Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის გეგმა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს, 2 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ზაფხულის დამდეგს შეიკრიბება საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია,

რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოგვარების თაობაზე იმსჯელებს.

პაუელმა ეს განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტში, გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან და ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ.

პაუელმა თქვა, რომ ამ ოთხეულის მიზანია ისრაელისა და პალესტინელების უსაფრთხოების აღდგენა, ახლო აღმოსავლეთში ისეთი სიტაუციის შექმნა, როცა გვერდიგვერდ მშვიდობიან და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში იარსებებს ორი სახელმწიფო – ისრაელი და პალესტინა.

მან თქვა, რომ მომავალ კვირებს ის გაატარებს დისკუსიებში იმ პრინციპების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც იმუშავებს კონფერენცია. კონფერენციის ჩატარების ადგილი, დრო და მონაწილეები ჯერ არ არის დადგენილი.

საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის იედეის შესახებ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მსჯელობდნენ შეერთებული შტატების, ევროპის, არაბული ქვეყნებისა და ისრაელის ოფიციალური პირები. მაგრამ ხუთშაბათს პირველად გახდა ნათელი, რომ კონფერენცია მართლაც ჩატარდება. ოფიციალური პირების თქმით, ეს სამშვიდობო პროცესის განახლების სერიოზულ იმედებს ბადებს.

პაუელმა თქვა, აგრეთვე, რომ პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს , ახლა მიეცა შანსი მოიქცეს როგორც პასუხისმგებელი ლიდერი და აღკვეთოს ძალადობა. არაფატი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა თავის შტაბ-ბინაში, ქალაქ რამალაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არაფატმა ახლად მიღებული თავისუფლება იმის საჩვენებლად უნდა გამოიყენოს, რომ შეუძლია პალესტინელთა ძალადობის აღკვეთა, სახელდობრ, თვითმკვლელური ტერორიზმის შეჩერება.

ბუშმა თქვა, აგრეთვე, რომ ისრაელმა ბოლო უნდა მოუღოს პალესტინელთა მიწების ოკუპაციას, რაც გზას გაუხსნის პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას. ამასთან, დაამატა ამერიკის პრეზიდენტმა, ეს სახელმწიფო არ უნდა ეფუძნებოდეს ტერორსა და კორუფციასო.

არაფატი, შინა პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ დათანხმდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პალესტინელის გაცემაზე, ამერიკისა და ბრიტანეთის მეთვალყურეობით.

გარიგება შეერთებული შტატების შუამავლობით მოხდა, რაც აჩვენებს, რომ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ფართო დარგეულირების მისაღწევად.

გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსის” თანახმად, გასულ კვირაში, როცა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი აბდულა ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში, მხარეები მორიგდნენ, რომ რიადი არაფატს, მოსთვხოვს შეაჩეროს პალეტინელთა ძალადობა, ხოლო ბუში ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონისგან მდინარე იროდანეს დასავლეთი ნაპირიდან ყველა ძალის გაყვანს მოითხოვს.

გასულ თვეში არაბულმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს აბდულას სამშვიდობო ინიციატივას, რომლის თანახმად ისრაელი დაიხევს 1967 წელს არსებულ საზღვრებამდე, მისი აღიარებისა და არაბულ სამყაროსთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების წილ.

მაგრამ არაფატმა ისრაელისა და შეერთებული შტატების გაღიზიანება გამოიწვია, როცა განთავისუფლების შემდეგ ისრაელები უმალვე მოიხსენია “ტერორისტებად, ფაშიტებად და ნაცისტებად”.

თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა ამაზე თქვა, მოვიდა დრო, ორივე მხარემ კოსტრუქციულად ილაპარაკოს და არა ლანძღოს ერთმანეთიო.

ცოტა ხნის წინ ისრაელი გააკრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებების კომისარმა მერი რობინსონმა, იმის გამო, რომ ისრაელმა არ დაუშვა გაეროს კომისია პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში, სადაც პალესტინელთა სიტყვით, ისრაელის ჯარისკაცებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს.

ისრაელი ირწმუნება, რომ რვადღიან გააფთრებულ ბრძოლებში, რომელშიც ისრაელის 23 ჯარისკაციც დაიღუპა, დაახლოებით 50 შეიარაღებული პალესტინელი იქნა მოკლული.

ჰიუმან რაიტს უოჩმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა წამყვანმა ორგანიზაციამ, ჯენინის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ არ ყოფილა ნაპოვნი ხოცვა-ჟლეტის რაიმე ნიშნები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა უდანაშაულო მოქალაქეების მოკლეს.
XS
SM
MD
LG