.

ახალგაზრდა კადრების ხელისუფლებაში მოზიდვა და შემდეგ უსამსახუროდ დატოვება შეიძლება სახელმწიფოს მეთაურის ჩვეული სიბრძნით ავხსნათ: ის აწრთობს მომავალ თაობას საიმისოდ, რომ მყოობადში ქვეყანა ჩაიბარონ. რაც მეტი ახალგაზრდა დაინიშნება საპატიო სახელმწიფო თანამდებობაზე (ამასთან, მალე გათავისუფლების ლამის გარანტიით), მით მეტი გამოცდილი ადამიანი ეყოლება საქართველოს მომავალში. მათი ცოდნა, უნარ-ჩვევები დაფასდება, შეცდომებიც კი უკვალოდ არ ჩაივლის და პოზიტიურ გამოცდილებად იქცევა.

ლევან ძნელაძემ, სწრაფი და ეფექტური კარიერის მიუხედავად, უსახურად დატოვა თანამდებობა. ზურაბ ნოღაიდელის ცნობილი სიჯიუტე კი სწორედ გათავისუფლების წინ იქცა პრინციპულობად: ფინანსთა ყოფილი მინისტრი წინააღმდეგი იყო, შევარდნაძეს, თავისი ხელისუფლებიანად, თვალი და ხელი იმ ჯიბისკენ გაჰქცეოდა, სადაც მას არაფერი ესაქმება. სურვილი, გაუკონტროლო გრანტები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც პირნათლად იხდიან გადასახადს და არ არიან დავალებულნი სახელმწიფოს მიმართ, მარაზმატული ეტატიზმის ნიშანია და ქვეყანაში თავისუფლების შეზღუდვას მოასწავებს.
XS
SM
MD
LG