Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე


3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ, რომელსაც "იუნესკოდ" ვიცნობთ, ის 1991წელს დააწესა,

რის შემდეგაც პრესის თავისუფლების მეთვალყურე ორგანიზაციებში ტრადიციად იქცა 3მ მაისს წლიური საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნება. ამ ტრადიციისათვის არც წლეულს უღალატიათ - თუმცა, როგორც მარიამ ჭიაურელისაგან შეიტყობთ, საანგარიშო მოხსენებებში ამჯერად ზოგ პოზიციას შორის სხვაობაც გამოიკვეთა.

დიქტორი: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ვენაშია განთავსებული და თავს "რედაქტორების, საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელებისა და წამყვანი ჟურნალისტების გლობალურ ქსელს" უწოდებს. ხოლო ბრიუსელში მდებარე "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია" აცხადებს, რომ არის "მსოფლიოში ჟურნალისტთა უდიდესი ორგანიზაცია, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში ხუთასი ათასი წევრი ჰყავს". გარდა ამისა მოქმედებენ: "ჟურნალისტები უსაზღვრებოდ", "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" და, როგორც ჩვენი თანამშრომელი, დონ ჰილი შენიშნავს, პრესის თავისუფლების პრინციპების დამცველი კიდევ ურიცხვი დაჯგუფება.
მაგრამ რა არის პრესის თავისუფლების პრინციპები?
ვენაში განთავსებული ორგანიზაცია წლევანდელი საანგარიშო მოხსენების დასაწყისშივე გამოთქვამს შეშფოთებას პრესის თავისუფლების "ანტიტერორიზმის" სახელით შეზღუდვის გამო. აი, რას ამბობს მოხსენების ერთ-ერთი ავტორი, დევიდ დეიჯი ნს050253 "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა დაადგინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, შეერთებულმა შტატებმა- კანონმდებლობაში შესწორებები შეიტანეს, ან ახალი კანონები მიიღეს. ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, ეს კანონები ნაჩქარევად, დაუფიქრებლად იქნა მიღებული და მათმა ზოგმა ელემენტმა შესაძლოა პრესის თავისუფლება შეზღუდოს. მაგრამ 11ი სექტემბრის მოვლენების გამო კანონმდებლობაში სიახლეების თაობაზე დიალოგი თითქმის არ გამართულა."
"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია" კი მთავარ პრობლემებს შორის თავდაპირველად ასახელებს სიღატაკეს, რომლის ატანა და, შესაბამისად, უმძიმეს პირობებში მუშაობა მრავალი ქვეყნის მკვიდრ ჟურნალისტებს უხდებათ.
ამ ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთსულოვნებას იჩენენ, როცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაშუქების პრობლემას ეხებიან, აგრეთვე როცა გმობენ ჟურნალსტების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას. როგორც საანგარიშო მოხსენებებში ვკითხულობთ, შარშან სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩვენი 100-ზე მეტი კოლეგა. ნიუ-იორკში დაფუძნებული "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ინფორმაციით, მხოლოდ ნოემბერში 8 ჟურნალისტი დაიღუპა ავღანეთში ანტიტერორისტული კამპანიის გაშუქების მცდელობისას.
შესაბამისად, ავღანეთი ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ათი ქვეყნის რიგშია შეყვანილი: მასთან ერთად ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნებიან აგრეთვე ირანი, ყირგიზეთი და ბელარუსი.
დაბოლოს, რაც შეეხება პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების პოზიციებს შორის სხვაობას, ის თავს იჩენს ე.წ.ლ მონოპოლიზაციის პრობლემასთან მიმართებაში. ამ პრობლემას და მისი მოგვარების გზას იტალიის მაგალითზე განმარტავს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი ეიდან უაიტი: ნს050276 "ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, ფაქტობრივად, ქვეყნის მაუწყებლობის 90თ პროცენტზე მეტს, და მისი სარეკლამო ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. ეს სრულიად მიუღებელია. საჭიროა ამ ქვეყანაში კანონების, და, ვფიქრობ, საერთაშორისო წესების შემოღება ძალაუფლების ასეთი კონცენტრაციის აღსაკვეთად".
"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი", მართალია, ასევე სახიფათოდ მიიჩნევს საინფორმაციო საშუალებების ერთ ხელში თავმოყრას, მაგრამ მას გამოსავლად აკრძალვა არ წარმოუდგენია. პრესის თავისუფლების გარანტი, მისი აზრით, არის ჟურნალისტის თავისუფლება, იმუშავოს ნებისმიერ თემაზე, რომლის გაშუქებასაც საჭიროდ მიიჩნევს.

წამყვანი: პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც სამ მაისს აღინიშნება, მარიამ ჭიაურელმა საანგარიშო მოხსენებები მიმოიხილა. ლ.რ.თ.
XS
SM
MD
LG